ავტობიზნესის შემობრუნება ვერაფრით ხერხდება

ავტობიზნესის შემობრუნება ვერაფრით ხერხდება

ავტობიზნესი თანდათან უკან-უკან მიექანება. გამოსავალი ძნელი მოსაძებნია, რადგან ეს არ არის პრობლემა ერთი მიმართულებით. შიდა და გარე ბაზრის შეზღუდვებმა ავტოდილერები გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი თითქმის ორჯერ შემცირდა, ხოლო ბაზრის მოცულობამ 56 მილიონით დაიკლო. ამის ძირითადი მიზეზი შეზღუდვებია, რომელიც აზერბაიჯანმა მანქანების შეყვანაზე გაზაფხულიდან დააწესა.

როგორც ავტოდილერი ნუგზარ რობაქიძე აცხადებს, ბაზრის დაახლოებით 70% ძველი მანქანების რეალიზაციაზე მუშაობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ევრო4-ის სტანდარტი აამოქმედა, მოთხოვნა მინიმუმამდე დაეცა. დილერებს აღარ აქვთ იმის საშუალება, რომ 2006 წლიან მანქანებზე იმუშაონ. „ძველ მანქანებს ქართველები არ ყიდულობენ, თუ ვერ ყიდულობენ არ ვიცი, უფრო ტექნიკური დათვალიერების საკითხის გამო ეშინიათ“, - აცხადებს ავტოდილერი.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ აზერბაჯანში, ძირითადად, გერმანული, განსაკუთრებით „მერსედესის“ მარკის ავტომობილები მოსწონთ. 2005 წლის ზევით გამოშვებულები კი აქ 13-14 ათასი დოლარი ღირს, განბაჟების გადასახადის დამატებით მისი ფასი 24 000 დოლარამდე აღწევს, რაც ძალიან ძვირია.

აზერბაიჯნაში ახალი ეკოლოგიური სტანდარტის, ევრო4-ის ამოქმედებამ, სომხეთის საბაჟო კავშირში შესვლამ, საქართველოში ტექდათვალიერების დაანონსებამ, ადგილობრივ ავტოდილერებს სერიოზული ფინანსური ზარალი მიაყენა. ამას ადასტურებს „საქსტატის“ მონაცემებიც, რომლის მიხედვით, დადგინდა, რომ 2014 წლის 7 თვის მონაცემების მიხედვით, აზერბაიჯნაში 167 მილიონი დოლარის ავტომობილები გაიყვანეს, რაც 2013 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 26,7%-ით ნაკლებია.

საქართველოდან ავტომობილების ექსპორტის 50%-ზე მეტი აზერბაიჯანზე მოდის. რაც შეეხება სომხეთს, მასაც ავტომობილების საექსპორტო ჯგუფში მოწინავე ადგილი უკავია.

ვითარებას უფრო ართულებს, საქართველოში, 2015 წლის მარტიდან ტექდათვალიერების ამოქმედება და ავტოდაზღვევის ვალდებულება. შესაბამისად, ავტოდილერები ამბობენ, რომ ავტომობილებზე მოთხოვნამ იკლო და ექსპორტი 60-70%-ით შემცირდა, სახარბიელო მდგომარეობა არც შიდა ბაზარზეა.

კომპანიების ნაწილი ბიზნესის გადაწყობაზე და მაღალი ძრავის მანქანების, დაბალი ღირებულებისა და ძრავის ავტომობილებით ჩანაცვლებაზე ფიქრობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში „ჯიპებს“, პატარა სედანები და ჰეჩბეკები ნაწილობრივ ჩაანაცვლებს. მაგალითად, ნაკლებად გაიყიდება „ლექსუსის“, „ემელის“ და „ბეემვეს“ დიდი ჯიპები. სანაცლოდ გაიზრდება მოთხოვნა ეკონომიურ იაპონურ მანქანებზე.

ტექნიკურ პარამეტრებთან ერთად, შეზღუდვებია ავტოსესხების გაცემასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანულმა ბანკებმა ასეთი შეზღუდვა უკვე დააწესეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ფაქტით მეზობელ ქვეყანაში ორი კურდღლის დაჭერა სურთ. ადგილობრივ ავტოსალონებს, რომლებიც ძირითადად ახალ და ძვირიან ავტომანქანებს ყიდიან რეალიზაციაში ეხმარებიან, ამასთანავე, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი რუსთავის ავტობაზრობის ხელოვნურ გაკოტრებას ცდილობენ. საუბარია, ერთ-ერთი მსხვილი აზერბაიჯანული კომპანიის მიერ მისი შესყიდვით დაინტერესებაზე.

რუსთავის ავტობაზრობის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ შესაბამისი წინადადებით მათთვის არავის მოუმართავს. „ავტოპაპას“ გენერალური დირექტორი ევგენი უსტინოვის თქმით, ამის შესახებ ის ინფორმაციას არ ფლობს და აზერბაიჯანის მხრიდან დაინტერესება რომ ყოფილიყო მას ეს აუცილებლად ეცოდინებოდა.