საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში

ლატვიის რესპუბლიკამ საერთაშორისო ფორუმს „რიგის კონფერენცია 2014“ უმასპინძლა. მსოფლიოს გლობალური უსაფრთხოების სფეროში მომუშავე საჯარო მოხელეებმა და ექსპერტებმა ორი დღის განმავლობაში ევროატლანტიკურ  უსაფრთხოებასა და თანამედროვე გამოწვევებზე იმსჯელეს.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნატოს ღია კარის პოლიტიკის საკითხების განხილვაში მიიღო მონაწილეობა: „მოხარულები ვართ, რომ ნატოს წევრი ქვეყნები შესაბამისად აფასებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დემოკრატიული განვითარების მხრივ, ასევე საქართველოს მიერ მსოფლიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს. ნატოს სამიტზე ჩვენ არსებითი პაკეტი მივიღეთ, რომელიც დაგვეხმარება და გზას გაგვიხსნის, რომ საქართველო საბოლოოდ გახდეს ნატოს წევრი. პაკეტი ბევრ მნიშვნელოვან ელემენტს მოიცავს, რაც ჩვენს ქვეყანას ნატოსთან თავსებადობის გაზრდაში დაეხმარება და  ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს გაზრდის“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გამოსვლისას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უელსში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველოს მიერ მიღებულ არსებით პაკეტზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზებზე ისაუბრა: „უელსის სამიტზე ნატოს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. სამიტამდე, შიდა დონეზე თუ ექსპერტებს შორის, ხშირად იყო დისკუსიები თემაზე - სჭირდება თუ არა საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). უელსის სამიტზე კი ჩვენ მივიღეთ დამატებითი ინსტრუმენტები, რომელიც სრულიად საკმარისია ქვეყანა ნატოში გაწევრიანებამდე მიიყვანოს. გაწევრიანების სამოქმედო გეგმას აქვს პოლიტიკური ღირებულება, რომ ქვეყანა გახდება ნატოს წევრი, ასევე, პრაქტიკული ღირებულება, როგორიცაა ყოველწლიური ეროვნული პროგრამა. საქართველოს აქვს ორივე – პირობა ბუქარესტის სამიტიდან, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც ეფექტურად მუშაობს და უელსის სამიტზე მივიღეთ არსებითი პაკეტი, ასევე, გავხდით გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის წევრები. ეს ყველაფერი კი გაწევრიანების გზაზე ძალიან ძლიერი მექანიზმებია.“

რიგაში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ დარჩიაშვილმა ლატვიის სახელმწიფო მდივანთან თავდაცვის საკითხებში იანის სარტსთან  ორმხრივი შეხვედრა  გამართა. მხარეებმა  თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ლატვიის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და  უელსის სამიტის შედეგები შეაჯამეს. მიხეილ დარჩიაშვილმა ლატვიელ კოლეგას  საქართველოს ნატოში გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და  იმედი გამოთქვა, რომ ლატვიის მხარე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მხარდამჭერი ზომების იმპლემენტაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვება.