უმცირესობა ბიუჯეტის გარღვევაზე საუბრობს, უმრავლესობა ჯანსაღ პროცესზე

უმცირესობა ბიუჯეტის გარღვევაზე საუბრობს, უმრავლესობა ჯანსაღ პროცესზე

„ნაციონალური მოძრაობა“ 2014 წლის პრობლემურ ბიუჯეტზე აპელირებს და პროგნოზირებს, რომ მთავრობა მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში ხაზინიდან დიდი რაოდენობის თანხებს გამოყოფს, რაც ლარის გაუფასურებას გამოიწვევს.

საპარლამენტო უმცირესობის კრიტიკა 2014 წლის ბიჯეტის შესრულების ექვსი თვის მონაცემებმა დაიმსახურა. ოპოზიცია სამინისტროების მხრიდან თანხების ვერ ათვისებაზე საუბრობს, მმართველი ძალა კი, სახელმწიფო ბიუჯეტის ცხრა თვის მონაცემებს ელოდება და აცხადებს, რომ ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა გადაჭარბებითაც არის შესრულებული.

როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ზურა ჯაფარიძემ განუცხადა, ბიუჯეტში ბევრი პრობლემაა. მათ შორის, შემოსულობების ნაწილში 100 მლნ ლარამდე დანახარჯია, მთლიანი დანახარჯის ნაწილში კი, დანაკლისი 400 მლნ ლარია.

მისი თქმით, ბიუჯეტში სამინისტროებს აქვთ გარღვევა.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს პრობლემები. როგორც შარშან, ასევე ახლაც თუ მთავრობა ხაზინიდან დიდი რაოდენობის თანხებს გამოყოფს, ეს ლარის გაუფასურებას გამოიწვევს. ამ ანგარიშში ყველაზე მნიშვნელოვანი ის დეტალია, რომ პრემიის სახით, წელს დაახლოებთ 130 მლნ ლარით მეტი გაიცა, ვიდრე შარშან“, - აღნიშნავს ჯაფარიძე, რომლის პოზიციას იზიარებს გოკა გაბაშვილი.

for.ge-სთან საუბარში დეპუტატი სამინისტროების მხრიდან თანხების ვერათვისებაზე აპელირებს და ამბობს, რომ ექვსი თვის გეგმა არცერთ უწყებაში არ არის შესრულებული.

გაბაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ის სურათი იქმნება, რაც გასულ წელს იყო.

„როგორც ჩანს, ბოლო კვარტალში იმ ფულს გამოყრიან, რომელიც სამინისტროებმა ვერ აითვისეს. ეს თავიანთი უნიათობის და უსუსურობის გამო ხდება. თანხების გამოყრა ლარს პრობლემას შეუქმნის. თუ ამ პრობლემების მოგვარებას შეეცდებიან, ლარის კურსის დაჭერა ქვეყანას რამდენიმე ასეული მილიონი დაუჯდება, ქართველ ხალხს კი, ინფლაციის ფასი“, - აღნიშნავს გაბაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ პათოსს კატეგორიულად არ იზიარებს ფინანსთა მინისრის მოადგილე დავით ლეჟავა.

მინისტრის მოადგილის მოსაზრებით, მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს, ამის ახსნა თითოეული პარლამენტარისთვის კი ძნელია.

ლეჟავას ცნობით, ბიუჯეტის წლევანდელი მდგომარეობა შარშანდელთან შედარებთ, გაცილებით უკეთესია.

„ბოლო თვეებს სეზონურობა ახლავს. ხარჯი დეკემბერში გაცილებით მეტია, ვიდრე იანვარში და ეს ბუნებრივი მოვლენაა. აქედან ტრაგედიის დახატვა არ იქნება სწორი. წლევანდელი ბიუჯეტის შესრულება გაცილები უკეთ მიმდინარეობს, ვიდრე შარშან. გეგმა გადაჭარბებით სრულდება და თუ ვინმეს პრობლემის დანახვა ძალით არ უნდა, ვერ დაინახავს“, - აცხადებს ლეჟავა, რომლის პოზიციაზე ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი.

თაბუაშვილის განცხადებით, ბიუჯეტის ექვსი თვის ანგარიშზე შენიშვნები იყო არა მონაცემებთან მიმართებაში, არამედ სამინისტროების მიერ გაწეულ სამსახურზე.

„პირველი ექვსი თვე ინდიკატორი არ არის საბოლოო დასკვნები, რომ გამოიტანოთ. არ შეიძლება ითქვას, რომ გეგმა არ შესრულდება და მდგომარეობა ცუდად არის. ეს არის შუალედური ანგარიში. ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში პრობლემური არ არის და შემოსავლების გეგმა გადაჭარბებითაც კი არის შესრულებული. როგორც ჩანს, თანხების ათვისების გეგმა შედარებით, უფრო ოპტიმისტურად იყო დაგეგმილი და ხარჯვითი ნაწილში ბიუჯეტი ვერ შესრულდა, მაგრამ ეს მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებს თაბუაშვილი.

მთავრობის წევრების მსგავსად, ბიუჯეტში განსაკუთრებულ პრობლემებს ვერ ხედავს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი.

კანონმდებელი ჩვენთან საუბარში განსაკუთრებულ აქცენტს საპარლამენტო კონტროლზე აკეთებს და ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანომ რეგლამენტში არსებული ის ჩანაწერი აამოქმედა, რომელიც ექვსი თვის ანგარიშის მოსმენას ითვალისწინებს.

ონოფრიშვილის განცხადებით, იდეალური ბიუჯეტი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის.

„ცხადია, რაღაც ნაწილში მეტი იყო ხარჯი, მეორე ნაწილში ნაკლები. რამდენიმე სამინისტრომ თანხები ვერ აითვისა, მაგრამ დაფინანსების კუთხით, თანხები არსებობდა. პრობლემების გამოსწორება სამინისტროებს მოეთხოვებათ. თუ რას შეცვლიან, ამას ცხრა თვის ანგარიშის წარდგენისას გავიგებთ. რაც მთავარია, ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს“, - დასძენს ონოფრიშვილი, რომლის კომიტეტმაც 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის ანგარიში ცნობად მიიღო, განსხვავებით გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტებისგან, რომელთაც ანგარიშზე უარყოფითი დასკვნა დადეს და დარგობრივი სამინისტროები თანხების ვერათვისების გამო მკაცრად გააკრიტიკეს.

პარლამენტში მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცხრა თვის ანგარიში ოქტომბრის დასაწყისში შევა. 1-ელ ოქტომბერს კი, რეგლამენტისამებრ მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა წარუდგინოს, რომელსაც განხილვების შემდეგ, უწყება დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს.