შეჯიბრი პისტოლეტიდან სროლაში (ვიდეო)

შეჯიბრი პისტოლეტიდან სროლაში (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა. შეჯიბრი თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში „ორბი“  ჩატარდა.

შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების თითოეული ქვედანაყოფიდან ორი საუკეთესო მსროლელი შეირჩა. ტურნირში ჩართული ორმოცი სამხედრო მოსამსახურე პირველობისთვის ორ სახეობაში - სპორტულ და ტაქტიკურ სროლებში ასპარეზობდა. შეჯიბრს სპეციალურად შერჩეული ინსტრუქტორთა ჯგუფი აკვირდებოდა.

მონაწილეები სრულყოფილად შესრულებული დავალების, სროლის შედეგებისა  და ასპარეზობის დროის მიხედვით შეფასდნენ. გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ. სპორტულ სროლაში პირველი ადგილის მფლობელი გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანამშრომელი გახდა. გამარჯვებულებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ ტურნირის თასი, სიგელები და  მედლები გადასცა.

სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ ასევე, მეორე ადგილზე გასული სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები და მესამე ადგილის მფლობელი პირადი დაცვის სამმართველოს წარმომადგენლები.

ტაქტიკური სროლის შეჯიბრში პირველი და მეორე ადგილები სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა გაინაწილეს. ინდივიდუალურ ტაქტიკურ სროლაში მესამე ადგილის მფლობელი II ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე გახდა.