თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის ანგარიში მოისმინეს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებულ მწვავე მდგომარეობაზე იმსჯელეს.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის განმარტებით, სკოლამდელი აღზრდა-განათლების პრობლემების გადაწყვეტა უმოკლეს ვადაში უნდა განხორციელდეს, ამისათვის კი, კომპლექსური მიდგომის მექანიზმები ამოქმედდება.
მისივე თქმით, აუცილებელია შეიქმნას განათლებისა და კულტურის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც გამოავლენს ძირითად ორიენტირებს, განსაზღვრავს პროექტების შეფასების კრიტერიუმებს და შეიმუშავებს დასახული ამოცანების ეფექტური გადაჭრის გზებს.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ამ მიზნით კომისიასთან შეიქმნება სათათბირო, რომელშიც განათლებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები და ექსპერტები შევლენ. საზოგადოებრივი ჩართულობისა და მონიტორინგის გაძლიერების მიზნით კომისიასთან ასევე იარსებებს არსამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციათა თემატური ფორუმი.
საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის” წევრები სხდომაზე ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადასვლის ინიციატივით გამოვიდნენ.
ირაკლი აბესაძის თქმით, მუნიციპალური ბიუჯეტით შესაძლებელია ერთი ან ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა, თუმცა ამით აღნიშნული პრობლემა ვერ მოგვარდება.
როგორც საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენელმა განაცხადა, მნიშვნელოვანია მოხდეს კერძო ბაღების სისტემის წახალისება, ისე რომ ეს არ აისახოს ოჯახის ბიუჯეტზე.
"ვაუჩერული დაფინანსება დედაქალაქს ბევრად იაფი დაუჯდება, ვიდრე მუნიციპალური ბაღების მშენებლობა და რაც მთავარია კერძო ბაღების განვითარების პარალელურად გაჩნდება სამუშაო ადგილები“,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
როგორც ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა განმარტა, ვაუჩერიზაციასთან დაკავშირებით 2014 წლის 8 ივლისს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება , რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება. თუმცა, როგორც თემურ თორდინავამ აღნიშნა, ამ მოცემულობით არანაირი ღონისძიებები არ გატარებულა და მის განსახორციელებლად ამ ეტაპზე არც ტექნიკური და არც სამართლებრივი საშუალება არ არსებობს.
ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია შეხვედრები, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე კერძო ბაღების წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც მოხდება გადაწყვეტილების მიღება.
თემურ თოლორდავას თქმით, მიმდინარე წელს დაგეგმილია ორი ან სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა, მომავალ წელს კი მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
"ვოლდ ვიჟენ საქართველოს’’ წარმოამდგენლის ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაცია ქვეყნის სამ რეგიონში, დედაქალაქში კი გლდანის რაიონში მუშაობს. ცირა ბარქაიას განმარტებით, დღესდღეობით განათლების სამინისტრო კურიკულუმზე მუშაობს, რომლის თანახმად, შესაძლოა 5 წლის ბავშვებისათვის საბავშვო ბაღში სიარული სავალდებულო გახდეს. ეს კი ბაღების რაოდენობის ზრდას და მათი ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით კეთილმოწყობასაც გულისხმობს.
მისივე თქმით, საჭიროა გარკვეული სტრატეგიის შემუშევება და მხოლოდ ამის შემდეგ ბაღების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა.
"პროცესში, რაც რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, საკრებულოს წევრების და სხვა კომპეტენტური ადამიანები უნდა იყვნენ ჩართულები’’,-განაცხადა ცირა ბარქაიამ.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა სხვა საკითხებზეც იმსჯელს.
განათლებისა და კულტურის კომისიამ განიხილა პროექტი: სახალხო მსვლელობა-მარათონი „...დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ (დაგეგმილი 12 სექტემბრისათვის), რომლის მიზანიცაა ილია ჭავჭავაძის ღვაწლის დაფასება და საზოგადოებაში მისი ღირებულებების უკვდავყოფა.