პრეზიდენტმა ხმა აიმაღლა. „ინსტიტუციური ბრძოლა“, პირობითად ასე შეიძლება ეწოდოს პოლიტიკურ ბრძოლის ერთ-ერთ რაუნდს, რომელიც გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის არის საჭირო. პრეზიდენტის მოთმინების ფიალა გაეროში მის ვიზიტთან დაკავშირებულ საკითხზე აივსო, რომელიც ყოველწლიურ კონფერენციაზე კლიმატის ცვლილების თემაზე მოხსენებით გამოსვლას გულისხმობდა.
„აშშ-ში ვიზიტი ჩაშლილია“,- აცხადებს პრეზიდენტი და განმარტავს, რომ ამ ვიზიტის საწინააღმდეგოდ მთავრობაში ორგანიზებულად იმუშავეს.
„ეს არის, რეალურად, არასწორი ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა პრეზიდენტის ინსტიტუტის საპირისპიროდ. ჩემი აზრით, ეს არის ნაბიჯი რომელიც გადადგმულია არა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების, არამედ, გარკვეული უწყებრივი დაპირისპირებებიდან გამომდინარე. თუ ჩვენ წავალთ ამ გზით და შევეცდებით ვოლუნტარიზაცია განვახორციელოთ რომელიმე ინსტიტუტში - იქნება ეს პრეზიდენტი თუ სხვა, ჩემი აზრით, მივიღებთ იმას, რაც ასე არ მოგვწონდა სააკაშვილის რეჟიმში“, -აცახდებს გიორგი მარგველაშვილი.
პრეზიდენტი განმარტავს, რომ ვიზიტის ჩაშლის თაობაზე ინფორმაცია 11 სექტემბრის დილით მიიღო, თუმცა მანანდეც იცოდა, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული პირები აქტიურად მუშაობდნენ. იგი არ აკონკრეტებს იმ ადამიანთა ვინაობას, ვინც პრეზიდენტის ვიზიტი ჩაშალა, მაგრამ ღიად საუბრობს იმის შესახებ, რომ მისთვის შექმნილ ამ კონკრეტულ პრობლემასა და დემოკრატიის მშენებლობის პროცესის შეფერხებას შორის ერთგვარი ტოლობის ნიშანია.
„ჩვენ ვდგავართ დემოკრატიის მშენებლობის გზაზე, ეს არის რთული გზა, როდესაც რომელიმე ინსტიტუტი მანდატის მიხედვით, დამოუკიდებელ პოლიტიკას ახორციელებს, ეს ხშირად არის ხოლმე აღქმული, როგორც დაპირისპირება. მინდა ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, ეს არ არის დაპირისპირება, ეს არის დემოკრატია... მე ვემსახურები ქვეყანას, ვემსახურები იმას, რომ ქვეყანაში გაძლიერდეს დემოკრატიული წყობა, ვემსახურები ჩემს ქვეყანას კონსტიტუციის ფარგლებში და ასე გავაგრძელებ. ბუნებრივია, ვითარება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ვერ საუბრობდეს და გაჩუმდეს, იქნება არა პრეზიდენტის ინსტიტუტის, არამედ, დემოკრატიის წინააღმდეგ გადადმული ნაბიჯი. ყველას, ვისაც მოლოდინი აქვს, რომ იყოს აბსოლუტური უნისონი და არ უნდა იყოს მინიმალური ძალთა ბალანსი, რომ, პრაქტიკულად, გადაქაჩული უნდა იქნეს ხელისუფლება ერთი მიმართულებით, ჩემი აზრით, არ ესმის კარგად, რა არის დემოკრატია“, - აცხადებს პრეზიდენტი.
გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც კონკრეტულ პრობლემებზე საუბრობს, ამით პოლიტიკურ ამბიციებს არ გამოხატავს და მხოლოდ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების საშუალებას მოითხოვს.
„მე ამ რელაობაში არსაითკენ არ ვქაჩავ საბანს, იმიტომ რომ, არც მინისტრების დანიშვნა მჭირდება, არც არავის პოლიტიკურ გუნდს ვწევ წინ, მაგრამ, რაც შეეხება ინსტიტუტებს შორის ბალანსს, ეს იქნება შენარჩუნებული და ეს არის ჩემი ვალდებულება“, - აცხადებს პრეზიდენტი.
მარგველაშვილი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებასაც ეხმაურება, რომლის თანახმადაც საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა. თუ აქამდე ივანიშვილს მხოლოდ სახელით და ერთგვარად შინაურულად მოიხსენიებდა ხოლმე, ამჯერად „ბატონ ბიძინას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ მას მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციებს აწვდიან, იმავდროულად, ხაზს უსვამს იმ ფაქტორს, რომ თავად ხალხის მიერ უშუალოდ არჩეული უმაღლესი თანამდებობის პირია.
„მე მგონი ბატონი ბიძინა იღებს ცალმხრივ ინფორმაციას, საპარლამენტო რესპუბლიკა არ არის საქართველო, არის ნახევრად საპრეზიდენტო. საქართველოს ჰყავს არჩეული პრეზიდენტი, საპარლამენტო რესპუბლიკებში, ჩვეულებრივ, პრეზიდენტები არიან ხოლმე დანიშნული პარლამენტიდან. საქართველოს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი“,- აცხადებს მარგველაშვილი და განმარტავს, რომ პოლიტიკური კუთხით დამოუკიდებელი თამაშის წამოწყებას და ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას არ აპირებს, რადგან „პოლიტიკური კარიერის პიკზე“ იმყოფება და ამ სტატუსით საზოგადოებასთან დემოკრატიაზე საუბარიც თამამად შეუძლია. დემოკრატიის თემაზე კი მას ამგვარი რამეც აქვს სათქმელი: „დემოკრატიაში არავინ არ არის არავის დირექტორი, არის ძალაუფლება და ბალანსი გადანაწილებულია შტოებს შორის. ყველა ჩვენგანს ევალება ამის განხორციელება, ევალება, ემსახუროს ამ პრინციპებს. ვინ არის მთავარი კი არა, თავისი როლი ვის როგორი გააჩნია. მე ამ პრინციპებს ვემსახურები და გავაგრძელებ მომავალში“, - აცხადებს პრეზიდენტი.
„ბევრი რამ არის ამქვეყნად საოცარი, ჩემო ჰორაციოო“, - რომ ამბობდა თავის დროზე ავრელიუსი, შეიძლება, საქართველოზეც გავავრცელოთ ეს ამბავი“, - ასე აფასებს მოკლედ for.ge-სთან საუბრისას ქვეყნის პოლიტიკურ ინსტიტუტებში შექმნილ ვითარებას პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე და განაგრძობს: „ჩვენ გვიყვარს თამაშა და არა თამაში, ყველაფერს თამაშად გადავაქცევთ ხოლმე. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ბერიკაობა-ყეენობითაც ვებრძოდით მტერს, ახლა ამ თამაშით ვცდილობთ, რომ რაღაცას მივაღწიოთ, უამრავ ოპონენტებთან. მართალი გითხრათ, არ მინაჩნია სერიოზულად ის, რაც ხდება ჩვენ გარშემო“.
პოლიტოლოგი კრიტიკულ განცხადებებს ინტერესთა თითქმის ყველა ჯგუფის მისამართით „იმეტებს“ და ბევრ შეხედულებასა და პოზიციას უმართებულოდ მიიჩნევს.
„არც ბიძინა ივანიშვილი არის მართალი, როცა ამბობს, რომ ჩვენ ქვეყნის საპარლამენტო მოწყობა გვაქვს, და არც მარგველაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ნახევრად საპრეზიდენტო ქვეყანა ვართ, არც ისინი არიან მართლები, ვინც ამბობენ, რომ სახელმწიფოს მეთაური არის პრეზიდენტი - მოუხედავად იმისა, რომ ფორმალურად კონსტიტუციიდან ასე მომდინარეობს, და, არც ისინი - ვინც ამბობს, რომ რადგან საყოველთაო კენჭისყრით, ხალხის მიერ არის არჩეული პრეზიდენტი, მას უნდა მოვუსმინოთ და ვათქმევინოთ ქვეყნის სახელით ყველგან და ყველა ფორუმზე პირველი სიტყვა. არც ის მგონია მე მართებული, როცა ერთმანეთს ეკინკლავება ქვეყნის ორი პირველი პირი და ფიქრობენ, რომ მაინცადამაინც თავად უნდა წარმოადგენდნენ ქვეყანას. არც იმას მივიჩნევ მართებულად, როცა მარგველაშვილი ამბობს, რომ ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის უნდა შევინარჩუნოთ“, -აცხადებს ვაჟა ბერიძე და ინტერესდება, თუ რომელ შტოში მოიაზრებს საპრეზიდენტო ინსტიტუტს გიორგი მარგველაშვილი.
პოლიტოლოგის განმარტებით, დღეს საპრეზიდენტო ინსტიტუტი, არც აღმასრულებელი ხელისუფლების და არც რომელიმე ხელისუფლების ნაწილია და მხოლოდ ერთგვარი მედიატორია, რომელიც სახელმწიფოებრიობას განასახიერებს.
„საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იქნას მიყვანილი ბოლომდე, მეტი სიცხადე და მკაფიოობა უნდა შევიტანოთ პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც ქვეყანაში ყალიბდება, ყველა სხვა გზა პიროვნულ კინკლაობამდე მივა. თუნდაც არაფორმალური ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ იყოს ხელდასმული პიროვნება და ხალხის მიერ იყოს დადასტურებული ივანიშვილის ეს არჩევანი, დიდი ალბათობაა, პიროვნულ დონეზე არ იგუოს ამ პირმა სტატისტისა და მარიონეტის როლი. სწორედ, ამ დროს იწყება გაუგებრობები, რომელიც ქვეყანას აზიანებს, დააზიანა და მომავალშიც დააზიანებს“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ყველა საჭირო დეტალი კონსტიტუციაში უნდა გაიწეროს და საზოგადოებამ ამ გზით ყველა ინსტიტუტს და დაქირავებულ პირს მისი ადგილი უნდა მიუჩინოს.