საბიუჯეტო ფრონტი მერიაში

საბიუჯეტო ფრონტი მერიაში

თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით დაპირისპირება ისევ გრძელდება. დედაქალაქის ხელისუფლება და ოპოზიცია ურთიერთბრალდებებზე არიან გადასულნი. თბილისის მერი დავით ნარმანია დაუფარავად აცხადებს, რომ იძულებულნი არიან, ქამრები შემოიჭირონ, რადგან „ბიუჯეტი, რომელიც დაგვახვედრეს, ყველაზე ცუდი ბიუჯეტია, რომელიც მინახავს“. მისი თქმით, თბილისის ყოფილი მთავრობის მიერ ბიუჯეტი განიავებული იყო ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში.

„მათ დაგვახვედრეს ბოლომდე გახარჯული ბიუჯეტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ნაწილში. ჩვენ იძულებულები ვართ, რომ ქამრები შემოვიჭიროთ, ადმინისტრაციული რესურსები დავზოგეთ, ტენდერებში არსებული ეკონომია გამოვიყენეთ სხვადასხვა აუცილებელი პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც წლის ბოლომდე მნიშვნელოვანია დასრულდეს. წლის ბოლომდე გვჭირდებოდა ფინანსური სახსრები ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამები, ამიტომაც სხვა მუხლებში არსებული თანხები აქეთ გადმოვიტანეთ.

მათ არ ჰქონდათ გათვალისწინებული თანხა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. წყალკანალიზაციის და დიღომში ოლიმპიური ტერიტორიის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გავწერეთ. ამ ყველაფრის გამო, გვიწევს გარედან რესურსების მოზიდვა, რათა მოვასწროთ ოლიმპიადის ჩატარება“, - განაცხადა ნარმანიამ.

ამ ფონზე „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ დიდ გულზეა და დარწმუნებულია, რომ ნარმანია და მისი გუნდი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულებას ვერ შეძლებენ.

„12 575 400 ლარით სეკვესტრირებულია ბიუჯეტი; ამის მიუხედავად მის შესასრულებლად კომერციული ბანკიდან აღებული 30 მლნ ლარის ძვირი სესხი (ნაცვლად ცენტრალური მთავრობისთვის თბილისის კუთვნილი თანხების მოთხოვნისა); სახელმწიფოსათვის მუხიანის დასახლებაში მდებარე საწარმოო გაერთიანება „ორიონის“ ტერიტორიაზე 176 279 კვ/მ მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემა, შემდგომში მისი შპს „ა.ს. ჯგუფი 1990“-სა და მისი დამფუძნებლის ავთანდილ საყვარელიძისათვის ფაქტობრივად უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით; მხოლოდ ვიცე-პრემიერის კახა კალაძის ცოლის ძმის, გიორგი არეშიძისათვის თანამდებობის შესაქმნელად ახალი სპორტის საქალაქო სამსახურის შექმნა, რაც ადმინისტრაციული ხარჯების ზრდას იწვევს - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ნათელი მაგალითებისა, რომლებიც ადასტურებს, რომ დავით ნარმანია და მისი მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებაზეა უსაზღვროდ დამოკიდებული. მათი დავალებების შემსრულებელი თანამდებობის პირები არიან, რომლებიც ვერც მომავალში შეძლებენ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულებას. აღნიშნული კი ქალაქში იწვევს ბევრი პრობლემის შექმნას“, - აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში.

დედაქალაქის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ ოპოზიციის ბრალდებას მალევე უპასუხა. მან ყურადღება „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო დაპირებებზეც გაამახვილა ყურადღღება და მოსახლეობას ყველა პროექტის შესრულებას დაპირდა. როგორც სამუშიამ აღნიშნა, ნაცმოძრაობამ მერიას მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც გრძელდება სხვადასხვა პროექტების განხორციელება.

„ჩვენ დიდი სიამოვნებით დავუჭერდით ოთხივე შეთავაზებას მხარს და მნიშვნელოვნად გავზრდიდით თანხებს, რომ არ ყოფილიყო უაზროდ გახარჯული თანხები ისეთ მუხლებში, რომლებიც თბილისელებს საერთოდ არ სჭირდებოდა. 10 მილიონზე მეტია დახარჯული ავარიული სახლების სადარბაზოებზე. ეს თანხა რომ იყოს თბილისის ბიუჯეტში, მერწმუნეთ, ყველა სოციალური კუთხით მიმართული პროექტი ამუშავდებოდა.

სამწუხაროდ, ჩვენ მემკვიდრეობად დაგვხდა გაძვალტყავებული ბიუჯეტი და დღეს იძულებულნი ვართ, რაიონის გამგეობებს დავუმატოთ 5 მილიონ 600 ათასი ლარი, იმისათვის, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუხლით სამუშაოები არ შეჩერდეს. 8 მილიონი ლარი დავუმატოთ სოციალურ დახმარებებს, რათა პროექტი არ გაჩერდეს“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ და დასძინა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფული წინასაარჩევნოდ გამოიყენა.

ამასობაში, მთავრობამ თბილისის მუნიციპალიტეტს სესხის აღების „ვიზა“ მისცა. როგორც მთავრობის N1525 განკარგულებაშია აღნიშნული, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საფუძველზე, მთავრობამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, კომერციული ბანკიდან არაუმეტეს 30 024,6 ათასი ლარის ოდენობის სესხის უფლება მისცა.

„შესაბამისი სასესხო ხელშეკრულების გაფორმებამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა კომერციული ბანკიდან ასაღები სესხის პირობები (მათ შორის, სესხის ვადიანობა და საპროცენტო განაკვეთი) აცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს“, - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

თბილისის მუნიციპალიტეტი კომერციული ბანკიდან თანხას ეტაპობრივად (ტრანშებად) მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქალაქ თბილისის ბიუჯეტის ანგარიშებზე განთავსებული თანხა იქნება სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები და თითოეული ტრანშის გამოთხოვა უნდა  შეათანხმოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან.