თედო ჯაფარიძე For.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე, ირანის ვიზიტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

თედო ჯაფარიძე For.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე, ირანის ვიზიტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

მინდა გამოვეხმაურო საინფორმაციო სააგენტო For.ge-ს მიერ 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიას „თედო ჯაფარიძეს ურჩევნია, ბოლომდე გახსნას კარტები და თქვას რატომ იყო რთული ეს ვიზიტი“ (http://www.for.ge/view.php?for_id=35722&cat=2).

სამწუხაროდ, For.ge-მ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ მოახერხა, დამკავშირებოდა, რადგანაც ვიზიტით ვიმყოფებოდი ოსლოში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ერთად, ხოლო ახლა კი მივემგზავრები ვაშინგტონში. საქართველოში დაბრუნებამდე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიუნჰენის აეროპორტიდან გავაკეთო რამდენიმე განმარტება ზემოთ აღნიშნულ სტატიაში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ, For.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაცია კონტექსტიდან ამოვარდნილია და არ ასახავს რეალურ სურათს. საერთოდ, ჩემთვის გაუგებარია სიტყვა „რთულმა“ რატომ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი და ვნებათაღელვა. უცნაურია, მაგრამ საქმე იქამდეც მივიდა, რომ სააკაშვილის უშიშროების სამსახურის ყოფილმა მუშაკებმა ისეთი ინფორმაცია გააჟღერეს, რომელიც პრინციპში არ არის საჯარო (მხედველობაში შ.უტიაშვილის „განმარტებები“ მაქვს). მე რომ მკითხოთ, ჩემთვის სიტყვა „რთული“ სულაც არ წარმოადგენს ნეგატიურს, პირიქით, ნიშნავს საინტერესოს, ეს ვიზიტიც ზუსტად ასეთი იყო, საინტერესო და მოვლენებით დახუნძლული.

ირანში მნიშვნელოვანი და სტრატეგიული შეხვედრები გავმართეთ. კერძოდ, ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის თავმჯდომარესთან ალი ლარიჯანისთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან ალაედინ ბორუჯერდისთან, ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან ბატონ ირევანისთან, აგრეთვე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იბრაჰიმ რაჰიმფურთან.

როდესაც საქართველოს პარლამენტში გამართულ ბიუროს სხდომაზე ირანის ვიზიტის „სირთულეზე“ ვსაუბრობდი, ვგულისხმობდი სირთულეს ქართული მხრიდან და ეს არ ეხებოდა თავად ვიზიტს. ირანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან გამართულ შეხვედრებზე, რომლებზეც ჩვენ გვქონდა საინტერესო და საგნობრივი საუბრები, არ ვიყავი დეტალური ინფორმაციით აღჭურვილი არსებულ (თუ ასეთი არსებობს) სავაჭრო და ეკონომიკურ პროექტებზე, მაშინ როდესაც ირანის მხარე ამ ინფორმაციას დეტალურად ფლობდა. ვფიქრობ, ასეთ მდგომარეობაში ნებისმიერი ქართველი ოფიციალური პირის ვიზიტი რთული იქნებოდა. შეხვედრებზე გაკვრით იყო საუბარი ირანელ მეცნიერზე. თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ გაკვრით ითქვა და მეტი არაფერი.

რაც შეეხება თავად ვიზიტს, მინდა მოგახსენოთ, რომ იყო უაღრესად პოზიტიური, სასარგებლო და პერსპექტიული. აღსანიშნავია, რომ ირანული მხარე ასევე ძალიან შეშფოთებულია ISIS-ის ქმედებებით და მზად არის საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სათანადო მოქმედებებში ამ გლობალური საფრთხის წინააღმდეგ. ირანი განსაკუთრებული ქვეყანაა საქართველოსთვის არა მარტო გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, არამედ ორ ქვეყანას შორის არსებული უძველესი ისტორიული კავშირების გამოც.

დასასრულს, მინდა გამოვეხმაურო სტატიაში აღნიშნულ განცხადებას ქვეყნის გარეთ არსებულ ჩემს კავშირებთან დაკავშირებით. მინდა მოგახსენოთ, რომ მე, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, წლების მანძილზე კარგი კავშირები მაქვს, და არა მხოლოდ რუსეთში, კიდევ უფრო მეტი კავშირები მაქვს ამერიკასა და ევროპაში. ამასთან, ყოველთვის მზად ვარ, ეს ჩემი კავშირები საქართველოს ინტერესებს მოვახმარო.

როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს მივემგზავრები ამერიკაში. ვფიქრობ, იქაც „რთული“ ვიზიტი მექნება. დაგეგმილია ბევრი მაღალი დონის შეხვედრა და გამოსვლა. საქართველოში დაბრუნებისთანავე მზად ვარ For.ge-ს რედაქციას გავცე პასუხი მისთვის ყველა საინტერესო შეკითხვაზე. ზოგადად, მიყვარს პრესასთან ურთიერთობა.

ირანში, ვიზიტის ფარგლებში ასევე იმყოფებოდა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთაკომიტეტის თავმჯდომარე, გუბაზსანიკიძე, რომელიც ჩემზე გაცილებით უკეთ ერკვევა რეგიონის უმწვავეს საკითხებში. ვიზიტის ერთ-ერთი ორგანიზატორი კი გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, იოსებ ჩახვაშვილი. ვფიქრობ, არ იქნება ურიგო, თუ For.ge და სხვა დაინტერესებული საინფორმაციო სააგენტოები და გამოცემები მათაც ჩამოართმევენ ინტერვიუს.