ყეინიშვილმა და მაღრაძემ უმრავლესობას დუმბაძესთან მიმართებაში „საქმის ბოლომდე მიყვანა“ მოსთხოვეს

ყეინიშვილმა და მაღრაძემ უმრავლესობას დუმბაძესთან მიმართებაში „საქმის ბოლომდე მიყვანა“ მოსთხოვეს

მურმან დუმბაძე ვიცე-სპიკერის პოსტს ჯერჯერობით ინარჩუნებს, მაგრამ შესაძლოა, ის თანანმდებობიდან გადააყენონ. თუ როგორ, ამას უმრავლესობა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ პროცესი რეგლამენტის შესაბამისად წარიმართება.

 for.ge-ს ინფორმაციით, მურმან დუმბაძის პოსტიდან გათავისუფლების გზებზე უმრავლესობის დახურულ სხდომაზეც ისაუბრეს, რომელიც გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართა. წყაროს ცნობით, შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ უმრავლესობა არ უნდა აჩქარდეს და გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად უნდა იქნეს მიღებული, პრემიერ-მინისტრმა დუმბაძე გააკრიტიკა, ხოლო ნანა ყეინიშვილმა და გუგული მაღრაძემ დუმბაძის ვიცე-სპიკერის პოსტიდან დაუყონებლივ გადაყენება და საქმის „ბოლომდე მიყვანა“ მოითხოვეს.

მიმდინარე პროცესების თაობაზე for.ge მურმან დუმბაძეს ესაუბრა:

პარტიაქართული ოცნებისრიგებიდან გარიცხული ხართ. მმართველი გუნდის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ თქვენ აჭარაში საკადრო პოლიტიკაში ერევით. რას უპასუხებთ, ყოფილ თანაგუნდელებს?

- ჩარევა საბრალდებო ტერმინი არ არის. ნებისმიერ საკითხში ვერევი, რომელზეც საკუთარი აზრის დაფიქსირება მინდა. მათ შორის, საკადრო პოლიტიკაში. ჩარევის აკრძალვა კონსტიტუციური ნორმა არ არის. საუბარი გადაწყვეტილების მიღებაზე უნდა იყოს. ბათუმის მერად ერმაკოვის დანიშვნის თაობაზე განხილვა პირადად ჩემთან მიდიოდა. ჩავერიე და იმას ვერ მივაღწიე, რომ ერმაკოვი ბათუმის მერობის კანდიდატი არ ყოფილიყო. ჩარევაში თუ ამას გულისხმობენ, ხელისუფლებას ვეტყვი, რომ ვერეოდი, ვერევი და ჩავერევი კიდეც. ნებისმიერ მოვლენასა და პროცესზე საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება მაქვს, გადაწყვეტილებებს კი, კანონის საფუძველზე მთავრობა იღებს.

ანუ, თქვენ ადასტურებთ, რომ საკადრო პოლიტიკაში ერევით და რატომ გიკვირთ, გუნდის მხრიდან დაპირისპირება?

- დაპირისპირება დაწყებულია წელიწნახევრის წინ, რომელიც მეჩეთს უკავშირდება.

თქვენ ამბობთ, რომ ბათუმში აზიზიას მეჩეთის მშენებლობას ეწინააღმდეგებით და გუნდი ამიტომ დაგიპირისპირდათ?

- დიახ. როცა ყოფილი პრემიერი თურქეთიდან დაბრუნდა, ამ საკითხზე სერიოზული კამათი გვქონდა. ამის შემდეგ ის შავი პიარი იწყება, რომელიც დღესაც მოდის. თითქოს ნეპოტიზმში მადანაშაულებენ, რაც ტყუილია. ჩემს ინტერესში შედის, რომ ხელისუფლება გამართულად მუშაობდეს, უფლებამოსილება განხორციელოს და ენერგია საქმეს მოვახმაროთ. მინდა, რომ ხელისუფლება წარმატებული იყოს, მაგრამ არის საკითხები, რომელიც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია.

კონკრეტულად, თქვენთვის რა არის მიუღებელი?

- აჭარის მთავრობა საქართველოს კონსტიტუციას წამდაუწუმ არღვევს. აჭარის უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობაზე კონტროლს ვერ ახორციელებს, რაც დაუშვებელია. როგორ წარმოგიდგენიათ, ფრაქცია სამინისტროების მიმართ წერილების კასკადს აგზავნიდეს, სამინისტრო დუმდეს და პასუხს არ გაძლევდეს?! საპასუხოდ, მთავრობას შენიშვნას აძლევდნენ, ტელეფონზე ურეკავდნენ, მაგრამ მათგან არანაირი პასუხი არ ისმოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი ირღვევა. ეს სერიოზული საფუძველია იმისა, რომ აჭარის მთავრობა არაფექტურად ჩავთვალოთ. ორი წლის განმავლობაში, ცენტრალური მთავრობისთვის წერილი არ მიმიწერია, რომ პასუხი არ მოსულიყო. სამაგიეროდ, ამ მხრივ შენიშვნებია აჭარის მთავრობის მიმართ. ეს მთავრობა არაფექტურია და მმართველობის განხორციელება ბიჭ-ბუჭების მხრიდან ხდება. აღნიშნულ საკითხზე ახალ და ძველ პრემიერებს ვესაუბრე კიდეც, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანესს რეგიონში სახელმწიფო ხელისუფლება არ ხორციელდება. მთავრობის უნდობლობის საკითხზე ფრაქციის ინიციატივა ბოლომდე იქნება მიყვანილი. საუბარია იმაზე, რომ მურმანის გარიცხვით, ფრაქცია გაჩერდება, მაგრამ პარლამენტიდან სულ რომ გამაგდონ, ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ.

თქვენ თქვით, რომ მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ყოფილ პრემიერთან კამათი მოგივიდათ. უფრო კონკრეტულად, რომ მოგვიყვეთ. რა პოზიცია ჰქონდა, ბიძინა ივანიშვილს?

- დღევანდელმა მთავრობამ ის პოზიცია იდენტურად გაიმეორა, რაც წინამორბედს ეკავა. მათი პოზიციაა, აზიზიას სახელობის მეჩეთი უნდა აშენდეს. რამდენიმე დღის წინ, საქართველოში თურქეთიდან ჩამოსული იყო მაღალი თანანმდებობის პირი, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეზობელ სახელმწიფოს ეს ინიციატივა არ გადაუფიქრებია და საქართველოს ხელისუფლებისგანაც არის ერთგვარი დასტური. ანუ, შესაძლოა, ხელმოწერათა ოქმების გაცვლის პროცედურაც კი იყოს დაწყებული. ხელისუფლებას ვაფრთხილებ, ამ საკითხს წინ ბათუმი და სრულიად საქართველო აღუდგება. ამ იდეას მომავალი არ აქვს.

თქვენ კონფლიქტის მიზეზად მეჩეთის შესაძლო მშენებლობას ასახელებთ, მაგრამ თქვენ ნეპოტიზმში აქამდეც გადანაშაულებდნენ...

- მთავრობის მხრიდან ესეც აგორებული პიარია. ერთ დღეს დავჯდები, ჩემს წრეს გაჩვენებთ და ნახავთ, რომ ნეპოტიზმში ჩემი დადანაშაულება, სირცხვილია. შესაძლოა, ორი-სამი ადამიანი დასაქმებულია, მაგრამ ეს ადამიანები შრომობდნენ. უმაღლეს საბჭოში ჩემი რძალი 2004 წლიდან მუშაობს და მას ვერ ვაიძულებდი სამსახურიდან წასულიყო.

საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, რომ ვიცე-სპიკერის პოსტიდან გაგათავისუფლოთ. როგორ ფიქრობთ, აჭარის დეპუტაცია პოსტიდან თქვენს გამოწვევას მოითხოვს?

- ეს იმდენად რთული საკითხია, რომ ან კონსტიტუციური ცვლილება უნდა განხორციელდეს, რომ პოსტიდან გადამაყენონ, ან გადაწყვეტილება აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატებმა მიიღონ. ვერცერთს ვერ შეძლებენ.

უმრავლესობა პირველად კობა დავითაშვილმა დატოვა, მეორე თქვენ ხართ ვინც რიგებიდან გარიცხეს. მმართველი გუნდიდან კადრების გადინება დაიწყება?

- გაგრძელდება, რადგან დიდი ნაწილი ხელისუფლების მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამს. არ გამოვრიცხავ, რომ მმართველი ძალა ვინმემ თავისი ინიციატივით დატოვოს, ან პირიქით, ეს გადაწყვეტილება უმრავლესობამ მიიღოს. ფაქტია, რომ უმრავლესობა მორჩილია. სჯობს, დამოუკიდებლები იყვნენ და სახლემწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდონ. ისეთი გზით სიარული, რომ განსხვავებული აზრი უნდა იდევნებოდეს, გამოვიარეთ. აბაშიძე-სააკაშვილის გზა პოლიტიკური კრახით დასრულდა და არ მინდა, ეს ხელისუფლებაც კრახით დასრულდეს.

საქმიანობას ოპოზიციონერის რანგში გააგრძელებთ. აქტიური იქნებით?

- ჩემი ადგილი აქ არის. ორი წლის მანძილზე, 2012 წლის 2 ოქტომბრიდან რომ დართგუნული ვარ, ღირსება და პატივი აყრილი, ასე არასოდეს არ მიცხოვრია. როცა უმრავლესობიდან სატელეფონო გზავნილები მოგდის, რა უნდა თქვა, ეს ჩემთვის ყველაზე მიუღებელია.

ვისგან რა გზავნილები მოგდიოდათ და რა შინაარსის?

- ნეგატიური ფონით რა უნდა თქვა, წინ რა თემა წამოწიო და რა არ უნდა თქვა. უმრავლესობაში სოციალური ჯგუფია, რომლიც შეტყობინებებს აგზავნის. გასაგებია, რომ ხელისუფლებას პიარი სჭირდება, მაგრამ ძალიან ცუდი პიარია და იმდენად სუსტი, რომ ზოგჯერ, ზოგიერთი განცხადება დეამეტრალურად საწინააღმდეგოც კი გამოსულა. ბევრ საკითხზე განსხვავებული აზრი მაქვს. მათ შორის, დაბალანსებულ ფუნქციებზე. პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებულმა დაპირისპირებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. ეს საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, ქვეყნის იმიჯს აზიანებს და ადამიანებს ნიჰილიზმში აგდებს. ეს უნდა დამთავრდეს. პრეზიდენტი მოგვწონს თუ არა, ხუთი წლის ვადით ავირჩიეთ და ისევე როგორც პარლამენტი. ხელოვნური გზებით ერთი ფრთის წამოწევა და მეორე შტოს დაკნინება არ შეიძლება. ბედნიერი ვარ, რომ უკმაყოფილება ღიად გამოვთქვი. უამრავი უცნობი ადამიანი დამიკავშირდა, რომელმაც ჩემი ნაბიჯი ღირსეულად შეაფასა და მადლობა მითხრეს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაც კი გავბედე. მართალი გითხრათ, ერთ-ერთი ვიყავი ვინც ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის წინააღმდეგი იყო.

თქვენ ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პროცესებს კულისებიდან მართავს?

- დიახ. ის სახელმწიფოს საქმიანობასა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ურთიერთობაში ერევა. მისი ავტორიტეტი უზარმაზარია, ის საქართველოში ყველაზე ძლიერი მოქალაქეა და მისი ამოცანა კონსოლიდაცია უნდა იყოს.

მეჩვენება თუ ყოფილ პრემიერს აკრიტიკებთ. კოალიციაში ბიძინა ივანიშვილმა, არ მოგიყვანათ?

- ივანიშვილმა მიგვიყვანა მასთან, როცა პოლიტიკაში შემოვიდა, მაგრამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მას შემდეგ შემარჩიეს, რაც ბათუმში სოციალური კვლევა ჩატარდა და ყველაზე დიდი უპირატესობა მე მივიღე. კანდიდატად ივანიშვილის დასახელებული არ ვარ, მაგრამ არჩევნები ივანიშვილთან ერთად მოვიგეთ და მისი წვლილი უზარმაზარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა, რომელთაც იბრძოლეს არ დააფასონ.

თვითმართველობის არჩევნებზე იმ ადამიანების წამოწევა მოხდა, რომლებიც 1-ელ ოქტომბერს სწორედ „ქართულ ოცნებას“ ებრძოდნენ.

პარტიიდან თქვენ რესპუბლიკელებმაც გაგრიცხეს?

- რესპუბლიკელებმა მეჩეთთან დაკავშირებით გამრიცხეს.

მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, პარტიასთან შეთანხმების გარეშე, სერიოზული მიტინგების ორგანიზება დავიწყეთ, რის გამოც გამრიცხეს. პირველი კონფლიქტი მეჩეთის გამო მოხდა, რაც ცუდია, მაგრამ მოვახერხე, რომ ურთიერთობა აღდგენილიყო.

და ბოლოს... 2012 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ამომრჩეველს მოუწოდებდით 5 ნომერი არ შემოეხაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელი გაუხმებოდათ. 41-ის შემოხაზვას ნანობთ?

- მოხდენილი ფრაზა გამოვიდა, ხომ? პირიქით, არ ვნანონ. 1-ელი ოქტომბერი უნდა მომხდარიყო, რომელიც ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა. უმრავლესობაში ბევრი მათგანი გამარჯვებასაც კი არ ელოდა. პარტიულ სიებზე როგორი ჭიდილი იყო მახსოვს. სიაში რომელი ვიყავი არც მიკითხია. მოსაგები პარლამენტის წევრობა კი არ იყო, არამედ 1-ელი ოქტომბერი. 2 ოქტომბერს გავიგე, რომ დეპუტატი გავხდი. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უკეთესს ხელისუფლებას მოვიყვანთ.