„თედო ჯაფარიძეს ურჩევნია, ბოლომდე გახსნას კარტები და თქვას, რატომ იყო რთული ეს ვიზიტი“

„თედო ჯაფარიძეს ურჩევნია, ბოლომდე გახსნას კარტები და თქვას, რატომ იყო რთული ეს ვიზიტი“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე არ უარყოფს, რომ ირანში ქართულ დელეგაციას ძალზე რთული ვიზიტი ჰქონდა. თუმცა იყო საინტერესო შეხვედრებიც. მისივე თქმით, „იყო რთული და ხისტი შეხვედრა ირანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილესთან“.

„შეხვედრა დიდ პოლემიკაში არ გადაზრდილა, მაგრამ ყველაფერი შეგვახსენეს და არც ჩვენ დავრჩით ვალში. შეგვახსენეს ისიც, რომ ჩვენ თავის დროზე (არ ვიცოდით ისე), ირანელი მეცნიერი დავაკავეთ, რომელიც ამერიკელებს გადავეცით და შემდეგ ამერიკელებმა დააბრუნეს, – განაცხადა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, თედო ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ირანის რესპუბლიკაში, სადაც ბევრი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა, მომზადებული ჩავიდნენ, მაგრამ ირანული მხარე დაინტერესდა კონკრეტული იდეებით, კონკრეტული ეკონომიკური წინადადებებით, მოსაზრებებითა და პროექტებით.

„მინდა გითხრათ, რომ ამ მხრივ, ჩვენი მცდელობების მიუხედავად, ვერ შევძელით მოგვეპოვებინა სათანადო ინფორმაცია იმ უწყებებიდან, რომლებიც უშუალოდ ამ საკითხებით არიან დაკავებული. კარგი იქნება, თუკი შემდეგი ვიზიტების დროს პარლამენტის წევრები ამ ქვეყანაში სათანადოდ აღჭურვილნი წავლენ, რადგან მათ არა მხოლოდ საპარლამენტო ურთიერთობებზე ექნებათ საუბარი, არამედ თემებზე, რომელიც ეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, კონკრეტულ პროექტებს, ენერგოუსაფთხოებას და ასე შემდეგ“, - განაცხადა ჯაფარიძემ ბიუროს სხდომაზე.

როგორც ცნობილია, ცხრა წლის განმავლობაში ქართულ მხარეს ირანთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. საქართველო ცდილობდა, არ დაერღვია ის „წითელი ზოლი“, რომელიც ვაშინგტონის გაღიზიანებას გამოიწვევდა. თავშეკავება გულისხმობდა რადიოაქტიური ნივთიერების და მასობრივი განადგურების იარაღის დასამზადებელი ნედლეულის საქართველოს გავლით გატანის აკრძალვას, მაღალტექნოლოგიური და ორმაგი დანიშნულების საგნების ტრანზიტს.

2008 წელს ირან-საქართველოს ურთიერთობები გაყინული იყო იმ მიზეზით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ვაშინგტონის მოთხოვნით, ქვეყნიდან გააძევა ფულის გათეთრებასა და კონტრაბანდაში დადანაშაულებული ირანელი მოქალაქეები. სიტუაცია მეტ-ნაკლებად გამოსწორდა მას შემდეგ, რაც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია დემოკრატებით შეიცვალა.

იმის გათვალისწინებით, რომ ერაყში მიმდინარე მოვლენების შემდეგ ირანის გავლენა იზრდება, რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ ირანში დღემდე ახსოვთ ნაციონალების დროს ირანელი მეცნიერის დაკავების ფაქტი და როგორ განვითარდება თბილისსა და თეირანს შორის ურთიერთობები?!

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი იხსენებს, რომ 2009 წელს, წინა ხელისუფლების დროს ბირთვულ სფეროში მომუშავე ირანელი მეცნიერი, არდებილი მართლაც დააკავეს, რადგან სარაკეტო ტექნოლოგიებს ყიდულობდა იმ დროს, როდესაც ირანი მწვავე სანქციების ქვეშ იყო. მეცნიერი საქართველოშიც ამ მიზნით იყო ჩამოსული. აღსანიშნავია, რომ იმ ხანად ირანული მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა ბირთვულ სფეროში მომუშავე კიდევ ერთი მეცნიერის, შახრამ ამირის გაუჩინარება იყო. თეირანის უნივერსიტეტის თანამშრომელი ამირი საუდის არაბეთში გაემგზავრა და უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მოხდა გაეროს გენერალურ მდივანთან პან გი მუნთან შეხვედრისას. მაშინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოთაქიმ ამირის მოტაცებაში აშშ დაადანაშაულა.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძისთვის გაუგებარია, რატომ იყო ირანში ვიზიტი რთული თედო ჯაფარიძისთვის, რადგან ირანელი მეცნიერი არდებილი ნაციონალებმა დააკავეს და ნაციონალების ყველა ქმედება დღეს უკვე ანათემაზეა გადაცემული „ოცნების“ მიერ.

„თედო ჯაფარიძე, ეტყობა, რაღაც სხვას გულისხმობდა, როცა სირთულეებზე ლაპარაკობდა. „ოცნება“ როდის აქეთ გახდა ნაცმოძრაობის სამართალმემკვიდრე? ეს სასაცილოა. ამიტომ თუ რთული შეხვედრა იყო, სულ სხვა მიზეზის გამო იყო და არა იმის გამო, რომ ნაციონალების დროს ჩადენილი საქციელისთვის პასუხი მოსთხოვეს „ოცნებას“. ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ. რას ნიშნავს ირანელი მეცნიერი „დავაკავეთ“? რა, მაშინ თედო ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის წევრი იყო? ის ხომ არასოდეს არ ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი?! ამიტომ, თუ ხორკლიან განცხადებას აკეთებს ჯაფარიძე, ურჩევნია, ბოლომდე გახსნას კარტები და თქვას, რატომ იყო რთული ეს ვიზიტი და რა უსაყვედურეს, რადგან საყვედურს ვერანაირად ვერ მიიღებდა თედო ჯაფარიძე სააკაშვილის საქციელის გამო და ირანელებიც იდიოტები არ არიან, ჯაფარიძისთვის ესაყვედურათ, სანამ თქვენ მოხვიდოდით ხელისუფლებაში, სააკაშვილმა ჩვენ რაღაც ცუდი გაგვიკეთაო. თედო ჯაფარიძეს დაახლოებით 40 წელია ვიცნობ, ის თავისი საქმის პროფესიონალია, თავის დროზე რუსეთში მსახურობდა, მშვენივრად იცის რუსეთი და კარგი ურთიერთობები აქვს რუს პოლიტიკოსებთან. სიმართლე გითხრათ, სულ მიკვირდა, თედო ჯაფარიძე საერთოდ რომ არ ჩანდა, უბრალოდ, შემდეგ მოხდა ჩემთვის გაურკვეველი რამ. თედო ჯაფარიძისთვის ინგლისში რიგითი ელჩობა დიდი საჩუქარი არ უნდა ყოფილიყო იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომლითაც ელჩები ინიშნებიან დღევანდელ საქართველოში“, - აცხადებს სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში.

ამასთან განმარტავს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ თითქოს დათბა თეირანსა და თბილისს შორის ურთიერთობა, რადგან ურთიერთობა განიმუხტა ირანსა და ამერიკას შორის. ამერიკას სულაც არ აწყობს, ირანიც იხილოს რუსეთის გვერდით. მით უმეტეს, ირანის პრეზიდენტი აღარ არის ანტიამერიკულად განწყობილი რადიკალი.

პოეტი, მეცნიერი, არაბისტი და ირანისტი გიორგი ლობჟანიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ინფორმაცია არ აქვს, რა ტონალობაში წარიმართა შეხვედრები ირანში, მაგრამ ეჭვობს, რომ განგაშის საფუძველი იყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში. მეცნიერი მიიჩნევს, რომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ირანის ისლამური რესპულიკის დამსახურება, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და მას შემდეგ აღნიშნული პოზიცია არ გადაუხედავს.

რაც შეეხება მსოფლიო პოლიტიკას, გიორგი ლობჟანიძის აზრით, მსოფლიო პოლიტიკა არასოდეს არ არის სწორხაზოვანი და ერთწახნაგოვანი. ამიტომ უნდა ვეცადოთ, ყველა ჩვენს პარტნიორთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს.

„ირანელი მეცნიერის დაკავების დეტალები რა იყო და რა ბრალდებით დააკავეს, შიდა საქმეებში ჩახედული არ ვარ. ზოგადად, ირანელები უდიდესი კულტურის ერია, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვიღაცას თავი მოვუქონო. მათთან ურთიერთობა მარტივი არ არის, მაგრამ ყოველთვის საინტერესოა, რადგან ხალისიანი ხალხია. ირანის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გამოკვეთილია. მე ვფიქრობ, ბევრ შემთხვევაში, ეს პრიორიტეტები არ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. იმ ნაწილში, სადაც საუბარია ევროპული და ირანული ღირებულების თანხვედრაზე, ჩვენ შეიძლება ვიყოთ კარგი პარტნიორები. ბევრჯერ მითქვამს, რომ ყურანი დამეხმარა, მეტად ქრისტიანი რომ გავმხდარიყავი. ყველა რელიგიის საფუძველი სიყვარული და ადამიანის პატივისცემაა. მოგატყუებთ ის ადამიანი, ვინც გეტყვით, რომ რომელიმე რელიგია ახალისებს ტერორიზმს. ყურანში ასახულია წარმოდგენა ქრისტიანობის შესახებ, რომელმაც მე სხვანაირად დამაფიქრა, საკუთარი რელიგიის გააზრებამ მიმიყვანა ყურანის პატივისცემამდე და ქრისტიანობის კიდევ ერთხელ და სიღრმისეულ პატივისცემაზე. იესო ქრისტეც და წმინდა მარიამიც ყურანში უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით არიან გარემოცულნი“, - აცხადებს გიორგი ლობჟანიძე.

ჩვენ ვეცადეთ თედო ჯაფარიძესთან დაკავშირებასაც, მაგრამ ის მიუწვდომელი აღმოჩნდა.