შემოდგომაზე ვიღაც არეულობისა და ქაოსის შექმნას გეგმავს. ამაზე საუბარი უგულავას ე.წ. წერილების გამოქვეყნებამდეც იყო და მას შემდეგაც, თუმცა საინტერესოა, რამდენად შორს მიდის მედიაში გამოქვეყნებული წერილების ავტორი და რამდენად დაემთხვევა გეგმები რეალობას. ფრაგმენტი ნაციონალების ე.წ. სამოქმედო გეგმიდან:
„ა) სტანდარტული: ვიგებთ 2016 წლისარჩევნებს.
ბ) ივანიშვილს უმხედრდებიან „ზაპადნიკები“, ირევა პოლიტიკური ლანდშაფტი და 2016-მდე დგება ახალი კოალიციის, ანუ ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოშორდება. აქ არ ნიშნავს ავტომატურად, რომ ხელისუფლებაში მოდიხარ, ან მიდიხარ, ოღონდ 2016-ის მოგების მერე.
გ) ისე ირევა სიტუაცია, რომ ხდება ის, რაც უკრაინაში. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ქუჩაში დაგდებულ ძალაუფლებას, ანუ რევოლუციური სცენარი“, - აღნიშნულია წერილში, რომლის ავტორიც მიიჩნევს, რომ პირველი ვარიანტი ნაკლებად რეალისტურია. უგულავა განმარტავს, თუ რას წარმოადგენს გეგმის ამოცანა. ამონარიდი „წერილიდან“:
„1) სრული აპოკალიფსის სურათის შექმნა. ა) ყოველდღე თუ არა, კვირაში სამჯერ სექტორული პატარ-პატარა აქციები. მაგალითად, სერგომ (სავარაუდოდ, საუბარია, სერგო რატიანზე) ჩაიბას უფლებააყრილი სტუდენტები. იყოს 20- კაციანი აქცია რეცეპტებზე. პატარა აქციებზე წამოიკიდებ ვინმეს, მაგალითად, სრულიად უსაგნო კოსტიუმების აქციაზე, წამოეკიდე ვიღაც კანცელარიის დაცვის უფროსი, რომლებსაც აქ ჩემი ექიმები ლანძღავდნენ სამი დღე. დიახ, უნდა ვიყოთ პროვოკაციულები და ყოველი ფეხის ნაბიჯზე უნდა იყოს ჯოჯოხეთი“, -აღნიშნულია წერილში.
ვისთვის არის მომგებიანი ამ გეგმის გახმაურება, რას მიიღებს ხელისუფლება რას - „ნაციონალური მოძრაობა“, ამ თემაზე ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
ვიდრე სამოქმედო გეგმის განხილვაზე გადავიდოდეთ, რამდენად შეიძლება ავთენტური იყოს წერილი, რადგან მოგვიანებით უგულავას გნმარტება გავრცელდა, რომლის თანახმადაც მას მსგავსი არაფერი დაუწერია და შემოგდებულია ბიძინა ივანიშვილისგან - რა ტიპის ეჭვები ჩნდება?..
- ამ წერილის შემქმნელი, როგორც ჩანს, ძალიან ჭკვიანია, იმის მიუხედავად, ვინ არის ავტორი. ერთობლიობაში შეიძლება განვიხილოთ ე.წ. უგულავას წერილების ორივე ვერსია, ასევე გაზეთში გამოქვეყნებული სტატია - „მიხეილ სააკაშვილის არასამთავრობო ორგანიზაციების საიდუმლო შეხვედრები და სამოქმედო გეგმა“ და შს მინისტრის ინტერვიუ, რომელიც ამ წერილების გამოძახილია... ეს ყველაფერი რამდენიმე ვერსიის განხილვის საშუალებას იძლევა - თუ ეს წერილები ავთენტურია, მაშინ აფერუმ პოლიციას, რადგან მან მოხერხა და მოახდინა ფაქტობრივად, დანაშაულის პრევენცია, რაც საკმაოდ დადებითი ფორმაა ასეთი ტიპის დანაშაულთან ბრძოლისა - პოლიცია წინმსწრებად ცდილობს ამა თუ იმ დანაშაულის აღკვეთას და დანაშაულში მონაწილე პოტენციურ პირებსაც აზღვევს შესაძლო დანაშაულისგან. ეს ცალსახად ჰუმანური აქტია, თუ ვემხრობით ვერსიას, რომ ეს ყველაფრი არის მართალი - პოლიციამ ამ სახით გააკეთა პრევენცია - არ დაელოდა მოვლენათა განვითარებას, ჩიხში არ შეიყვანა პოლიტიკური პროცესი და შემდეგ არ დაიწყო მასში მონაწილე ადამიანების ნეიტრალიზაცია.
მეორე ვერსიად შიძლება განვიხილოთ ამ ვერსიის პოლარული უკიდურესობა, რომ გამოქვეყნებული გეგმა არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ ხელისუფლების მიერ არის დადგმული, პლუს ხელისუფლების მხრიდან ასეთი ინტერვიუც შეიძლება ემსახურებოდეს რამდენიმე მიზანს - გამწვავებული კრიმინოგენული ვითარების გადაფარვას. მაგალითად, კრიმინოგენული ფაქტების გახშირება ხელისუფლებამ შეიძლება მიაწეროს არა რეალურად კრიმინალის გაზრდას, არამედ იმას, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მიზანმიმართულად ცდილობს ასეთი ფაქტების წამოწევას. ამ წერილებშიც სწორედ ასეთ გეგმაზეა საუბარი, რომ ყველა დესტრუქციული ფაქტი, რაც ხდება საზოგადოებაში, ამოწიოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მასზე გააკეთოს აქცენტირება, რათა ხალხში შექმნას აპოკალიფსისა და ქაოსის განცდა.
თუ ხელისუფლებაა ავტორი, იმასაც ემსახურება, რომ სიტუაციის დაძაბვაზე ხელი შეაწმინდოს კონკრეტულად „ნაციონალურ მოძრაობას“ - ანუ სიტუაცია არის ჩვეულებრივი, რუტინული, მაგრამ რაღაც ძალა სპეციალურად ცდილობს ქაოსის შექმნას, რათა ამით ხელისუფლების უსუსურობას გაუსვას ხაზი.
კიდევ ერთი შედეგი, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ წერილების გამოქვეყნებას, თუ მისი ავტორი ხელისუფლებაა, არის იმ ადამიანთა წრის გაფართოება, ვის მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. რადგან, თუ სადღაც ასეთი აპოკალიფსური გეგმები იდება, მაშინ ხელისუფლებამ ეს პოლიტიკური დევნის მიზეზადაც შეიძლება გამოიყენოს.
ეს არის უკიდურესი ვერსიები.
თუმცა, ვფიქრობ, რომ რაღაც შუალედურის განხილვა უფრო ღირს. რომელიმე ვერსიის მტკიცება ჩემი მხრიდან შეუძლებელია, უბრალოდ, ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავ.
როდესაც ინფორმაცია გავრცელდა და წერილების ავტორობა გიგი უგულავას მიეწერა, თავის მხრივ, უგულავამ უარყო მისი ავტორობა და ხელისუფლებას დასდო ბრალი - ამ შემთხვევაში არბიტრად ნამდვილად ვერ გამოვდგები და მხოლოდ იმ მოტივაციაზე შემიძლია საუბარი, რომელიც ერთ ან მეორე ვერსიას შეიძლება ჰქონდეს.
ანუ რეალობასთან ახლოს მყოფი შუალედური ვერსია რა შეიძლება იყოს?
- მესამე, შუალედური ვერსია უფრო რეალურად მიმაჩნია და ამისი საფუძველი იმ წერილების ანალიზმა მომცა, რომელიც არასამთავრობოების სავარაუდო მოქმედების გეგმას ეხება. ალბათ, გარკვეული სამოქმედო გეგმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ისევე, როგორც მის მხარდამჭერ ორგანიზაციებს ექნებათ თავიანთი პოლიტიკური ძალის რეინკარნაციისა და მინიმუმ იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა არ ჩაირეცხოს ქართული რელობიდან, ხოლო მაქსიმუმი ამ მიზნისა იქნება, რომ ხელისუფლება შესუსტდეს და მის მიმართ გაზრდილი უკმაყოფილებით ბონუსები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღოს - ასეთი მიზანი „ნაციონალურ მოძრაობას“ ისევე, როგორც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რა თქმა უნდა, ექნება, რადგან ნებისმიერი ოპოზიციური ძალისთვის ყოველთვის ბონუსია ხელისუფლების შეცდომები - საკუთარ რეიტინგს და ამომრჩევლების მხარდაჭერას კრეფს ხელისუფლების შეცდომების შედეგად, თორემ ხელისუფლება რაც მეტად წარმტებულია, მით უფრო ნაკლები შანსი აქვს ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლის.
ტაქტიკურად, ამაში გასაკვირი არაფერია, როდესაც ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლების შეცდომებით ისარგებლოს. ხელწერაც ნაცნობია, რომ დაგეგმილია აქტივისტების გაქტიურება და ა.შ. (განსაკუთრებით ის ნაწილი იყო დეტალურად გაწერილი, რომელიც არასამთავრობოებს ეხება - ერთის ფუნქციაა სოციალური თემების წინ წამოწევა, მეორეს - თვითმმართველობებში არსებული სიტუაციების შესწავლა) - ანუ, დადოს ფაქტობრივი და სტატისტიკური მასალა ხელისუფლების შეცდომების და ამ გზით გამოიწვიოს საზოგადოებაში უკმაყოფილება.
დაახლოებით მსგავსი სცენარი მოქმედებდა შევრდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგაც, სადაც წამყვან როლს სწორედ არასამთავრობოები ასრულებდნენ... წერილში საუბარია რევოლუიციის გზით მოსვლაზეც, ანუ შესაძლოა იგივე სცენარის განმეორება იგეგმებოდეს? წერილში საუბარია ქუჩაში დაგდებული ძალაუფლების ხელში აღებაზე...
- ამ წერილებს ვერ დავეყრდნობი - მე მოვიყვანე ის მაგალითი, რომელიც ყველაზე მეტად რეალისტურია, გამომდინარე იქიდან, რომ მონიტორინგს არასამთავრობო ორგანიზაციები მაინც ახორციელებენ. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ეს ძალიან ჰგავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული არასამთავრობოების ტაქტიკას, შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისას. მაგრამ, თავისთავად იმის მტკიცება, რომ ეს რევოლუციურ პროცესებს გამოიწვევს, შეუძლებელია.
თუმცა, უდავოა, რომ აშკარად გამოიწვევს ხელისუფლების იმიჯის შერყევას და შესუსტებას. მიიღებს რევოლუციურ განვითარებას თუ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება, ამ თემაზე საუბარი დღეს ძალიან ძნელია და არასერიოზული. რევოლუციურ განვითარებას, გარდა ხალხის უკმაყოფილებისა, პოლიტიკური ძალა სჭირდება, რომელსაც ხალხი მხარს უჭერს. დღეს საქართველოში ასეთი პოლიტიკური ძალა უბრალოდ, არ არსებობს. ამიტომ გამოვრიცხავ პროცესების რევოლუციურ განვითარებას. ხალხმა თუ დაინახა, ნაციონალები ბრუნდებიან ხელისუფლებაში, ის ისე შეიკვრება დღევანდელი ხელისუფლების გარშემო, როგორც 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების პერიოდში - ამიტომაც მოვლენების რევოლუციურ განვითარებაზე საუბარი არასერიოზულია.
თუმცა, ვინც არ უნდა იყოს წერილების ავტორი, გადასარევად ერკვევა საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობაში, არაჩვეულებრივად იცნობს ნაციონალების საგარეო პოლიტიკურ ხედვებს, უჯრედოვან დონეზე გრძნობს ნაციონალების აზროვნების სტილს, მათ მიერ მიზნის დასახვის და ამ მიზნამდე მისასვლელი გზების დაგეგმვის სპეციფიკას, მათ ხედვებს, მიზნის მიღწევის თვალსაზრისით და ა.შ. არა მხოლოდ ნაციონალებს, დღევანდელ ქართულ პოლიტიკას იცნობს არაჩვეულებრივად და ამიტომაც მიეწერა ეს წერილები გიგი უგულავას. ვინც არ უნდა იყოს ავტორი, ის კარგი ფსიქოლოგია, კარგად იცნობს ქართულ პოლიტიკურ რეალობას და აქვს კონკრეტული მიზანი.
ეს რა მიზანი შეიძლება იყოს, გარდა დანაშაულის პრევენციისა, რაზედაც უკვე ვისაუბრეთ?
- ყველაზე ცუდი შედეგის თვალსაზრისით არის ის, რომ იმდენად დეტალურად არის გაწერილი „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა სხვადასხვა მიმართულებით, არ არის დატოვებული არც ერთი სფერო. მაგალითად, საუბარია ჯგუფზე, რომელიც საარჩევნო რეფორმას მოითხოვს დ ა.შ. ყველაზე დიდი საშიშროება ის არის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საერთოდ რომ არ ასოცირდება, თუკი ისეთი პოლიტიკური ძალები ან არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვლენ მსგავსი ინიციატივებით, ისინიც ასოცირებული იქნებიან ნაცმოძრაობასთან.
თუნდაც საარჩევნო კოდექსი რომ ავიღოთ, ის იდეალთან ახლოსაც არა არის, აღარაფერს ვამბობ საარჩევნო სიებზე - ეს თემები კვლავ გააქტიურდება და არსებობს ძალიან დიდი რისკი, რომ ნაციონალების მოსისხლე მტერმაც რომ გაააქტიუროს ეს თემები, ხელისუფლება მას ძალიან მარტივად მიაკერებს ნაციონალების კლიშეს.
ამ წერილების მერე ხელისუფლება ამ ტაქტიკას თავისთავად აირჩევს და მას სხვა გამოსავალი ამ გადასახედიდან არც აქვს, რომ მოიგოს 2016 წლის არჩევნები. მას მხოლოდ ერთადერთი გზა აქვს დარჩენილი - მტრის მთავარ ხატად დატოვოს „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა იმ ძალის მარგინალიზაცია მოახდინოს ნაციონალებთან ასოცირების გზით, რომელიც გამოჩნდება ამ შუალედში - პოლიტიკური პარტიებისა თუ ცალკეული ინდივიდების სახით - ეს წერილები ხელისუფლებას ამ გზაზე დიდ დახმარებას გაუწევს.
ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაკავშირებით უამრავი შენიშვნა არსებობს და უამრავი რამ არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა არ დარჩეს საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრად. როგორც კი ამაზე ლაპარაკი დაიწყება, არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი ხელისუფლებამ გამოაცხადოს არეულობის, ან უკიდურეს შემთხვევაში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად.
გამოდის, რომ მოგებული რჩება ხელისუფლება და არა „ნაციონალური მოძრაობა“, იმის მიუხედავად, ვინც არ უნდა იყოს ამ წერილების ავტორი?
- ყველა შემთხვევაში. შესაძლოა არსებობს რაღაც გეგმა, რომელიც ახლოსაა რეალობასთან და სულაც არ იყოს რევოლუციური გეგმის ნაწილი - საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების გაზრდის გეგმა ნამდვილად არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კანონის ფარგლებიდან გადიან ეს ადამიანები და მაინც და მაინც რევოლუციასა და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ.
შესაძლოა ამ რეალურ გეგმაზე, რომელზეც გაზეთშიც იყო საუბარი, შემდეგ მავანმა დააშენა ვიღაცისთვის ხელსაყრელი და მისაღები ვერსიები და ეს ვიღაც შეიძლება იყოს ხელისუფლება, თუმცა ამის მტკიცება ძალიან გამიჭირდება. მხოლოდ ვერსიებზე შემიძლია ვისაუბრო, რადგან არა მხოლოდ მედიიდან, ინფორმაცია ყველას მისდის, რომ სიტუაციის გამწვავება მართლაც იგეგმება შემოდგომაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რევოლუციურ სცენარს გამოვრიცხავ.
თუმცა საუბარია, რომ უნდა განმეორდეს ის, რაც მოხდა უკრაინაში და ა.შ...
- ამ დღეებში გამოქვეყნდა ძალიან სამწუხარო რამ თავისი არსით, რომ დასავლეთმა ფაქტობრივად, აიძულა უკრაინა, წელიწადნახევრით გადაედო ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია რუსეთის მოთხოვნით. რეალურად გამოდის, რომ დასავლეთმა უკრაინა გაწირა და რუსეთს მიჰყიდა - დროებით მაინც. ასეთ პირობებში საუბარი იმაზე, რომ ვინმეს საქართველოში აწყობდეს მეორე ფრონტის გახსნა რუსეთისთვის, ეს უბრალოდ გამორიცხულია. იმის დაბრალებაც ნაციონალებზე, რომ მეორე ფრონტის გასახსნელად ემზადებიან, არარეალურია და საერთოდ ვარდება მიმდინარე საერთაშორისო პოლიტიკური კონტექსტიდან. „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც ცალსახად არ აწყობს, ეს არის - არ დაკარგოს დასავლეთის მხარდაჭერა, რაც მისი ერთადერთი რეალური ბონუსია.
დავუშვათ, ეს არის ნაციონალების რეალური სამოქმედო გეგმა, მაქსიმუმ რისი მიღწევა შეუძლიათ?
- კიდევ ვამბობ, საუბრები იმაზე, რომ შემოდგომაზე გარკვეული აქციები დაიწყება, ყოველგვარი წერილებისა და გაზეთში გამოქვეყნებული გეგმების გარეშეც არის. ე.წ. უგულავას ერთ-ერთ ე.წ. წერილში საუბარია იმაზეც, რომ ეს იქნება ხელისუფლებით უკმაყოფილების გაზრდის პირველი ტალღა, ანუ პირველ ეტაპზე მიზანი სწორედ ეს იქნება. მაგრამ, ამ ეტაპზე გამორიცხულია რევოლუციური სცენარი, რადგან მსგავსი რამ საზოგადოებას ხელისუფლების გარშემო შეკრებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი ყველაზე ნაკლებად ეს აწყობს, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ნაციონალების ავტორობით რევოლუციურ სცენარზე დღეს საუბარი გამორიცხულია. საზოგადოების უკმაყოფილების დაფიქსირება, ან თუნდაც მობილიზება, თავისთავად, არ ნიშნავს რევოლუციურ სცენარს.