წლის ბოლოს თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შეემატება

წლის ბოლოს თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შეემატება

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს ‘’ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველოს” ფრაქციის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ კიევის ქუჩაზე 2007 წელს ოპტიმიზაციის შედეგად დახურული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მოინახულეს და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს მისი პირვანდელი ფუნქციის აღდგენა დაავალეს.

როგორც საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნულ შენობაში წლების მანძილზე "ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ორგანიზაცია იყო განთავსებული, თუმცა დედაქალაქის საკრებულოსა და მერიის ძალისხმევით, შენობა კვლავ ბავშვებს დაუბრუნდებათ.

რიმა ბერაძის თქმით, "ქართული ოცნება” ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს და ჩუღურეთის რაიონში კიდევ ორ საბავშვო ბაღს დაუბრუნებს ფუნქციონირებას.

წინასწარი გათვლებით აღნიშნული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 150 ბავშვის მიღება იქნება შესაძლებელი, შესაბამისად მოხდება პედაგოგების დასაქმებაც.

თბილისის მერმა "ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ რამდენიმე წლის წინ ბაგა-ბაღების გაუქმებას სამარცხვინო ქმედება უწოდა და მოსახლეობას შენობების უკლებლივ დაბრუნებას დაჰპირდა.

დავით ნარმანიამ ბაღებში ადგილების სიმცირის გამო მშობლების მხრიდან გამოწვეულ უკმაყოფილებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ბაგა-ბაღებში შეძლებისდაგავარად ხდება ჯგუფების დამატება, რაც გაზაფხულისთვის 10 ათასამდე ბავშვის მიღებას შეუწყობს ხელს.

დედაქალაქის მერის თქმით, საბავშვო ბაღების მშენებლობების პარალელურად მოხდება ძველი შენობებისა და შიდა ეზოების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას განცხადებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებული პრობლემების მიუხედავად დედაქალაქში მდებარე ყველა საბავშვო ბაღი 8 სექტემბრიდან დაიწყებს მუშაობას. წლის ბოლოდან კი პატარებს კიდევ უფრო გაუმჯობესებული სერვისი და უსაფრთხო გარემო ელით.