ჯაბა სამუშია თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ითხოვს

ჯაბა სამუშია თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ითხოვს

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია თბილისის ბიუჯეტში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თბილისის გამგეობები და საქალაქო სამსახურები თავისუფალი დასახარჯი თანხის გარეშე არიან დარჩენილები. სამუშიას განმარტებით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და სოციალური პროგრამების კუთხით.

„თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. ძალიან დიდი პრობლემებია ბიუჯეტის შემოსავლით ნაწილშიც. თბილისის წინა მთავრობის მიერ ბიუჯეტი 785 მილიონი ლარით  განისაზღვრა. აქედან 40 მილიონი ლარი ადგილობრივ ბიუჯეტში საწარმოთა ქონების გადასახადიდან იყო გათვალისწინებული. თუმცა ამას არ ითვალისწინებდა არსებული საკანონმდებლო ბაზა.

აღნიშნული ლაფსუსი არჩევნებამდე თბილისის ძველი მთავრობის წევრებმაც აღიარეს და შესაბამისი ცვლილებების განხორციელების საკითხიც დააყენეს, თუმცა  იმ მომენტში ეს ვერ მოხერხდა.

რეალურად, დღეისთვის ეს თანხა თბილისის ბიუჯეტს  მძიმე თვირთად აწევს. საჭიროა ბიუჯეტის მთლიანი ცვლილებებ, როგორც რაიონების ასვე მერიის სამსახურების ჩათვლით“ - განაცხადა სამუშიამ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით,  ბიუჯეტის ამ ფორმით დატოვება ნიშნავს იმას, რომ  თბილისის რაიონების პარალიზება  ყველაზე მნიშვნელოვან  სეგმენტში მოხდება.  ჯაბა სამუშია მიმართავს მერიას გაითვალისწინოს მისი კომისიის მიერ მომზადებული ანალიზი და მოამზადოს ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პაკეტი.