სამსახურეობრივი დაუდევრობა თუ შეგნებული საბოტაჟი

სამსახურეობრივი დაუდევრობა თუ შეგნებული საბოტაჟი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საგარეო საქმეთა სამინისტრო, ახლა იმაზე დავობენ, ვის სახელზე იყო გაეროს გენერალური მდივნის მოწვევა მიღებული.მაია ფანჯიკიძე ამტკიცებს, რომ მიმდინარე წლის 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა კლიმატის სამიტზე მიხეილ სააკაშვილის სახელზე იყო გამოგზავნილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული დოკუმენტით კი, ირკვევა, რომ მოწვევა გიორგი მარგველაშვილის სახელზეა მიღებული.

საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა კლიმატის სამიტზე, საქართველოს მისიამ მიიღო 14 მარტს და ეს მოწვევა იყო მიხეილ სააკაშვილის სახელზე.

„ესეც აჩვენებს იმას, რამდენად ფორმალურია ეს მოწვევა. როდესაც მისიამ გაუგზავნა ინფორმაცია გაეროს იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახლა უკვე იყო გიორგი მარგველაშვილი, ამას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდა და 30 მაისს მიიღო საგარეო უწყებამ ახალი მოწვევა უკვე მარგველაშვილის სახელზე, რომელიც მას გადაეგზავნა 5 ივნისს, ანუ სულ რამდენიმე დღეში. ამ პერიოდში იყო შაბათ-კვირა და ამ მოწვევის გადაგზავნა არ შეფერხებულა“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ფანჯიკიძის განცხადება, რომ 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა სააკაშვილის სახელზე მოვიდა, არ დასტურდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული დოკუმენტით, სადაც გარკვევით არის აღნიშნული, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა მოწვევა გიორგი მარგველაშვილის სახელზე გამოაგზავნა.

გიორგი მარგველაშვილის სახელზე გაერო-ს გენერალური მდივნის, პან კი მუნის ოფიციალური მიწვევა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 25 თებერვალს შევიდა, თუმცა მაია ფანჯიკიძის უწყებამ ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას რამდენიმე თვის დაგვიანებით, 11 ივნისს აცნობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილის სახით საგარეო უწყებას სამიტში მონაწილეობის თაობაზე თანხმობა 7 ივლისს დაუდასტურა, რასაც სამინისტროდან 8 ივლისს საპასუხო წერილი მოჰყვა იმის თაობაზე, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაემგზავრებოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამ წერილის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო უწყებას შორის მიმოწერა კიდევ რამდეჯერმე განხორციელდა, სადაც, ერთი მხრივ, ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაცია ირწმუნებოდა, რომ გიორგი მარგველაშვილს სამიტში მონაწილეობის უფლება ჰქონდა და ვიზიტის მომზადებაში მაია ფანჯიკიძის უწყებას დახმარებას სთხოვდა, მეორე მხრივ კი, სამინიტრო განმარტავდა, რომ გაეროში ორი დელეგაციის გამგზავრება ქვეყნის იმიჯს დააზიანებდა. ამ საკითხზე მიმოწერა საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ თენგიზ ფხალაძესა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე დავით ზალკალიანს შორის მიმდინარეობდა.

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ 25 თებერვლით დათარიღებული წერილი გაერო-ს გენერალური მდივნის ხელმოწერით გამოგზავნილია გიორგი მარგველაშვილის და არა - მიხეილ სააკაშვილის სახელზე.

„ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი, ქართული დიპლომატია ყოველთვის ახერხებდა პარტნიორებისათვის საჭირო ინფორმაციიის მიწოდებას. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია ის ინფორმაცია, რომელიც დღეს მივიღეთ. როგორ შეიძლება, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ფორუმზე, გაერო-ში საპრეზიდენტო არჩევნებიდან 4 თვის გასვლის შემდეგ არ იყოს ინფორმაცია მიწოდებული იმის შესახებ, რომ შეიცვალა პრეზიდენტი და მიხეილ სააკაშვილი აღარ არის ქვეყნის პირველი პირი?!

მით უფრო გაუგებარია ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც წერილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ დათარიღებულია სწორედ 25 თებერვლით, გამოგზავნილია გაერო-ს გენერალური მდივნის, პან გი მუნის ხელმოწერით და გამოგზავნილია გიორგი მარგველაშვილის და არა მიხეილ სააკაშვილის სახელზე“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი კი, იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გასაჯაროვებულ, გაეროს გენერალური მდივნის 25 თებერვლით დათარიღებული წერილის ადრესატად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილია მითითებული. ზალკალიანი ამტკიცებს, რომ გაეროს ახალ წერილში პრეზიდენტის სახელი და გვარის ჩასწორება, მათი მიმართვის საფუძველზე მოხდა, თუმცა თარიღი უცვლელი დატოვეს.

„გაეროს მისიაში 25 თებერვლით დათარიღებული წერილი შესულია 14 მარტს. მინდა გაჩვენოთ ეს წერილი, რომელიც ფოსტითაა მოსული გაეროს სამდივნოდან და გამოგზავნილია ყოფილი პრეზიდენტის სახელზე. მას ხელს აწერს გაეროს სამდივნოს წარმომადგენელი. იმის გამო, რომ წერილის ადრესატად მითითებული იყო მიხეილ სააკაშვილი, მისიამ გაეროს სამდივნოს წერილი მისწერა და სთხოვა, შეესწორებინა ეს შეცდომა.

რამდენიმე თვის შემდეგ, მაისში მივიღეთ წერილის ახალი, კორექტირებული ვერსია პრეზიდენტ მარგველაშვილის სახელზე, მაგრამ მასში თარიღი არ იყო შეცვლილი, ამიტომაც მასზე ისევ 25 თებერვალია მითითებული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა, რომელაც თარიღის შეუცვლელობა გაეროს სამდივნოს შეცდომად შეაფასა.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თვლის, რომ არსებული ვითარება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამთავრდეს. მისივე თქმით,მთავარია დალაგდეს ურთიერთობები სახელისუფლო შტოებს შორის.

„მგონი, ყველამ ვიცით, რომ მთავრობაც, პრეზიდენტის აპარატიც, პარლამენტიც ახლა იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გახდეს ახალ საკონსტიტუციო მოწყობაში ეფექტური ხელისუფლების მუშაობა. რა ვითარებაც ახლა არის, სწრაფად უნდა დამთავრეს, რადგან საზოგადოებასაც მობეზრდა გაუთავებელი საუბარი ამ თემაზე და დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება. პრეზიდენტის ინსტიტუტი, მთავრობა, როგორც ინტიტუტი, თანამშრომლობის ფორმაზე ჩამოყალიბდებიან, რომ მათ შეასრულონ ქართული საზოგადობის მიმართ აღებული ვალდებულებები. ეს არის ამოცანა. წარსულში არ წავალ, არ მქონდა შესაძლებობა, გავცნობოდი გაერო-ში ვიზიტის შესახებ მიმოწერას, მაგრამ მთავარია, დავალგოთ ურთიერთობა სახელისუფლებო შტოებს შორის“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, საკონსტიტუციო საბჭოს წევრი, ლევან ბოძაშვილ აცხადებს, რომ სახეზეა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუდევრობა, ან შეგნებული საბოტაჟი პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ.

„საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მოწვევა მოვიდა წინა პრეზიდენტის სახელზე. 2013 წლის 17 ნომებრიდან საქართველოს პრეზიდენტი არის გიორგი მარგველაშვილი და გაუგებარია, როგორ მოხდა, რომ მოწვევა 2014 წლის 25 თებერვალს ისევ წინა პრეზიდენტის სახელზე მოვიდა. აქ ან სამსახურებრივ დაუდევრობასთან გვაქვს საქმე ან შეგნებულ საბოტაჟთან პრეზიდენტის მიმართ. თუ ვინმე გვეტყვის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეატყობინა გაეროს, მაგრამ გაეროს გენმდივნის ოფისმა მაინც ძველ პრეზიდენტზე გამოაგზავნა მოწვევა, ეს უნდა გაცხადდეს და გაირკვეს თუ რატომ მოხდა სახელობითი მოწვევის ისევ ძველ პრეზიდენტზე გამოგზავნა არჩვენებიდან 3 თვეზე მეტი ხნის შემდეგ“, - აცხადებს ბოძაშვილი.

მისივე განცხადებით,საინტერესო იქნება თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოაქვეყნებს იმ ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სიას, რომელთაც ახალი პრეზიდენტის არჩევა ოფიციალურად აცნობეს და ასევე იმას, თუ როდის აცნობეს. ამასთან, მისივე განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც გაასაჯაროვოს, რომელი ქვეყნებისგან, როდის მიიღო მილოცვა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა არჩევასთან დაკავშირებით.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს პირწმინდად გაეროს გენერალური მდივნის ოფისის ბრალია, როგორც მინიმუმ, სახეზეა არასაკმარისი სამსახურებრივი მიდგომა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საკითხის მიმართ“, - აცხადებს ლევან ბოძაშვილი.