მანიპულაცია საინვესტიციო ტერმინებით

მანიპულაცია საინვესტიციო ტერმინებით

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული საინვესტიციო მონაცემების შემდეგ, ექსპერტები და მთავრობის წევრები სხხვადასხვა პოლუსზე აღმოჩნდნენ. პირველნი დარწმუნებულნი არიან, რომ პირდაპირი უცხური ინვესტიციები შემცირდა, ხოლო მეორენი კაპიტალდაბანდების ზრდაზე ამახვილებენ ყურადღებას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამტკიცებს, რომ 2014 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების (პირდაპირი და პორტფელი) მოცულობა გაიზარდა. ამ პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 151 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, საბანკო სექტორში ცვლილება გამოიწვია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან თანხის გადადინებამ უცხოურ პორტფელის ინვესტიციებში . წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის II კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 480 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ 2014 წლის მეორე კვარტალში დაჯამებულია როგორც პირდაპირი, ასევე პორტფელური ინვესტიციების მოცულობა.

„მოგეხსნებათ, „თიბისი ბანკი“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა და 300 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავლის შემოდინება მოხდა. ეფექტის კუთხით თუ შევხედავთ, პრინციპში იგივეა, ჯამში გამოდის სადღაც 450 მილიონზე მეტი - პირდაპირი და პორტფელური ინვესტიცია. თუმცა რომ არ ყოფილიყო „თიბისის“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლა, მაშინ საკმაოდ არასასურველი ციფრი გვექნებოდა. ამის გარეშე უკვე ფაქტობრივად ინვესტიციების 60 მილიონიანი კლება იქნებოდა გასული წლის იგივე კვარტალთან შედარებით“, - აცხადებს ლექვინაძე.

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ 2014 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების სტატისტიკაზე პირველი კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმაც. ნოდარ ხადური ჯიუტად ამტკიცებს, რომ ინვესტიციის მოცულობა გაზრდილია.

„მოხდა სტრუქტურული ცვლილება. „თიბისი ბანკმა“ მოიზიდა არაპირდაპირი უცხოური ინვესტიცია, არამედ პორტფელური ინვესტიცია. ჯამში უცხოური ინვესტიციების მოცულობა, პორტფელური და პირდაპირი ჯამში გაზრდილია 20%-ით. თუმცა 91 მლნ დოლარი ინვესტიცია განხილულია როგორც პირდაპირი, არამედ როგორც პორტფელური უცხოური ინვესტიცია. ასე რომ, ინვესტიციის მიმართულებით არანაირი შემცირება არ არის“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე ამბობს, რომ ამ კომენტარით ფინანსთა მინისტრი ფაქტობრივი სურათის „შელამაზეაბას“ ცდილობს:

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2014 წლის მეორე კვარტლის მონაცემებთან დაკავშირებით, ხელისუფლება ცდილობს „შეალამაზოს“ ფაქტობრივი სურათი და საზოგადოებას გარკვეულწილად სწორედ ეს „შელამაზებული“ ინფორმაცია მიაწოდოს. რეალურად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2014 წლის მეორე კვარტალში საგრძნობლად შემცირდა და სულ რაღაც 151 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, - ამბობს კალანდაძე.

იგი აცხადებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ტენდენცია „საქსტატის“ ანგარიშებში ასახულ ცხრილებშიც თვალნათლივ ჩანს:

„აქ საყურადღებო არის ის გარემოება, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე კვარტლის მონაცემი მნიშვნელოვნად ნაკლებია, როგორც მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელთან (265 მლნ. აშშ დოლარი), ისე გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან (208 მლნ. აშშ დოლარი) შედარებით.

ეს 151 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კვარტალური მაჩვენებელი უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში. დღეს ხელისუფლება ცდილობს პრაქტიკულად ჩავარდნილი საინვესტიციო პოლიტიკა „შეელამაზოს“ და „თიბისი ბანკის“ 2014 წლის განმავლობაში მიერ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ფასიანი ქაღალდები, ანუ ე.წ. საბანკო პორტფელური ინვესტიცია საკუთარ „აქტივში“ მიითვალოს და ამით კი, ფაქტობრივად, დაფაროს ის საგანგაშო მდგომარეობა, რაც 2014 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით“, - აცხადებს კალანდაძე და დასძენს, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს ტერმინებით თამაშს.