თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეგიდით, 12 სექტემბერს (ილიას მკვლელობის დღეს), მოეწყობა სახალხო, საყოველთაო მსვლელობა „...დღე როცა ვერ მოკლეს ილია“.
პროექტის მიზანი ილია ჭავჭავაძის ღვაწლის დაფასება და საზოგადოებაში მისი ღირებულებების უკვდავყოფაა.
სახალხო მსვლელობა 14:00 საათზე თბილისში, მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და მთაწმინდის პანთეონში დასრულდება.
ღონისძიება 12:00 საათზე საგურამოში , ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიხსნება. 13:00 საათზე დაგეგმილია წიწამურში მდებარე ილიას მემორიალის გვირგვინით შემკობა. ცერემონიას უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ილია II დაესწრება.
14:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმში გაიმართება მინი თეატრალური კომპოზიცია, საიდანაც მსვლელობა გაემართება სიონის ეკლესიასთან, რომელშიც აღევლინება ილიას სულის მოსახსენიებელი სარიტუალო პარაკლისი.
სიონის ეკლესიიდან პროცესია ფეხით გაემართება მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონისაკენ და გაივლის იმ გზას, რა გზითაც ილიას ცხედარი ააბრძანეს მთაწმინდაზე.
მსვლელობა დასრულდება მთაწმინდის პანთეონში ილიას საფლავთან, სადაც ახალგაზრდა ხელოვანები წარმოადგენენ მხატვრულ-კომპოზიციას ო. ჭილაძის „რკინის თეატრიდან“. მგალობელთა გუნდი შეასრულებს საფინალო სიმღერას.
როგორც განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი აღნიშნავს, კომისია მხარს უჭერს ინიციატივებს, რომელიც ძალმომრეობისა და ცინიზმის პროპაგანდას კაცთმოყვარეობის ორიენტირით ჩაანაცვლებს.
"სწორედ ასეთია საჯარო მსვლელობა „დღე როცა ვერ მოკლეს ილია“. ეს ღონისძიება საზოგადოებაში ილიასეული ღირებულებების – ჰუმანიზმისა და სამართლიანობის – განმტკიცებას ისახავს მიზნად და კაცთმოყვარეობის , სიყვარულის , თანადგომის და თანალმობის ორიენტირებზე გადასვლისკენ მოგვიწოდებს “,- აცხადებს თამარ ტალიაშვილი.
აღნიშნული პროექტის ავტორი ახალგაზრდული შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის” წარმომადგენელი გიორგი სავანელია.
პარტნიორ ორგანიზაციებს კი საქართველოს საპატრიარქო, ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმები, და მთაწმინდის პანთეონი წარმოადგენენ.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, დედაქალაქის საკრებულო და მერია მსგავს პოზიციურ ორიენტირებზე დაფუძნებულ ინიციატივებს ყოველთვის დაუჭერენ მხარს.