მმართველი გუნდი პრეზიდენტის ოპოზიციაში წასვლას გამორიცხავს, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი კი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი მარგველაშვილს ეთამაშება, რომ როგორმე გუნდიდან ოპოზიციაში სოლიდური წევრი გადაიყვანოს და გუნდში განხეთქილება გამოიწვიოს.
გამართლდება თუ არა ივანიშვილის პროგნოზი, ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა უმრავლესობაში უჭირთ, მაგრამ იმედს გამოთქვამენ, რომ პრეზიდენტს კეთილგონიერება ეყოფა, უგუნურ ნაბიჯს არ გადადგამს და ოპოზიციაში არ წავა.
ყოფილი პრემიერის შეფასებით, პარლამენტი, მთავრობა თუ პრემიერი ძალიან ცუდ სიტუაციაში არიან და ცდილობენ, რაც შეიძლება რბილი გამონათქვამები გამოიყენონ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მარგველაშვილის მიმართ აშკარა მხარდაჭერას არ გამოხატავენ, რომ ფონი არ გააფუჭონ.
„ორი-სამი ადამიანი, თავს ექსპერტს რომ უწოდებს და რეალურად ელემენტარული ანალიზის უნარი არ აქვთ, მარგველაშვილს მიეტმასნენ. თითქოს პრეზიდენტის ინსტიტუტის გამაგრებას ცდილობენ, რეალურად კი ერთი სამსახურს ეძებს, მეორეს თავისი ადგილი ვერ უპოვია და მესამეს კიდევ რაღაც უნდა. ისინი მარგველაშვილს დათვურ სამსახურს უწევენ, ამბიციებს უღვივებენ და სასაცილო მდგომარეობაში ვარდება როგორც ქვეყანა, ასევე მარგველაშვილი. პირველ რიგში, ეს პრეზიდენტ მარგველაშვილის იმიჯს აზიანებს“, - აცხადებს ივანიშვილი, რომლის შეფასებაც მმართველ გუნდში გამოეხმაურენ.
როგორც for.ge-ს ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განუცხადა, ოპოზიციაში გადასვლა კარგი არც პრეზიდენტისთვის იქნება და არც ქვეყნისთვის.
მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საქართველოს გარეთ უყურებენ და გიორგი მარგველაშვილი კინკლაობას თუ გააგრძელებს, ეს სახელმწიფოს დააზიანებს.
კობახიძის განცხადებით, ოპოზიციაში მყოფი პრეზიდენტი რას ნიშნავდა, ეს ქვეყანამ უკვე ნახა.
„ეს უკვე ყველაფერი დავძლიეთ და საქმე აქამდე არ უნდა მივიდეს. ე.წ. კონკურენცია, რაზეც პრეზიდენტი საუბრობს, არ მგონია, ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს, რადგან მას კონსტიტუციით მთავრობასთან კონკურენტის ფუნქცია კი არ აქვს, არამედ არბიტრის. იმისთვის, რომ არბიტრის როლი შეასრულო, თავადაც დაბალანსებული უნდა იყო და კონკურენციაში არ უნდა შედიოდე. ბატონი გიორგი უნდა დაფიქრდეს იმაზე, რაც ირგვლივ ისმის. ქვეყანას გარედან უყურებენ და თუ ის კინკლაობას გააგრძელებს, ქვეყანას დააზიანებს“, - აღნიშნავს კობახიძე.
გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ მას მმართველ გუნდში ადამიანი არ ეგულება, რომელიც ხელისუფლებას უღალატებს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავა.
for.ge-სთან საუბარში ცაგარეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი უგნურ ნაბიჯს არ გადადგამს და გაიხსენებს, სააკაშვილის პერიოდში როგორ ცხოვრობდა საქართველო.
ცაგარეიშვილის მოსაზრებით, როგორც ყოველთვის, ახლაც ივანიშვილი ალალად და გულწრფელად საუბრობს ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებზე.
„ის, რომ ამას სააკაშვილი ცდილობს, ეს დამალული არ არის. სარფის საბაჟოზე ჩატარებული თათბირი და სხვის ბოსტანში ნასროლი კენჭები გაიხსენეთ. გუნდში საღად მოაზროვნე ადამიანი არ მეგულება, რომელიც ხელისუფლებას უღალატებს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაბარგდება. ნაციონალები ცდას არ აკლებენ და გახსოვთ, სააკაშვილმა თქვა, თითქოს პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი იჩაგრება და ამაზე წუხს. ისემც მაგას, რა ვუთხარი. მას „ოცნების“ გახლეჩვა უნდა და ოცნების ასრულება. ყოფილი პრემიერიც სწორედ ამაზე საუბრობს. არ მგონია, პრეზიდენტმა ასეთი უგნური ნაბიჯი გადადგას. მის კეთილგონიერებაში დარწმუნებული ვარ. ის გაიხსენებს სააკაშვილის პერიოდში თუ როგორ ცხოვრობდა საქართველო“, - აღნიშნავს ცაგარეშვილი.
თანაპარტიელის მსგავსად, გუნდში არსებულ პროცესებს ჯანსაღ პროცესს უწოდებს ევროინტერგაციისკომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე.
for.ge-სთან საუბარში დოლიძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში სხვადასხვა ხალხია, რომელთაც სხვადასხვა დამოკიდებულებები აქვთ, მაგრამ ეს კატასტროფული არ არის.
„ერთი გუნდი ვართ, შეიძლება განსახვავებული დამოკიდებულებები არსებობდეს და ეს რამდენად სწორია, არ ვიცი, მაგრამ ჯანსაღი პროცესი ნამდვილად არის. მინდა ვისურვო, რომ კოალიცია, პრეზიდენტის ჩათვლით, შეკრული იყოს. თუ განსხვავებული აზრების მიუხედავად, ინსტიტუციურად ერთმანეთს პატივი არ ვეცით, ეს სწორი არ იქნება“, - დასძენს დოლიძე.
საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე კი, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მმართველი გუნდი ემოციებს არ უნდა აყვეს.
მისი თქმით, პრეზიდენტი გუნდის წევრია და ის გუნდის წევრად დარჩება.
დეპუტატის განცხადებით, გარკვეული ძალების მეშვეობით და დახმარებით, კომუნიკაციაში პრობლემები არსებობდა, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პროცესი ნორმალურ კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოექცეს.
„მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ კანდიდატია, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის და კოალიციის უპრეცედენტო დახმარებით გამარჯვება მოიპოვა. პოლიტიკურ-მორალურ მოტივაციას ვერ ვხედავ იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლება ერთმანეთის ოპოზიციაში იყვნენ, ან ერთმანეთის კონკურენტებად განიხილებოდნენ. ჩვენი ოპონენტი არის ეკონომიკა, უმუშევრობა და სოციალური პრობლემები. შესაბამისად, ბრძოლა ერთად უნდა გავაგრძელოთ“, - განუცხადა for.ge-ს კვაჭანტირაძემ.
თანაგუნდელების მსგავსად, გია ვოლსკის არ უნდა დაიჯეროს, რომ პრეზიდენტი შესაძლოა ოპოზიციაში გადავიდეს.
დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არაორდინარული პიროვნებაა, რომელმაც ძალიან სწორი ანგარიში გააკეთა.
„არ ველოდები, რომ პრეზიდენტი ოპოზიციაში გადავა. იმდენად არ მინდა, რომ არ ველოდები, მაგრამ გიორგისაც არ აქვს ეს განწყობა. პოლიტიკურად შეცდომები აქვს დაშვებული, მაგრამ რა მოხდა?!“, - დასძენს ვოლსკი.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობაზე ისაუბრეს „ქართული ოცნების“ დახურულ სხდომაზე, რომელიც გუშინ პარტიის ოფისში გაიმართა. for.ge-ს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი გუნდის წევრებს კონფლიქტის წამოწყების მიზეზებზე ესაუბრა და განაცხადა, რომ ის ურთიერთობის „დასალაგებად“გიორგი მარგველაშვილს პირისპირ შეხვდა.
წყაროს ცნობით, შეხვედრაზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მარგველაშვილისთვის უთქვამს - „შენს უფლებებს არ წაგართმევ, მაგრამ არც ჩემსას დაგითმობ“.
„პრემიერმა სამი მიზეზი დაასახელა, რის გამოც პრეზიდენტთან ვითარება დაეძაბა. როგორც ღარიბაშვილმა თქვა, პრეზიდენტმა მას მოსთხოვა, რომ მინისტრების დანიშვნა-გათავისუფლების პროცესში ისიც ჩართოს. ამას გარდა, პრემიერმა თქვა, რომ გაერო-ში თუ ვინ წავიდოდა, მისთვის გადამწყვეტი არ იყო, მაგრამ იმის გამო განაწყენდა, რომ პრეზიდენტმა მოწვევების თაობაზე საქმის კურსში საგარეო უწყება არ ჩააყენა. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ კრიზისული ვითარებიდან გამოვიდეთ და პრეზიდენტთან ურთიერთობა დავალაგოთ“, - განუცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა for.ge-ს, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ღარიბაშვილს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ რიგ მნიშვნელოვან საკითხზე მარგველაშვილთან სამ-საათიანი შეხვედრა თავადაც ჰქონდა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.