ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები ამტკიცებენ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგა, ქართველებს კი ამის შესახებ არაფერი სმენიათ. რატომ არის სააავიაციო საკითხები ორ ქვეყანას შორის ზედმეტად გართულებული, ოფიციალურად არაფერია ცნობილი.
„როსავიაციის“ ინფორმაციით, მოსკოვსა და თბილისს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა. როგორც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პროტოკოლშია აღნიშნული, 15 სექტემბრიდან რიგ ავიაკომპანიებს საშუალება აქვთ შეასრულონ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით რეისები. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ნებართვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტის შესაბამისად გაიცა. რეგულარულ ფრენაზე ნებართვა მიიღეს ავიაკომპანიებმა “აეროფლოტი”, “ვიმ ავია”, “გლობუსი”, “ტრანსაერო”, “ურალის ავიახაზები”, “უტეარი” და S7.
რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა ჯერ 2006, ხოლო შემდეგ 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა. 2010 წელს განახლდა არარეგულარული, ჩარტერული რეისები. ამ ეტაპზე, მოსკოვში არარეგულარულ, ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია „აირზენა“ და „სიბირ“ ახორციელებენ.
გავრცელებულ ინფორმაციას ქართული მხარე არ ადასტურებს. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ჯალაღონია აცხადებს, ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან მოთხოვნა რეგულარული ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით, არ არის. მისი განცხადებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან რეისებთან დაკაშირებით დოკუმენტი უნდა მიიღოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ ავიაკომპანიებს რეგულარული ფრენის დაწყება. ჯალაღონია ამბობს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალური ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით, არ მიუღია.
სამოქალაო ავიაციის სააგენტოს გადაყვანა და გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე გაჩაჩილაძე კი აცხადებს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის რეგულარული საჰაერო რეისები 15 სექტემბრიდან უნდა აღდგენილიყო, თუმცა გარკვეული პროცედურების შეფერხების გამო, ავიამიმოსვლა ოქტომბრის ბოლოდან განხორციელდება.
მისი განმარტებით, შეთანხმება იყო, რომ საჰაერო რეისები უნდა აღდგენილიყო 15 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც მხარეები წარმოადგენდნენ ფრენის განხორციელებაზე უფლებამოსილ კომპანიებს. საქართველო რუსეთის მხრიდან აღნიშნული ინფორმაციის მიღებას ელოდება.
„ჯერჯერობით რეგულარული ფრენა არ განახლებულა. სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოდან აღდგება. შეთანხმება იყო, რომ 15 სექტემბრიდან უნდა აღდგენილიყო, თუმცა ასევე იყო შეთანხმება, რომ მხარეებს ერთმანეთისთვის ოფიციალურად უნდა წარმოედგინათ ერთმანეთისთვის, თუ რომელი კომპანიბები იყვნენ უფლებამოსილი ფრენის განხორციელებაზე. ჩვენ ველოდებით რუსეთის მხრიდან ამ ინფორმაციას და როგორც კი ამას მივიღებთ, უკვე დაიწყება პროცედურები მათ კომპანიებზე ნებართვის გასაცემად“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
რაც შეეხება ავიაკომპანიებს, ისინიც ინფორმაციულ ვაკუუმში არიან. რეგულარულ ფრენასთან დაკავშირებით ინფორმაციას არც ავიაკომპანია „აირზენას“ გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი ფლობს. მისი განცხადებით, რუსეთის მხრიდან მათ ოფიციალური წერილი არ მიუღიათ.