„კეკლუცის სურვილი ჩვენგანაც ბევრს აქვს“

„კეკლუცის სურვილი ჩვენგანაც ბევრს აქვს“

„ნაციონალური მოძრაობა“ კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლას პროგნოზირებს, მმართველი გუნდი კი, დემოკრატიულ პროცესზე აპელირებს და ყურადღებას ხელისუფლების შიგნით არსებულ ჯანსაღ ვითარებაზე ამახვილებს.

თუ ვინ ჩაუშალა ამერიკაში დაგეგმილი ვიზიტი გიორგი მარგველაშვილს და რა ბედი ეწევა საკონსტიტუციო ცვლილებებს? - ამის გარკვევის მიზნით, for.ge უმრავლესობის ლიდერს, დავითაგანელიძეს ესაუბრა:

პრეზიდენტის განცხადებით, ინსტიტუციური ბრძოლის შედეგად, ამერიკაში მისი ვიზიტი ჩაიშალა. ქვეყნის პირველ პირს, რატომ ჩაუშალა მთავრობამ ვიზიტი?

- ხარვეზს კონსტიტუციაში ვხედავ, რომელიც წინამორბედისგან დაგვხვდა. საქართველოს კონსტიტუცია არის ნაჩიჩქნი, გადაკეთებულ-გადმოკეთებული და ერთ კაცზე - მიხეილ სააკაშვილზე მორგებული. ყოფილი პრეზიდენტი ხედავდა რა, მას პოსტზე ყოფნის უფლება აღარ ჰქონდა, პრეზიდენტს ფუნქციები წაართვა და პრემიერს გადასცა. სააკაშვილმა ყველაფერი თავისთვის მოიმზადა. ქვეყანა ვერც საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა, ვერც საპრეზიდენტო და ამჟამად, არეული ფორმა მივიღეთ. სამწუხაროდ, დღევანდელ სიტუაციაში ადამიანები თავიანთ ფუნქციას დოკუმენტებში ეძებენ, რომ ვალდებულებები შეასრულონ. საზოგადოება ხედავს, თითქოს, კამათი და კინკლაობა მიდის, მაგრამ აქ საუბარია არა იმაზე, რომ პრეზიდენტს ან პრემიერს ნიუ-ორკში ჩასვლა უნდათ, არამედ ფუნქციის შესრულებაზე, რაც კონსტიტუციაში გამიჯნული არ არის. რაც შეეხება ვიზიტის ჩაშლას, ქართული ენა ისეთია ვითარების ნებისმიერი ინტრეპრეტაცია შეგიძლია. მართალი გითხრათ კარგია, რომ ეს ვიზიტი ჩაიშალა თუ არ შედგა, რადგან კომიკური ვითარება შეიქმნებოდა. წარმოგიდგენიათ, ოთხ მილიონიანი ქვეყნიდან ამერიკაში ორი დელეგაცია ჩასულიყო? თუ ჩაიშალა, როგორც ჩანს, გარკვეული არგუმენტაციები დაიდო იმის საწინააღმდეგოდ, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ამ ეტაპზე არ შემდგარიყო. ვიზიტი ჩაიშალა იმის გამო, რომ პროცესი არასწორად იყო აგორებული. იმ აზრისგან შორს ვარ, რომ თითქოს პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზნით, ჯგუფი მუშაობდა.

თუმცა, ბატონო დავით, როგორც საპარლამენტო კულუარებში აღნიშნეს, პრეზიდენტმა ვიზიტის ჩაშლის თაობაზე გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ქართულმა მხარემ ის სტუმართა სიაში არ ჩასვა. ანუ, დღის წესრიგში პრეზიდენტი სტუმრის რანგში არ იყო წარდგენილი. ამასთანავე, როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, მას საგარეო უწყება არც დიპლომატიურ ფოსტას უგზავნის. აღმასრულებელი ხელისუფლება ქვეყნის პირველი პირის იგნორირებას რატომ ახდენს?

- იგნორირებული პრეზიდენტი კი არ არის, არამედ არის საკითხები, რომელიც სხვადასხვა ინსტიტუტის იგნორირებას ახდენს. პრეზიდენტი სტუმრის რანგში რომ არ იყო, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა მისი ფუნქცია და როლი გაითავისა და ეს თემა მოხსნა. კარგი იქნებოდა, რომ ინფორმაცია მისთვის ადრე მიეწოდებინათ და დასკვნა ადრე გაეკეთებინა. რაც შეეხება ფოსტას, ეს საკითხი სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს, ვინც ფოსტას არ აგზავნის, უნდა დაისაჯოს კიდეც. ვფიქრობ, ეს ტექნიკური საკითხია, რადგან ამას შეგნებულად რომ ვინმე აკეთებდეს, წარმოუდგენელია.

როდესაც პრემიერისა და პრეზიდენტის ფუნქციის გამიჯვნაზე და კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერებზე აპელირებთ, საკონსტიტუციო ცვლილებები აქამდე, რატომ არ მოამზადეთ? „ქართული ოცნებახელისუფლებაში უკვე ორი წელია არის.

- 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს რომ მოვედით, ბევრად ეკეთესი იქნებოდა კონსტიტუცია შეგვეცვალა, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ორგანული კანონის დამტკიცების მსგავსი არ არის. ორი წელია ვამბობთ, რომ პარლამენტის ორი შენობა არ უნდა არსებობდეს, მაგრამ როგორც ხედავთ, კონსტიტუციის შეცვლა იოლი არ არის. ამასთანავე, არც საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვყავს. საკონსტიტუციო რეფორმის გატარება საკმაოდ რთული პროცესია და ამაში ჩართული მოსახლეობა უნდა იყოს. როგორი კარგი კონსტიტუციაც არ უნდა მიგვეღო, იმაში დაგვადანაშაულებდნენ, რომ კონსტიტუცია ექვს თვეში საკუთარ თავზე მოვირგეთ. უწესოდ არაფერი გავაკეთეთ. ხალხი მიეჩვია, რომ კომუნიზმის დროს პოლიტიკაში არ ერეოდა და ყველაფერი მოსკოვში წყდებოდა, შევარდნაძის დროს ქაოსი იყო, კანონს არავინ კითხულობდა და ყველაფერი ვაშას ძახილით მიდიოდა, ხოლო სააკაშვილის დროს საუბარს რა აზრი ჰქონდა, ეს კაცი ყველაფერს თავის თარგზე აწყობდა. ამ რეჟიმში აღარ ვართ და ისევ ასე გვინდა? სანამ კონსტიტუცია არ შეიცვლება, კაზუსებს უნდა შევეგუოთ.

ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი ვარიანტი მზად 1-ელ მარტამდე იქნება. იქედან გამომდინარე, რომრესპუბლიკელებისაპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე არიან, ხოლოთავისუფალი-დემოკრატებიპრეზიდენტის ძლიერი ინსტიტუტის, არ ფიქრობთ, რომ უმრავლესობას არათუ 113 ხმის შეგროვება, არამედ მხარდამჭერების პოვნა კოალიციის შიგნითაც გაუჭირდება?

კოალიცია ექვსი პოლიტიკური ძალისგან შედგება და ძნელია, ექვსივე პარტია ერთ ჭკუაზე იყოს. უფრო მეტს გეტყვით. როდესაც პარტიის პროგრამას ვწერდით, იქაც იყო თემები, სადაც შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ და ჩავწერეთ - ან ასე, ან ისე. კოალიციის ძალა კონსესუსშია. უმრავლესობა კანონებს რომ ღებულობს, გგონიათ, ყოველთვის ერთიანი პოზიცია არის და ამის უკან მძაფრი მსჯელობა არ არის? - რა თქმა უნდ, არის. ხანდახან სერიოზული კამათიც მოგვსვლია. შეიძლება, კონსტიტუციაში თითოეული მუხლი საკამათო გახდეს, მაგრამ კოპრომისები იქნება და საბოლოოდ, ერთიან გადაწყვეტილებას მივიღებთ.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი კონკურენციაშია მთავრობასთან. თქვენც ასე ფიქრობთ?

- დიახ, ასე ვფიქრობ, ოღონდ კარგი გაგებით. კონკურენციაში იწრთობი როგორც ბიზნესში, ასევე პოლიტიკაში. ბატონ გიორგის დიდი პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს. მან რაც კონსტიტუციაში წაიკითხა, როგორც პასუხისმგებლიანი ადამიანი ცდილობს, რომ ეს ყველაფერი შეასრულოს. ის სწორ პოზიციებს ეძებს და ფიქრობს, რომ რიგი საკითხი თუ მისი ფუნქციაა და ამას წაუყრუებს, პასუხს საზოგადოება მას მოსთხოვს. როცა კონსტიტუცია ჩასწორდება და რგოლები გასწორდება, ასეთი რამ აღარ იქნება. თუ პრეზიდენტს რომელიმე კანონის მიმართ განსხვავებული პოზიცია აქვს, ამას დადებითად ვაფასებ.

თქვენი ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებაში პოლიტიკური კრიზისია. კოლაიციის დაშლის ნიშნებს ხედავთ?

- მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდა. ოპონენტებს ერთი სული აქვთ, რომ მმართველი კოალიცია დაიშალოს, ურეიტინგო, ხუთ პროცენტიანი პარტია გახდეს მმართველი ძალა და ხელისუფლებაში ისევ მოვიდნენ. აბა, სხვას რას იტყვიან - კოალიცია სწორი გზით მიდის, საღი აზრის გარშემო კამათობენ და არ არის დიქტატურაო? ამ ადამიანებისგან არც ველოდები, რომ რეალურ და ობიექტურ შეფასებებს გააკეთებენ. მათი მიზანია, ერთი მუჭა ამომრჩეველი არ დაკარგონ.

ბატონო დავით, თქვენ სურათის დახატვას ცდილობთ, რომ უმრავლესობაში განსაკუთრებული არაფერი ხდება, მაგრამ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თანაგუნდელები გაკიცხა და თქვა, რომქართული ოცნებახალხს იმისთვის არ აურჩევია, რომელიმე მათგანინაციონალურ მოძრაობასეკეკლუცოს. გუნდში ვინმე ისეთი გყავთ, რომელიც უმცირესობასეკეკლუცება“?

- თეა წულუკიანი იმიტომ მიყვარს, რომ ყოველთვის თამამად ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. მეც მაგ აზრზე ვარ, რომ საკეკლუცოდ არავინ ვართ არჩეულნი. საქმე უნდა ვაკეთოთ.

თქვენს გუნდში კონკრეტულად, ვინ კეკლუცობს?

- კეკლუცის სურვილი ჩვენგანაც ბევრს აქვს და სხვაგანაც. ზოგს კამერა უხარია, ზოგი ჟურნალისტს რომ დაინახავს, მაშინ ხდება ვითომ თამამი და მებრძოლი, ისე კი გასუსულია. ყველა თავისებურად კეკლუცობს, მაგრამ სჯობს, კეკულუცს ყველამ თავი დაანებოს. ვინც თავის თავზე მიიღო, ეწყინა და გულზე მოხვდა, სჯობს, კარგად დაფიქრდეს და სარკეში ჩაიხედოს. ჩემს თავზე ნამდვილად არ მიმიღია.

რაც შეეხებანაციონალური მოძრაობისგეგმებს, for.ge-სთან ინტერვიუში, ნუგზარ წიკალურმა აღნიშნა, რომშესაძლოა, ქვეყანაში გამოსვლები გაცილებით ადრე დაიწყოს, ვიდრე 2016 წლის არჩევნებამდე. ამ გამოსვლების ავნგარდში კი, „ნაციონალური მოძრაობაიქნება“. როგორ აფასებთ, ოპონენტის პროგნოზს?

- ჩემს თავს იმ ადამიანად არ ვთვლი, რომ წიკლაურის კომენტარებზე შეფასებები ვაკეთო. მანიფესტაციების ჩატარების უფლება ყველას აქვს. პარლამენტში 50 ნაციონალია, გარეთ 500 მხარდაჭერი ჰყავთ და შეუძლიათ, წინ და უკან იარონ, ერთმანეთს დროშები უქნიონ. მათ წინ და უკან სიარულს არავინ დაუშლის. მეტი საქმე მაინც არ აქვთ.