ხუდონჰესის მშენებლობის დაწყების ზუსტი თარიღი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ვინ ააშენებს გიგანტურ ჰიდროელექტროსადგურს, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. კერძო ინვესტორი კვლავ აქტიურობს, ამ დროს დღის წესრიგიდან არ მოხსნილა მშენებლობის პროცესში სახელმწიფოს მონაწილეობის საკითხი. ეს იდეა ენერგეტიკის მინისტრს ეკუთვნის და ის ჯერ კიდევ ცოცხლობს.
როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ინვესტორ კომპანია „ტრანს ელექტრიკასთან“ აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს. კონკრეტულ გადაწყვეტილებას სწორედ ამ მოლაპარაკების დასრულებისა და ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების შემდეგ მიიღებენ. პროექტის განხორციელების მთავარი ფაქტორად მინისტრი სახლების გეგმის განხორციელებას მიიჩნევს.
„უახლოეს მომავალში უკვე დეტალები იქნება ცნობილი. ჩვენ შევძლებთ დავარწმუნოთ ადგილობრივი მოსახლეობა, რომ ამ პროექტის განხორციელება ქვეყნისთვის და მოსახლეობისათვის არის სტრატეგიულად პრინციპული და მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
„ხუდონჰესის“ მშენებლობისათვის საჭირო მიწების რეგისტრაცია თითქმის დასრულებულია. კომპანია „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“ ამ ეტაპზე უკვე რეგისტრირებული აქვს მიწის დაახლოებით 90% (1400 ჰექტარი), დარჩენილი 9%-ის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
დარჩენილი მიწების რეგისტრაციის შემდეგ კომპანია ეკონომიკის სამინისტროში მშენებლობის ნებართვის ასაღებად დოკუმენტაციას წარადგენს. ამ ეტაპზე მთავრობასთან მიდის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები და მასზეა დამოკიდებული დარჩენილი 9 პროცენტის რეგისტრირებასთან დაკავშირებული ვადებიც.
ვინ ააშენებს ხუდონჰესს ეს ჯერ კიდევ ბოლომდე გარკვეული არ არის. რამდენიმე კვირის წინ ენერგეტიკის მინისტრმა ახალი იდეა გააჟღერა - შესაძლოა, გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის აშენება საკუთარ თავზე სახელწიფომ აიღოს. კალაძის დეპუტატებთან ნათქვამი შემდეგ აღარავის განუვრცია, მაგრამ არც ის დაუდასტურებია ვინმეს, რომ ამ იდეამ ჩაილურის წყალი დალია.
ასე რომ, მშენებლობის პროცესში სახელმწიფოს მონაწილეობის საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ადგილობრივი მოსახლეობისა და ეკოლოგებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იტვირთებს ხუდონის მშენებლობას, მთავარია, ყველა რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ განახორციელებს პროექტს, მთავარია, ის გარემოზე ზემოქმედების ნორმები იყოს დაცული რაც საჭიროა.
„ვინც არ უნდა განახორციელოს პროექტი, ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფოს ვალდებულებაა მოსახლეობის ინტერესი მაქსიმალურად გაითვალისწინოს“, - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.
მისი თქმით, ხუდონჰესის აშენების დროს, კარგად უნდა იყოს გათვალისწინებული გეოლოგია, წყლის, კლიმატის პრობლემები, რადგან, შესაძლოა, 10 წლის შემდეგ ხუდონჰესს ენგურის წყალი არ ეყოს.
„გამორიცხული არ არის, წყლის ჩამონადენი შემცირდეს, მიდის ინტენსიური დნობა და ის, რომ დღეს ენგურს წყალი აქვს, არ ნიშნავს იმას, რომ 10 წლის შემდეგ იქ წყალი იქნება“, - დასძენს ჩხობაძე.