დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფონანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზე დეპუტატებმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და სს. "ლიბერთი’’ ბანკს შორის დადებულ ხელშეკრულების თაობაზე იმსჯელეს.
სხდომას მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის და შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსები ლევან თევზაია და ბადრი გიორგიძე ესწრებოდნენ, რომლებმაც საკითხთან დაკავშირები დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს და დეპუტატების კითხვებს უპასუხეს.
ლევან თევზაიას ინფორმაციით, თბილისის წინა მთავრობის დროს „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების შედეგად, დედაქალაქს წელიწადსა და 4 თვის განმავლობაში 10 მილიონ ლარზე მეტი დააკლდა.
2010 წლის 26 აპრილით დათარიღებულ დოკუმეტში აღნიშნულია, რომ ბანკი მერიის ანგარიშებზე არსებულ მიმდინარე ნაშთებს სარგებელს არიცხავდა წლიური 16,05%-ის ოდენობით ლარში არსებულ თანხებზე, 11%-ს - აშშ დოლარში არსებულ თანხებზე და 8%-ს ევროში არსებულ თანხებზე. ასე გრძელდებოდა სამი წლის განმავლობაში.
ბადრი გიორგიძის განმარტებით, 2013 წლის 17 აპრილს თბილისის მერიასა და ბანკს შორის ახალი შეთანხმება გაფორმდა - გარიგებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რომლის მიხედვითაც, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა შემცირდა და განისაზღვრა შემდეგნაირად: „მინიმალური ზღვარის“ 40 მილიონი ლარის ქვემოთ არსებულ თანხას ამჟამად ერიცხება 16,05% ლარში არსებულ ნაშთებზე, ხოლო 40 მილიონ ლარზე ზემოთ არსებულ ნაშთს 4 პროცენტი, აშშ დოლარში არსებულ თანხებს ერიცხება 2 პროცენტი, ხოლო ევროში არსებულ თანხებს, ასევე, 2 პროცენტი.
მისივე თქმით, მთავარი შენიშვნა არის ის, რომ ლიბერთი ბანკის მხრიდან მომსახურეობის პირობების გაუარესებისას არ მოხდა ალტერნატიული წინადადებების განხილვა და კონკურსისი წესით შესაძლო უკეთესი პარტნიორის შერჩევა.
ამასთან დაკავშირებით საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, რომ 2013 წელს, როცა „ლიბერთი ბანკთან“ ხელშეკრულების განახლების აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში, მნიშვნელოვნად იყო დაკლებული პროცენტები სესხებზე, რომელსაც ბანკები გასცემდნენ, შესაბამისად, დაწეული იყო პროცენტები დეპოზიტებზე, რომელიც ბანკში იყო. ამიტომ, „ლიბერთი ბანკმა“, რომელსაც ხელშეკრულების ვადა ეწურებოდა, უარი განაცხადა იგივე განაკვეთით ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ხოლო, საქართველოში მოქმედი სხვა კომერციული ბანკების მხრიდანთბილისის მერიას მაქსიმალური შეთავაზება 8% ჰქონდა. შესაბამისად, ყველაზე კარგი პირობა კვლავ „ლიბერთი ბანკის“ იყო.
ირაკლი აბსაძეს მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანემა უპასუხა და აღნიშნა, რომ თუ პროცენტის კლება ბაზრის კონკურენციით იყო გამოწვეული, რასაც ის არ ეთანხმება, მაშინ აუცილებელი იყო იგივე საკონკურსო პირობებით ახალი ალტერნატივის მოძიება.
მისივე ინფორმაციით, არსებული დოკუმენტაციის თანახმად, მერია სხვა ბანკებთან მიმოწერას მხოლოდ ერთჯერადი მომსახურეობისთვის, ანუ 40 მილიონს ზევით თავისუფალი თანხის 3 თვიან ვადიან ანაბარზე განთავსების თაობაზე აწარმოებდა.
კომისიის სხდომა მისმა თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ შეაჯამა და აღნიშნა, რომ დეპუტატებს ამ სხდომაზე მერიასა და ლიბერთი ბანკს შირის დადებული ხელშეკრულების ასლები დაურიგდათ, ანუ მოხდა დოკუმენტის გასაჯაროება.
მანვე მსგავსი მსჯელობების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ასეთი ტიპის განხილვების პრეცედენტი წინა მთავრობის დროს არ ყოფილა.