საქართველოს კერძო უნივერსიტეტების გადასახადი კემბრიჯ-ოქსფორდისას უტოლდება

საქართველოს კერძო უნივერსიტეტების გადასახადი კემბრიჯ-ოქსფორდისას უტოლდება

რომელია ქვეყანაა სასწავლებლად ყველაზე ძვირი და რა ღირს სწავლა მსოფლიოს წამყვან და საქართველოს პრესტუჟულ სასწავლებლებში. ჩვენ შევეცადეთ თავისებური შედარება გაგვეკეთებინა.

Business Insider-მა ჩაატარა კვლევა, რომელში მონაწილეობაც 15 ქვეყნის 4500-მა მშობელმა მიიღო. მათი ინფორმაციით, შვილებისთვის უმაღლესი განათლების მიცემა ავსტრალიაში ყველაზე ძვირი ჯდება. მაგალითად, თუ აშშ-ში სწავლა წელიწადში, საშუალოდ, 36 ათასი აშშ დოლარი ღირს (საფასურში შედის სწავლების გადასახადი და ცხოვრების ღირებულება), ანალოგიური პერიოდი ავსტრალიაში დაახლოებით 42 ათასი აშშ დოლარი ჯდება.

ავსტრალიაში განათლების მიღება განსკუთრებული პოპულარობით აზიელ სტუდენტთა შორის სარგებლობს. თუმცა, როგორც უცხოური გამოცემა წერს, აქ სწავლის ხარისხი განათლების ღირებულებას არ შეესაბამება. მიუხედავად ამისა, ავსტრალიის უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტები ყველაზე დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი. მათ მისაზიდად ქვეყანას 2 ფაქტორი ეხმარება: პირველი - აზიასთან ტერიტორიული სიახლოვე და მეორე - ცხოვრების მაღალი დონე.

როგორც ამბობენ, ავსტრალიის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა, სწორედ უცხოელი სტუდენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

ავსტრალიის შემდეგ, განათლების მიღების თვალსაზრისით, ძვირადღირებული ქვეყნების სიაში მოხვდნენ: სინგაპური, სადაც ერთი წლის სწავლების საფასური 39 ათას აშშ დოლარზე მეტია, აშშ- 36 ათასი, გაერთიანებული სამეფო - 35 ათასი, ჰონგ-კონგი - 32 ათასი, კანადა - 29 ათასი, საფრანგეთი - 16 ათასი, მალაიზია - 12 ათასი, ტაივანი - 11 ათასი და სხვა. განათლების მიღება ამ ქვეყნების ფონზე შედარებით იაფი ინდოეთშია. აქ სწავლა 5 ათასი აშშ დოლარი ჯდება.

სხვათა შორის, უმაღლესი განათლების სიძვირის მიმართულებით საქართველო „ფეხს უწყობს“ მსოფლიო ტენდენციებს. მართალია, ჩვენთან სწავლების დონე და უნივერსიტეტების ინფრასქრუქტურა ბევრად ჩამოუვარდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებს, მაგრამ გადასახადის მხრივ სულაც არ არის ასე.

საქართველოს პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საშუალო წლიური გადასახადი დაახლოებით 5500 ლარია (ეს ქვემოთ მოყვანილი მონაცამებიდანაც კარგად ჩანს და სტუდენტმა ბაკალავრის დიპლომის აღებამდე (4 წელიწადში) 22 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. იმ შემთხვევაში კი, თუ იგი მაგისტრატურაში გადაწყვეტს სწავლის გაგრძელებას, რაღა თქმა უნდა, სწავლის საფასური დაახლოებით 10-12 ათასი ლარით გაიზრდება და სრულფასოვანი განათლების მიღება, ოჯახს 32-34 ათასი ლარი დაუჯდება.

სკოლიდან დაწყებული და უმაღლესი სასწავლებლით დამთავრებული, ყველაფერი ისეთ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომელსაც საშუალო შეძლების ოჯახი გაჭირვებით, ზოგჯერ კი საერთოდ ვერ ახერხებს. კიდევ კარგი, რომ ქვეყანაში არსებობენ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები, სადაც სწავლებისთვის ტარიფის ზედა ზღვარია დაწესებული (2250) ლარი. ამიტომაც, მათი პოპულარობა აბიტურიენტებში წლიდან წლამდე იზრდება.

ახლა გადავხედოთ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ტარიფებს და შევადაროთ ის საქართველოს პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლების გადასახადს.

ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ) ერთი წელის სწავლა 50-60 ათასი დოლარი, დაახლოებით, 86-103 ათასი ლარი ჯდება. იელის უნივერისტეტი (აშშ) - 34 500 დოლარი (დაახლოებით 59 500 ლარი). ლონდონის საიმპერატორო კოლეჯში სწავლის მსურველმა 14-30 ათასი გირვანქა სტერლინგი, დაახლოებით, 39-85 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს, სტენფორდის უნივერსიტეტში (აშშ) კი - 45 ათასი დოლარი, დაახლოებით, 77 000 ლარი. კოლუმბიის უნივერსიტეტი (აშშ) განათლების მიღება 31 500 ათასი დოლარი ჯდება, დაახლოებით, 54 500 ლარი, კემბრიჯის უნივერისტეტი (დიდი ბრიტანეთი) - 10 ათასი გირვანქა სტერლინგი, დაახლოებით, 28 500 ლარი, ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) - 9-12 ათასი გირვანქა სტერლინგი, დაახლოებით, 25 500 - 34 000 ლარი.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი 1 წლის საშუალო გადასახახდი 6950-7650 ლარია. 4-წლიანი სწავლების შემთხვევაში სტუდენტმა 28 000-30 000 ლარი მაინც უნდა გაამზადოს, ხოლო თუკი მაგისტრატურაშიც სწავლაც ისურვა, მაშინ 6 წლის გადასახადი 40 ათას ლარს გადააჭარბებს.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი 1 წლის სწავლის საფასური 5900 ლარია (4 წელიწადში - 23 600, 6 წელიწადში - 34 000 ლარამდე), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში - 4600-5100 ლარი (4 წელიწადში - 20 000 ლარამდე, 6 წელიწადში - 30 000 ლარამდე), კავკასიის უნივერსიტეტში - 6000-7600 ლარი (4 წელიწადში 24-30 ათასი ლარი, 6 წელიწადში - 40 ათას ლარამდე), სდასუ-ში (საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი) - 4500 ლარი (4 წელიწადში - 18 000 ლარი, 6 წელიწადში - 24 000 ლარი).

ამ მონაცემებიდან ნათლად ჩანს, რომ ქართული უნივერსიტეტები გადასახადების მხრივ ოქსფორდს და კემბრიჯს გაუტოლდნენ და დიდად არც ამერიკულ სასწავლებლებს ჩამორჩებიან.