„თუ ასეთი დამოკიდებულება გაგრძელდება, ლოგიკურად მთავრობა მივა იქამდე, რომ მოხდება საგარეო უწყების ხელმძღვანელების შეცვლა. მინისტრი მხოლოდ მთავრობას არ აზარალებს ისე, როგორც მინისტრი აზარალებს თავის თავს. არ შეიძლება ასე გაგარძელდეს, ილახება ქვეყნის იმიჯი, ქვეყნის იმიჯის შელახვაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. შესაბამისად, ამის პრევენცია უნდა მოხდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, დიპლომატი ლევან ბოძაშვილი.
რატომ არის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაინტერესებული ხელი შეუშალოს პრეზიდენტს საგარეო ვიზიტებში და გააგზავნა თუ არა სამინისტრომ „ცირკულარული ნოტით“ შეეტყობინება ყველა დილპომატიურ წარმომადგენლობაში, რომ ქვეყანას ჰყავს ახალი პრეზიდენტი, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ლევან ბოძაშვილს ესაუბრა.
ბატონო ლევან, სავარაუდოდ როდის დაასრულებს საკონსტიტუციო კომისია მუშაობას და რა ვადებში დადებს კომისია გამართულ კონსტიტუციას, რომელიც დაასრულებს დავას პრეზიდენტსა და მთავრობას შორის?
- ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და რატომ არის საპარლამენტო რესპუბლიკა, მოგახსენებთ. პრეზიდენტი არჩეულია პირდაპირი წესით, ის ვერ მონაწილეობს მთავრობის ფორმირებაში. აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას ახდენს მთლიანად პარლამენტი.
გასაგებია, მაგრამ დავა რაზეც დაიწყო ეს არის საგარეო მიმართულება, კონსტიტუციამ საგარეო ურთიერთობებში რაღაცა ფუნქციები მიანიჭა პრეზიდენტს, ისევე როგორც პრემიერს...
- გეთანხმებით. პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, ხოლო მთავრობა წარმოადგენს მისი კომპეტენციის ფარგლებში. მოდელს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თქმა იმისა, რომ საპარლამენტო მოდელია და ა.შ. ეს იყო პოლიტიკური საფუძველი რითიც გაამართლეს ის, რაც დღეს ხდება. რეალურად ასე არაა. კონსტიტუციაში ცალსახად წერია ყველაფერი. რაც შეეხება კითხვას, როდის დაასრულებს საკონსტიტუციო კომისია მუშაობას, ამის თქმა წარმოუდგენელია. მაგრამ ყველა იდეა განხილვის და შეკრების სტადიაშია. ვთვლი, რომ არ უნდა იჩქაროს საკოსტიტუციო კომისიამ. ნაჩქარევად მიღებულმა 2010 წლის ცვლილებებმა ვნახეთ სადამდე მიგვიყვანა.
რაც შეეხება წერილს, როდესაც არჩევნებიდან 4 თვის შემდეგ გაეროს გენერალური მდივნის მოწვევა მოდის ყოფილი პრეზიდენტის სახელზე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვერ იმუშავა, თუ არ იმუშავა ისე, როგორც ამას დიპლომატიის შესახებ კანონი ითვალისწინებს?
- ფაქტია, რომ სამინისტრომ ვერ იმუშავა თავიდან. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მინისტრი თვითონ ამბობს, რომ წერილი მოვიდა წინა პრეზიდენტის სახელზე. ეს მაშინ, როდესაც გიორგი მარგველაშვილმა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა 29 ნოემბერს ვილნიუსის სამიტში მიიღო მონაწილეობა, ამ დროს თებერვალშიც კი გაეროს გენერალური მდივნის ოფისმა არ იცოდა რომ საქართველოში შეიცვალა პრეზიდენტი.
ვფიქრობ, რომ მართლა გამოიგზავნა მოწვევა წინა პრეზიდენტის სახელზე. მერე ჩვენმა წარმომადგენლობამ იმუშავა გაეროს გენერალური მდივნის პროტოკოლთან და შეაცვლევინა სახელი. ეს არის ძალიან დიდი სამსახურეობრივი დაუდევრობა. საქმე გავქვს ან შეგნებულ დაუდევრობასთან, ან არაკვალიფიციურ მიდგომასთან. მინდა, რომ მეორე ვიფიქრო, რადგან იმ შემთხვევაში, თუ შეგნებულ დაუდევრობასთან გვაქვს საქმე, მაშინ გამოდის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო შეგნებულად ახორცილებდა პრეზიდენტის ინსტიტუტის საბოტაჟს.
უბრალოდ საჭიროდ არ ჩათვალეს ყველასთვის შეეტყობინებინათ, რომ ახალი პრეზიდენტია ქვეყანაში არჩეული. დიპლომატიაში ჩვეულებრივი დადგენილი ნორმაა, რომ ამის შესახებ „ცირკულარული ნოტით“ უნდა შეეტყობინოს ყველა დილპომატიურ წარმომადგენლობას, რომ ქვეყანას ჰყავს ახალი პრეზიდენტი. წარმოუდგენელი რაღაცაა, როდესაც გაეროს გენერალურმა მდივანმა არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ გამოაგზავნა მოწვევა წინა პრეზიდენტის სახელზე. აქ ცალსახაა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიღაცამ არ იმუშავა, ან ვერ იმუშავა.
ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს ხდება, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო? ფაქტია, რომ დაპირისპირება საერთშორისო ორგანიზაციების მსჯელობის საგანი გახდა. არაფერს ვამბობ პრემიერ-მინისტრზე, რომლის სახელზე არაა ეს მოწვევა მოსული...
- პრემიერ-მინისტრი ამ საკითხთან არაფერ შუაში არაა და ეს ცალსახად უნდა გამოვყოთ. საერთაშორისო იურიდიულ წრეებში ასეთი ფორმით თემის გასკანდალება არავის არ გაუკვირდება, რადგან 2010 წლის ცვლილებებზე ვენეციის კომისია თავის დასკვნაში ამბობდა, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევდა კრიზისს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობის ორგანოებს შორის და მართლაც ასეა. რამდენად ლახავას ეს ქვეყნის იმიჯს, ეს არაა იმდენად პრობლემური საკითხი. ამაზე უფრო მნიშვნელოვანია შიდა ინსტიტუციური გამართულობა - ასოცირების შეთანხმება პირდაპირ ითვალისწინებს სტაბილური ინსტიტუტების ჩამოყალიბებას.
სტაბილური ინსტიტუტი ნიშნავს იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებულია პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ასევე, პრეზიდენტის ინსტიტუტი ვალდებულია გაითვალისწინოს ახალი კონსტიტუციის ჩანაწერი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არის მთავრობის ნაწილი, რომელიც ახორციელებს საგარეო პოლიტიკას და ის ვალდებულია მინისტრი დაასწროს ყველა იმ შეხვერდას, რომელიც მინისტრის უშუალო კოლეგებთან იმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ, რომ მინისტრს არ მიეცა პრეზიდენტთან ერთად შეხვედრებში მონაწილების საშუალება...
- ინსტიტუციურადაც გაუმართლებელია და კონსტიტუციურადაც პრეზიდენტს არ აქვს იმის უფლება, რომ მინისტრს აუკრძალოს დასწრება რომელიღაც შეხვედრაზე. ამავე დროს მინისტრი ვალდებულია პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტს, რომელიც პირდაპირ არის არჩეული. არ ვთვლი, რომ ეს ვითარება მოდის პრემიერისგან და ეკონომიკური გუნდისგან, ეს უფრო მოდის საგარეო მიმართულების სამინისტროებიდან.
რატომ არის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაინტერესებული, რომ ხელი შეუშალოს პრეზიდენტს საგარეო ვიზიტებში. ამაზე საუბრობდა პრეზიდენტის ყოფილი მრჩევალი, ამაზე ისაუბრა პრეზიდენტმაც. რას ამტკიცეს სამინისტრო თავისი მოქმედებით?
- დათვურ სამსახურს ივანიშვილის მიმართ, რომელსაც უარყოფითი შედეგები აქვს. ის შეფასება, რომ მთავრობის კონკურენტია პრეზიდენტი, პირიქით არის. გამოდის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო თავიდანვე აღიქვამდა პრეზიდენტს კონკურენტად, რადგან პრეზიდენტი არის საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენელი. კონსტიტუციით პრეზიდენტი იმდენად შეზღუდულია, რომც მოინდომოს ამ გუნდის კონკურენტი ვერ იქნება.
პრეზიდენტის ნებისმიერ საერთაშორისო მოლაპარაკებას, წინასწარ სჭირდება მთავრობის თანხმობა. მაგრამ, როგორ აღიქვამენ მას საგარეო მიმართულების მინისტრები, ეს უკვე სხვა საკითხია. დღეს აღმოჩნდა, რომ მართლაც ასეა. სამი თვის განმავლობაში პრეზიდენტს არ გადასცე მის სახელზე მოსული წერილი, აქ უკვე ყველაფრი ნათელია.
როგორც ყოფილი დიპლომატი შემიძლია გითხრათ, რომ თუ ასეთი დამოკიდებულება გაგრძელდება, ლოგიკურად მთავრობა მივა იქამდე, რომ მოხდება საგარეო უწყების ხელმძღვანელების შეცვლა. მინისტრი მხოლოდ მთავრობას არ აზარალებს, ის აზარალებს თავის თავს. არ შეიძლება ასე გაგარძელდეს, ილახება ქვეყნის იმიჯი, ქვეყნის იმიჯის შელახვაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. შესაბამისად, ამის პრევენცია უნდა მოხდეს.