უცხოელებმა ხელი ჩაიქნიეს და ქართულ მიწებს ყიდიან

უცხოელებმა ხელი ჩაიქნიეს და ქართულ მიწებს ყიდიან

უცხოელები საქართველოში შეძენილი სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვას ცდილობენ. ეს ინფორმაცია აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიგლა აგულაშვილმა დაადასტურა. მას შესაბამისი ინფორმაცია ნოტარიუსებიდან აქვს მიღებული.

„ჩამოუყალიბებელმა ვითარებამ მათ არასტაბილურობის განცდა შეუქმნა და ქვეყნიდან გასვლას ცდილობენ“, - აღნიშა გიგლა აგულაშვილმა.

როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, უცხოელებზე გასხვისებული მიწების ჯამური ოდენობა დაახლოებით 0.8%-ს შეადგენს. ეს კი, არ არის ისეთი ციფრი, რომელმაც რამე გავლენა შეიძლება მოახდინოს.

კომიტეტეტის წევრებმა გაიზიარეს საკანონმდებლო წინადადება, რომელიც უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვაზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს და ამ მიმართულებით ახალი რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს, თუმცა იმ პირობით, რომ საპარლამენტო განხილვის პროცესში პროექტი გადამუშავდება და კომიტეტის შენიშნების მიხედვით, შეიცვლება.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ორგანიზაცია „ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემიის“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილა, რომლის მიხედვითაც, ცვლილებები სამ კანონში უნდა შევიდეს. იგი შემდეგი სიახლის ამოქმედებას ითვალისწინებს:

უცხოელ ფიზიკურ პირს, ასევე საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ერთობლივ საწარმოს და უცხოელთა მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ეზღუდებათ საკუთრების უფლება 5-კილომეტრიან სასაზღვრო ზონაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზიდან 12-კილომეტრიან მონაკვეთზე. აღნიშნული პირები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მემკვიდრეობით მიიღებენ, სასაზღვრო ზოლთან ან ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ვალდებულნი არიან გაასხვისონ იგი სამკვიდროს მიღებიდან 6 თვის ვადაში.

დგინება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი, რომელიც შეიძლება შეიძინოს უცხოელმა - იურიდიულმა თუ იურიდიულმა პირმა. ასეთ შემთვევაში მინიმალური ფართობი უნდა შეადგენდეს 5 ჰა, ხოლო მაქსიმალური - 200 ჰა. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, როდესაც პოტენციური შემძენი დაასაბუთებს, რომ საქართველოში განახორციელებს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ინვესტიციას სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, 200 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთის გასხვისება საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე დაიშვება.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დგინდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უპირატესი შესყიდვის უფლება შემდეგი რიგითობით: 1. სახელმწიფო; 2. კოოპერატივი; 3. ადგილობრივ ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ან ადგილობრივი კომლი; 4. საქართველოს მოქალაქე, კომლი, საქართველოს მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული იურიდიული პირი, ერთობლივი საწარმო, უცხოელი, საქართველოში უცხოელთა მიერ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი.

უპირატესი შესყიდვის უფლების რეალურად განსახორციელებლად გათვალისწინებულია შემდეგი მექანიზმები: სახელმწიფო მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შემთხვევაში უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირებს შორის აუქციონს ზემოთაღნიშნული რიგითობით ატარებს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ერთობლივი საწარმოს, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისა და უცხოელთა მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესაძენად საჭიროა სოფლის-მეურნეობის სამინისტროს ნებართვა, რომელიც გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქმიანობდა სოფლის მეურნეობის სფეროში, ასევე მიწის პოტენციური ბიზნეს გეგმისა და სათანადო დოკუმენტაციით დაასაბუთებს მიწის რაციონალურად გამოყენებისა და ინვესტირების შესაძლებლობას. ბიზნეს გეგმა ასევე უნდა შეიცავდეს პირობას, რომ შეძენილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე დასაქმებულ პირთა არანაკლებ 50% იქნებიან ადგილობრივ ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.

იმ მესაკუთრის მიმართ, რომელიც ზედიზედ ორი წლის განმავლობაში არ ამუშავებს მიწას, არ იხდის მიწათსარგებლობისათვის დადგენილ გადასახადს, არ უძღვება მეურნეობას და ასეთ შემთხვევაში იჯარითაც არ გასცემს სხვა პირზე, გამოყენებული იქნება საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

საკომიტეტო განხილვისას განსაკუთრებული შენიშნები პროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით გამოითქვა, რომელიც მიწის შესყიდვაზე უპირატესობის მინიჭების სქემის ამოქმედებას ითვალისწინებს. წარმოდგენილი მექანიზმი ძალიან ბუნდოვანია და სპეკულაციური შემთხვევების წარმოქმნის შესაძლებლობას ქმნის. კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა აღნიშნა, რომ რეგულაციების თვალსაზრისით არ უნდა მოხდეს „გადაჭარბებული ინტერვენცია“, რაც თავისუფალ საბაზრო პირობებს გასცდება.

საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“. გარდა ამისა, როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მზადდება მთავრობის პროექტი, რომელიც პარლამენტს ახლო მომავალში წარედგინება.

საქართველოში, 2012 წლამდე მოქმედი კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა არ ჰქონდათ, მიწის ყიდვა არ შეეძლოთ.

2012 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ყველა შეზღუდვა უცხოელებზე საქართველოს მიწის გაყიდვის შესახებ, რის შემდეგაც უცხოელებზე ასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი გასხვისდა.

2013 წლის 28 ივნისს, პარლამენტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც 2013 წლის 19 ივლისიდან ამოქმედდა. ცვლილებების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ვერ შეიძენდნენ (ვერც მემკვიდრეობით მიიღებდნენ) უცხოელი, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი და უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი. ეს უფლება აღნიშნულ პირებს 2014 წლის 31 დეკემბრამდე ჩამოერთვათ.

2014 წლის ივნისში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ უცხო ქვეყნის იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის მიწის შეძენაზე დაწესებული დროებითი აკრძალვა გააუქმა.