ცვლილებები სოფლის მეურნეობის სუბსიდირებაში

ცვლილებები სოფლის მეურნეობის სუბსიდირებაში

სოფლის მეურნეობაში ამა თუ იმ დარგის სუბსიდირების მექნიზმი სწრაფად იცვლება. ორწლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, გაისად სახელმწიფომ მეღვინეობის სუბსიდირებაზე შეიძლება უარი თქვას. სამაგიეროდ, რიგში დგას ციტრუსი და ვაშლი, სადაც მთავრობის დახმარება აუცილებელიც კია.

უკვე გარკვეულია, რომ სახელმწიფო ღვინის სუბსიდირებაზე უარს ეტაპობრივად ამბობს. სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, მეღვინეობა სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დარგია, ამიტომ სუბსიდირების ნაწილს სახელმწიფო მომავალ წელს გადახედავს.

„სოფლის მეურნეობაში ეს დარგი ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტალურად განვითარებულია. იმედი გვაქვს, მომავალ წელს აღარ დასჭირდება ამ დარგს სუბსიდირება, რადგან საკმაოდ სტაბილურად ვითარდება“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

იგივე პოზიცია აქვს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ლევან დავითაშვილს. მისი თქმით, სუბსიდირება კონკრეტულ დარგში მაშინ ხორციელდება, როდესაც პროდუქტზე მოთხოვნა და ფასები დაბალია, დარგი კი სტრატეგიულია და მისი განვითარება სახელმწიფოს ინტერესებშია. მეღვინეობის მიმართულებით კი, ბოლო წლებში ვითარება კარდინალურად შეიცვალა უკეთესობისკენ. ყურძნის ფასი საოცრად გაიზარდა, წარმოების ტემპი მაღალია, გლეხიც კმაყოფილია და მეღვინეც. შესაბამისად, სახელმწიფომ აქ თავისი მისია შეასრულა, ახლა კი ყველაფერი საბაზრო რეგულაციაზეა.

დავითაშვილი, კონკრეტულ თარიღს, თუ როდის შეწყდება სუბსიდირება სრულად, არ მიუთითებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე დააკვირდებიან გაყიდვებისა და მოთხოვნის სტატისტიკას და ამის მიხედვით მოხდება გადაწყვეტილების მიღება. სხვათა შორის, ყურძენზე მაღალი ფასის გამო, სუბსიდირების მიმართულებით ცვლილებები წელსაც იგეგმებოდა, მაგრამ რუსეთ-უკრაინის კრიზისმა ქართველი მოხელეები დააფრთხო. ამიტომაც ბოლო მომენტში მთავრობამ გადაწყვიტა, რომ რთველის ბედი რისკზე არ შეეგდო.

საერთოდ, ახალი ხელისუფლება სუბსიდირების მეთოდს განსხვავებულად იყენებს და არცთუ ურიგოდ. რაც მთავარია, მაღალმოსავლიანი და პრობლემური სექტორები ყურადღების მიღმა არ რჩება. ასე იყო შარშან ციტრუსის შემთხვევაში და ასე იქნება ამჯერად ვაშლის მოსავლის მხრივ.

მთავრობამ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროექტი უკვე დაამტკიცა და აამოქმედა. დაწყებულია არასტანდარტული ტიპის ვაშლის სუბსიდირება სახელმწიფოს მიერ, რომლის ფასი 10 თეთრით განისაზღვრება.

„მიდგომა არის ზუსტად იგივე, როგორიც რთველის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ ჩამბარებელი არასტანდარტულ ვაშლს ჩაიბარებს და გადაიხდის 10 თეთრს, მიიღებს 8-თეთრიან სუბსიდირებას სახელმწიფოსგან. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის იმ სურათს, რომელიც წლების განმავლობაში იყო. ეს არის უპრეცედენტო, ჯერ ასეთი რამ არ მომხდარა არასდროს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს.

რამდენადაც ციტრუსის გასაღების მთავარი ბაზარი - უკრაინა უზარმაზარი პრობლემების წინაშე დგას, მთავრობა ციტრუსის სუბსიდირების საკითხზეც ფიქრობს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ. მიუხედავად იმისა, რომ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით ნარიჯოვანი მოსავლის ოდენობა შემცირებულია, უკრაინის მოვლენები პროდუქტის ჯეროვან რეალიზაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ასე რომ, გამორიცხული არ არის, სუბსიდირების მექანიზმი ციტრუსის მიმართულებითაც ამოქმედდეს.