ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილს ამბიციებს უღვივებენ და სასაცილო მდგომარეობაში ვარდება ქვეყანა და თვითონაც. ყოფილი პრემიერის განცხადებით, ორი-სამი ადამიანი, თავს ექსპერტს რომ უწოდებს და რეალურად, ელემენტარული ანალიზის უნარი არ აქვთ, მიეტმასნენ მარგველაშვილს, თითქოს პრეზიდენტის ინსტიტუტის გამაგრებას ცდილობენ, რეალურად კი ერთი სამსახურს ეძებს, მეორეს თავისი ადგილი ვერ უპოვია, მესამეს კიდევ რაღაც უნდა.
პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძე ერთ-ერთია, რომელიც ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე აკადემიურ სექტორში მოღვაწეობდა. როგორც ფხალაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, არ იცის რაზეა საუბარი, ან რატომ არის პრეზიდენტი სასაცილო მდგომარეობაში.
ვინ უღვივებს პრეზიდენტს ამბიციებს და გააუქმებს თუ არა პრეზიდენტი ვიზიტს თურქეთის რესპუბლიკაში? ამ საკითხებზე for.ge პრეზიდენტის მრჩეველს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.
ბატონო თენგიზ, როგორ აფასებთ ყოფილი პრემიერის განცხადებებს პრეზიდენტის მიმართ, როდესაც ის საუბრობს, რომ პრეზიდენტი თავისი ქმედებით სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს?
სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ის სფერო, რაც მე მეხება, ანუ საგარეო ურთიერთობები, ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს იმისათვის, ვივარაუდო, რომ პრეზიდენტი სასაცილო მდგომარეობაშია. საქართველოს პრეზიდენტს არაერთი ვიზიტი აქვს განხორციელებული როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. არაერთი ღონისძიება ჩაუტარებია თბილისში და აქედან მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე მიუღია ქვეყანას.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი განცხადება, რომელიც გაკეთებულა პრეზიდენტის მხრიდან, არ ყოფილა ისეთი, რომელსაც ოდნავ მაინც ჩრდილი მიეყენებინა საქართველოს ინტერესებისათვის. ყველაფერი ემსახურებოდა საქართველოს ინტერესებს. ამიტომ, მსგავსი განცხადება გაუგებარია ჩემთვის, არ ვიცი რა ინფორმაციაზე დაყრდნობით კეთდება ეს განცხადება.
კონკრეტულად საუბარია გაეროს სამიტის გარშემო შექმნილ ვითარებაზე, რამაც საჯარო გახადა დაპირისპირება მთვარობასა და პრეზიდენტს შორის. მთავრობა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდის ავლით გეგმავდა ამ ვიზიტს. ვის სახელზე იყო მოწვევა მოსული და თუ გქონდათ კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან?
- ის ვითარებასთან დაკავშირებით, რაც შეიქმნა გაეროსთან მიმართებაში, პრეზიდენტმა და მეც არაერთხელ დავაფიქსირეთ პოზიცია. ნებისმიერი საკითხი, რომელიც შესათანხმებელია, სადაც შეიძლება არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა, უნდა გვარდებოდეს კომუნიკაციის იმ რეჟიმში, რომელიც ზოგადად, მიღებულია სახელმწიფო უწყებების მიერ. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს ტელეინტერვიუს და საჯარო განხილვის საკითხი. კომუნიკაციის ამ ფორმის არჩევა ჩვენს მიერ არ მომხდარა, უბრალოდ, ადმინისტრაციამ უპასუხა იმას, რაც პრესაში გაჟღერდა.
გაეროს გენერალური მდივნის ხელმოწერით მოწვევა მოვიდა პრეზიდენტის სახელზე. პრეზიდენტი მიწვეული იყო კლიმატის ცვლილების სამიტზე. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ გენერალურ ასაბლეაზე გამოვიდოდა პრეზიდენტი. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, გენერალურ ასაბლეაზე შეიძლება გამოვიდეს ყველა თანამდებობის პირი, ეს შეიძლება იყოს პრეზიდენტი, პრემიერი ან მინისტრი. ჩვენი პოზიცია იყო ის, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს პრეზიდენტთან კონსულტაციების შედეგად.
კომუნიკაცია გქონდათ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან?
- რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან ვრცელი კომუნიკაცია არსებობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. გენერალური მდივნისგან მოწვევა ჩვენამდე მოვიდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. სამინისტროს ეცნობა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ, მაგრამ შემდგომ გავიგეთ სამინისტროსგან, რომ მთავრობას ჰქონია მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი. ეს არის სწორედ პრობლემა. პოსტფაქტუმ გავიგეთ, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ასეთი ფორმით გადაწყვეტილების მიღება, არასწორია.
არსებობს პოლონეთის შემთხვევა, რომდესაც გაეროში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ სამიტზე, ერთი დელეგაციით მიდის პრეზიდენტი და პრემიერი. რატომ არ მოხდა საკითხის ამ ფორმატში განხილვა?
- სწორედ, ეს იყო ჩვენი პოზიცია, რომელიც ასევე დაფიქსირებულია იმ წერილებში, რომელიც მივწერეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს. წარვადგინეთ ჩვენი პოზიცია, მზად ვიყავით კონსულტაციებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მოხდა საკითხის არა იმ რეჟიმში განხილვა, რომლისკენაც ჩვენ მოვუწოდებდით, არამედ მოხდა ამის პრესაში გატანა და იმ სკანდალის აგორება, რის შედეგადაც ყველანი დავზარალდით. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვმსჯელობდეთ რეალურ საფრთხეებზე, რომლის წინაშე დგას ქვეყანა, საუბარი გვიწევს იმაზე რა იყო სწორი და რა არასწორი.
კიდევ ერთი თემა, რომელზეც ივანიშვილმა ისაუბრა, ეს არის ექსპეტრების საკითხი - „ორი-სამი ადამიანი, თავს ექსპერტს რომ უწოდებს და რეალურად ელემენტარული ანალიზის უნარი არ აქვთ, მიეტმასნენ მარგველაშვილს (ადრე მთავრობაში იყვნენ და იქ თავიანთი ადგილი ვერ იპოვეს). თითქოს პრეზიდენტის ინსტიტუტის გამაგრებას ცდილობენ, რეალურად კი ერთი სამსახურს ეძებს, მეორეს თავისი ადგილი ვერ უპოვია, მესამეს კიდევ რაღაც უნდა... ისინი დათვურ სამსახურს უწევენ მარგველაშვილს, ამბიციებს უღვივებენ და სასაცილო მდგომარეობაში ვარდება ქვეყანა და თვითონაც“. ივანიშვილის შენიშვა თქვენ გეხებათ?
- ბატონ ბიძინას უნდა ვკითხოთ ვის გულისხმობდა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ და ვისაც ჩემი ბიოგრაფია აქვს წაკითხული, კარგად მოეხსენება, რომ არასოდეს არ ვყოფილვარ სამუშაოს მძებნელი. ამ შემთხვევაში ჯობია, რომ ბატონმა ბიძინამ თავად განუმარტოს საზოგადოებას, ვის გულისხმობდა. ვერ გეტყვით ვინ ექსპერტებზეა საუბარი. მე ვარ იმ საქმის სპეციალისტი რასაც ვაკეთებ. 1992 წლიდან 2004 წლამდე ვმუშაობდი სახელმწიფო აპარატში, 2004 წლიდან 2014 წლამდე ვიყავი აკადემიურ სექტორში და ვაკეთებდი ზუსტად იგივეს, რასაც ახლა ვაკეთებ.
„რესპუბლიკური პარტია“ აცხადებს, რომ ისინი არ ჩაერევიან პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობაში, თუმცა საჯაროდ აცხადებენ, რომ ინაუგურაციის შემდეგ მოხდა ვითარების დაძაბვა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. რამდენად შესაძლებელია, რომ ვითარების გართულების ფონზე, მივიღოთ პოლიტიკური კრიზისი? ფაქტია, რომ პრეზიდენტს უკვე ღიად აკრიკიტებს მთავრობა და უმრავლესობა...
- ყველაფერი ძალიან მარტივია. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თავად პრეზიდენტი მზად არის კონსულტაციებისთვის. ყველაფერი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. პრეზიდენტის სურვილია, რომ ნებისმიერი საკითხი გადაწყვეტილი იქნას სამუშაო რეჟიმში. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, ეს არაა ორი განსხვავებული პოლიტიკური გუნდის დავა, რომელიც არსებობდა კოაბიტაციის რეჟიმში, ასეთი რეალობის დაფიქსირება დღევანდელი რეალობისთვის შეუსაბამოა.
არ გვაქვს ის მოცემულობა, რაც არსებობდა ერთი წლის წინ.
შესაძლებელია ადამაიანებს შორის არსებობდეს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ აქ არის საკითხისადმი მიდგომა, როგორ უნდა გადაწყდეს იგი. ეს უნდა გადაწყდეს ტელედებატებით, თუ იმ ფორმატით, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციით?!
არსებობს უშიშროების ფორმატი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი და კონსტიტუციური სახელმწიფო ორგანოა. თუ სამუშაო პროცესში გადავა ეს ყველაფერი, რისთვისაც მზაობა აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მაშინ, ყველა საკითხის გასაღები მოინახება. ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე, თუ მზად არის ამისთვის მთავრობა.
რაც შეეხება კონკურენციას, საინტერესოა პრეზიდენტის პოზიცია, თვლის, რომ ის კონკურენციაშია მთავრობასთან, როგორც ივანიშვილი ამბობს?
- არ მესმის რას ნიშნავს კონკურენცია მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, როდესაც პრეზიდენტს აქვს თავისი უფლებამოსილება, თავისი კომპეტენცია. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი თანამდებობის პირი, უმაღლესი მთავარსარდალი, კონსტიტუციის გარანტი, მას საკმაოდ ბევრი ფუნქცია და ვალდებულებები აქვს ქვეყნის წინაშე, ისევე როგორც თავის ვალდებულებები და ფუნქცია აქვს მთავრობას და პარლამენტს. იმიტომაც არის დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი უფლებამოსილებების გამიჯვნა, რომ ყველა მოქმედებდეს თავის კომპეტენციის ფარგლებში. არ მესმის რა კონკურენციაზე უნდა იყოს საუბარი, ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე, ვისაც სურს ხელისუფლების დაკავება. ვლაპარაკობთ პრეზიდენტზე, რომელიც არჩეულია ხალხის მიერ.
პრეზიდენტმა ჩაშალა ყველა შეხვედრა რომელიც დაგეგმილი იყო აშშ, მაგრამ რა ხდება თურქეთის შემთხვევაში, განხორციელდება ეს ვიზიტი?
- ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა. იგეგმება არა მარტო თურქეთი, არამედ კიდევ რამდენიმე ვიზიტი, ყველა ინფორმაცია გაგზავნილია საგარეო საქმეთა სამინისტროში. ის პრეცედენტი რომელიც მოხდა გაეროსთან დაკავშირებით, ეს გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში მსგავსი პრობლემა ჩვენ არ გვექნება.
ორგანიზებული მუშაობის შედეგად მოხდა აშშ-ში ვიზიტის ჩაშლა - განაცხადა პრეზიდენტმა სწორედ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ. ვინ მონაწილეობდა ვიზიტის ჩაშლაში?
- პრეზიდენტმა ეს განაცხადა, მაგრამ სწორედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე პრეზიდენტი საჭიროდ არ თვლის დეტალების განმარტებას. ჩვენს მიერ დაფიქსირებულია პოზიცია, რომ არსებობს გარკვეული დეტალები, რომელთა გახმაურებამ შეიძლება ქვეყანა დააზარალოს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიზიტის ჩაშლაში უშუალოდ მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილი და აშშ-ში მთავრობის ლობისტური კომპანია...
- მე ასე შორს ვერ წავალ. ვიმეორებ, რომ პრეზიდენტმა არ ჩათვალა საჭიროდ დეტალების გახმაურება. სურვილი ძიების, ვინ იყო დამნაშავე, ნამდვილად არ გვაქვს. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პრეზიდენტმა საჭიროდ არ ჩათვალა ამაზე დეტალური საუბარი. სწორი არ არის საჯაროდ ყველა დეტალის გამოტანა, საბოლოო ჯამში, ამან შეიძლება ქვეყანა დააზარალოს. შევთანხმდეთ იმაზე, რომ რაღაცეები უნდა დარჩეს კადრს მიღმა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ საკითხზე მთავრობასთან მსჯელობა და საუბარი არ გვექნება.