შსს-მ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა

შსს-მ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი გიორგი ო. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2 სექტემბერს, ღამით, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მ-ს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, გიორგი ო. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიმალვას შეეცადა, რა დროსაც იგი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების აქტიური მუშაობის შედეგად აღნიშნული პირი 12 სექტემბერს სოფელ ერგნეთში ქართულ მხარეს გადმოეცა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით).