საკრებულომ არქიტექტურის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს უფროსების მოვალეობის შემსრულებლები დაამტკიცა

საკრებულომ არქიტექტურის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს უფროსების მოვალეობის შემსრულებლები დაამტკიცა

თბილისის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ორი სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი დაამტკიცეს.

დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობას ნინო ღოღობერიძე, ხოლო დედაქალაქის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობას გიორგი გაგოშიძე შეასრულებს. აღნიშნულ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირეს საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

სევდია უგრეხელიძის განცხადებით, დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის წარდგენა კანონმდებლობის დარღვევით მოხდა, რადგან მათი მტკიცებით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, სამსახურის უფროსი კონკურსის წესით უნდა დაინიშნოს.

რაც შეეხება გიორგი გაგოშიძეს, მას სევდია უგრეხელიძე დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დავით ნარმანიას გუნდს უნდობლობას უცხადებს, მიზეზად კი საარჩევნო პროგრამის შეუსრულებლობას ასახელებს.

როგორც საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ განმარტა,  ნინო ღოღობერიძე საკრებულოს რეკომენდაციით დაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად და არა პირდაპირი წესით, ამიტომ  კანონის არანაირ დარღვევას არ აქვს ადგილი. მერიის სამსახურების  ხელმძღვანელების მოვალეობის შემსრულებლების დამტკიცებამდე საკრებულომ ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი უფროსის თანამდებობიდან დავით ჭედიას გადაყენების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელა.

როგორც ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის  თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ განმარტა, დავით ჭედიას  საქმე  სასამართლოში იხილება და საკრებულომ მხოლოდ მის მიმართ გამოტანილ განჩინებასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება.