აჭარის დეპუტაციაში აზრი ორად იყოფა - შესაძლოა, მურმან დუმბაძემ ვიცე-სპიკერის პოსტი შეინარჩუნოს

აჭარის დეპუტაციაში აზრი ორად იყოფა - შესაძლოა, მურმან დუმბაძემ ვიცე-სპიკერის პოსტი შეინარჩუნოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტიდან მურმან დუმბაძე საკუთარი ნებით წასვლას არ აპირებს, უმრავლესობა კი, თანანმდებობიდან მისი გადაყენების მიზნით, აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებთან კონსულტაციებს მართავს.

for.ge-ს ინფორმაციით, უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე დღეს, აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებს - ფატი ხალვაშს, ანზორ ბოლქვაძეს, იაშა შერვაშიძეს და როსტომ ხალვაშს საკუთარ კაბინეტში, დახურულ კარს მიღმა შეხვდა და კანონმდებლებს მურმან დუმბაძის პოსტიდან გამოწვევის თხოვნით მიმართა.

წყაროს ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაზე ფატი ხალვაშმა და ანზორ ბოლქვაძემ ნეიტრალური პოზიცია დაიკავეს, როსტომ ხალვაშისგან კი საგანელიძემ კატეგორიული უარი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, მმართველმა გუნდმა მურმან დუმბაძეს ვიცე-სპიკერის პოსტი ვერ დაატოვებინოს.

საქმე ისაა, რომ რეგლამენტით, ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან პირის გამოწვევას ან დანიშვნას ოთხი ხმა სჭირდება. ამ მოწვევის პარლამენტში აჭარის დეპუტაცია ექვსი წევრით არის წარმოდგენილი და იმ შემთხვევაში თუ, როსტომ ხალვაშმა პოსტიდან დუმბაძის წასვლას მხარი არ დაუჭირა, უმრავლესობას ოთხი ხმა არ აქვს და მათ მიზნის მისაღწევად უმცირესობის წევრის, ომარ მეგრელაძის დახმარება დასჭირდება.

თავის მხრივ, დუმბაძის პოსტიდან გადაწყენების წინააღმდეგია ომარ მეგრელაძე. როგორც for.ge-ს მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, ის აღნიშნულ საკითხზე მეგრელაძეს გუშინ ესაუბრა.

„მეგრელაძემ მითხრა, რომ დუმბაძის პოსტიდან გადაწყენებას მხარს არ დაუჭერს, რადგან ეს ინიციატივა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის.

„თავის დროზე, მეგრელაძეს ხმა დუმბაძისთვის არ მიუცია და არც ახლა მოსწონს, მაგრამ მან თქვა, რომ ხელისუფლების დაკრულზე არ გაივლის“, - განუცხადა for.ge-ს მაჭავარინმა, თავად მეგრელაძემ კი, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ ომარ მეგრელაძისგან განსხვავებით, ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ - ანზორ ბოლქვაძესა და ფატი ხალვაშს, რომელიც for.ge-ს ინფორმაციით, ვიცე-სპიკერის პოსტზე დუმბაძის შემცვლელად მოიაზრება.

ჩვენთან საუბარში ხალვაში აცხადებს, რომ ვიცე-სპიკერის თანანმდებობიდან დუმბაძის გადაყენების თაობაზე უმრავლესობა იმსჯელებს, ამ ეტაპზე კი, გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მისი თქმით, თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, შესაძლოა, ის პოსტს არ დათანხმდეს.

„პოსტიდან დუმბაძის გამოწვევის შესახებ არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია, უნდა ჩამოვყალიბდე. ჩემს თავში უნდა გავაანალიზო, რა ხდება. მურმანს დიდი დამსახურება აქვს როგორც 2012 წლამდე, ასევე შემდეგ და საწყენია, რაც მოხდა. როგორ გითხრათ, რაზე დავთანხმდები და რაზე არა?! მგონი, არ დავთანხმდები“, - განუცხადა for.ge-ს ხალვაშმა, რომლის პათოსს იზიარებს ანზორ ბოლქვაძე.

for.ge-სთან საუბარში კანონმდებელი აღნიშნავს, რომ დუმბაძის საკითხს აჭარის დეპუტაცია ერთად გადაწყვეტს.

„ძალიან ცუდია, რომ ამ კინკლაობაში დრო გადის, ხალხს იმედები უცრუვდება. სჯობს, საქმე გაკეთდეს და ამ თემებზე ნაკლები დრო დავკარგოთ. საკითხზე ვიმსჯელებთ, მაგრამ ახალ კანდიდატურასაც გააჩნია“, - დასძენს დამოუკიდებელი დეპუტატი და ყოფილი ნაციონალი ბოლქვაძე.

თავად დუმბაძე კი პროგნოზირებს, რომ უმრავლესობა მას პოსტიდან ვერ გადააყენებს.

როგორც for.ge-ს დუმბაძემ განუცხადა, არის ვიცე-სპიკერი და იქნება კიდეც.

„კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა დაიწყონ და ჩაწერონ, რომ მურმან დუმბაძე არ შეიძლება იყოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი. ამ გადაწყვეტილების მიღება ასე ადვილი არ არის, რადგან მათ ოთხი დეპუტატის ხელმოწერა სჭირდებათ. ხმების შეგროვებას ვერ მოახერხებენ“, - აცხადებს დუმბაძე, რომელსაც აკრიტიკებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი.

დეპუტატის თქმით, მურმან დუმბაძე ცდილობდა, რომ მის შეხედულებებზე აგებულიყო ხელისუფლების დამოკიდებულება აჭარასთან მიმართებაში.

„სანამ ფრაქციის წევრებთან დაიწყებოდა შეხვედრა, მურმან დუმბაძემ განცხადებები გააკეთა იმის თაობაზე, თუ რა უნდა ეთქვათ ფრაქციის წევრებს პოლიტსაბჭოზე. სხვა გზა არ დატოვა, რომ არ გარიცხულიყო. დუმბაძე იყო ის პიროვნება, ვინც ცდილობდა, რომ ეს ფრაქცია ემართა“, - აღნიშნავს ვოლსკი.

რაც შეეხება იმას, რეგლამენტის მიხედვით თუ როგორ ხდება ვიცე-სპიკერის პოსტიდან გათავისუფლება, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი for.ge-ს განუმარტავს, რომ პირის პოსტიდან გამოწვვეის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარეს აჭარის რეგიონის ექვსი მაჟორიტარი დეპუტატიდან ოთხმა უნდა მიმართოს.

მისი თქმით, მიმართვის შემდეგ, სპიკერი საქმის კურსში ბიუროს და პლენარულ სხდომას აყენებს, რის შემდეგადაც ითვლება, რომ ვიცე-სპიკერი პოსტიდან გაშვებულია.

„15 დღის ვადაში ახალი ვიცე-სპიკერის გამწესება უნდა მოხდეს. ამ პოსტზე ახალი კანდიდატურის წარდგენა ისევ ოთხი დეპუტატის მიერ ხდება“, - დასძენს კახიანი.

შეგახსენებთ, რომ მურმან დუმბაძე პარტიიდან გუშინ გარიცხეს. მთავრობის ცნობით, გადაწყვეტილება იმის გამო იქნა მიღებული, რომ დუმბაძე აჭარაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ერევა და საკადრო პოლიტიკას განაგებს. ამასთანავე, forge-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე, დღეს, უმრავლესობა პრემიერ-მინისტრთან ერთად „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში იმსჯელებს.