პრეზიდენტს, მთავრობისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს, ექს-პრემიერი. ბიძინა ივანიშვილის აზრით, გიორგი მარგველაშვილი მთავრობას, როგორც კონკურენტს განიხილავს, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყანას აზიანებს. ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ ამას პრეზიდენტი მარგველაშვილი უნდა მიხვდეს.
ივანიშვილი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ინაუგურაციის მეორე თუ მესამე დღესვე, როცა სიტუაციის დალაგება დაიწყეს, გაუგებრობაში აღმოჩნდნენ. პოლემიკის ერთ-ერთი საგანი კი, მისივე განცხადებით, პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიცია გახდა, რომ ის კონკურენციაში უნდა იყოს მთავრობასთან და პარლამენტთან.
„ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ და ეს ჩემთვის იყო გაუგებარი. მე მას ვეუბნებოდი, რომ ეს პოზიცია არ არის სწორი, თქვენ უნდა მოხვიდეთ ერთ გუნდად, „ქართული ოცნების“ გუნდი გეხმარებოდა მთელი არჩევნების განმავლობაში, მხარს გიჭერდა, ჯერ არაკორექტულია და მეორეც, კონკურენცია დაგაზარალებთ. თქვენ კონკურენტი გყავთ უმუშევრობა, უამრავი, მათ შორის ტერიტორიული პრობლემები, საგარეო პოლიტიკა და ა.შ. ხელი-ხელს ჩაკიდეთ, ერთად უნდა იმუშაოთ და არ უნდა იყოს კონკურენცია.
საბოლოოდ, მე ჩემს აზრზე დავრჩი, მას კი თავისი აზრი არ შეუცვლია. მის ყველა ქმედებაში განა მარტივი დასანახი არ არის, რომ (ეს სიტყვა არ მინდა ვიხმარო, მაგრამ) კონკურენტს ებრძვის, კონკურენტთან აქვს საქმე და უნდა ხელი შეუშალოს. ამით, საბოლოო ჯამში, ქვეყანას ეშლება ხელი და ამას უნდა მიხვდეს პრეზიდენტი მარგველაშვილი“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მისთვის პრეზიდენტის ქმედებები გაუგებარია.
„რა შუაშია მთავრობა იმაში, რომ ის პრეზიდენტის სასახლეში შევიდა და გუნდის არც ერთ წევრს არ კითხა მაშინ, როცა იცოდა მათი უარყოფითი განწყობა, თვითონაც უარყოფითი განწყობა ჰქონდა. ვეტოს დადება ძლივს გადაიფიქრა კანონპროექტზე, რომელიც წაკითხული არ ჰქონდა და პროკურატურას „გრიფი“ მთელი თვე არ მოუხსნა, სანამ არ გასაჯაროვდა. რა შუაშია აქ მთავრობა? ის, რომ ერთი თვე არ ხსნი გრიფით „საიდუმლოს“ ელემენტარულ საბუთს და, ამავდროულად, აცხადებ, რომ კონკურენციაში გინდა იყო ხელისუფლებასთან, ეს საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, აზარალებს ქვეყანას“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშვილის საკმაოდ ხმაურიანი განცხადება განხილვის თემაა მთავრობის წევრებსა და ექსპეტებს შორის. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ არასოდეს არ გააკეთებს იმას, რაც დააზიანებს ქვეყანის ინტერესებს და გაახარებს „ნაციონალურ მოძრაობას“.
„რამდენიმე ხანია, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის თანამშრომლობა გართულებულია. მე ვიცი ერთადერთი, რომ მე პირადად არასდროს, ჩემი მინისტრად თუ სხვა პოზიციაზე ყოფნისას, როგორც „ქართული ოცნების“ კოალიციის წევრი, არ გავაკეთებ იმას, რაც დააზიანებს ქვეყნის ინტერსესს, არასდროს არ გავაკეთებ იმას, რაც შეიძლება ხელს უწყობდეს, ახარებდეს „ნაციონალურ მოძრაობას“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს, რომ აუცილებელია თანმხვედრი მუშაობა:
„მე მივიჩნევ, რომ აუცილებელია თანხვედრი მუშაობა და არა - კონკურენცია და ამან ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის განვითარებას. არ მიმაჩნია სწორ დამოკიდებულებად, როდესაც არჩეული პირი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა სამთავრობო გუნდის დახმარებით, ეწინააღმდეგებოდეს და კონკურენციას უწევდეს მთავრობას“, - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეძახის მთავრობასთან კონკურენციაში შესვლას, ამას დემოკრატიულ სახელმწიფოში სახელმწიფოს სხვადასხვა შტოებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა ჰქვია.
„ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეძახის მთავრობასთან კონკურენციაში შესვლას, ამას დემოკრატიულ სახელმწიფოში სახელმწიფოს სხვადასხვა შტოებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა ჰქვია, ეს აუცილებელია, რათა ქვეყანა იყოს დემოკრატიული, იყოს ბალანსი და კონტროლი. შესაბამისად, ეს თემა, რომ ძალაუფლება უნდა იყოს კონცენტრირებული მხოლოდ ერთ სამთავრობო შტოში, არის არასწორი, ჩვენ ეს ვნახეთ და ამას ქვეყნისთვის სასურველი შედეგი არ მოუტანია“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მიმდინარე პრცესებიდან უკვე ძნელი გასარკვევია, ვინ ვისთან არის უკვე ოპოზიციაში. მარგველაშვილი მთავრობასთან, თუ მთავრობა მარგველაშვილთან. მისივე თქმით, ის მოდელი, რომ პარლამენტი ოპოზიციაში უნდა იყოს მთავრობასთან, ეს ძველი მოდელია. პოლიტოლოგი განმარტვას, რომ თავის დროზე იგივე მოდელი ჰქოდა ზურაბ ჟვანიას.
„თავის გამოსვლებში პრეზიდენტს არსად აღმასრულებელი ხელისუფლება არ გაუკრიტიკებია. პოლიტიკაში კრიტიკა იწყება სიტყვიდან. დელეგაციის დაკომპლექტებით კრიტიკა არ იწყება. არ მგონია, აქ იდეა იყოს ჩადებული, რომ კრიტიკული უნდა იყოს პრეზიდენტი ხელისუფლების მიმართ. ამ არეულ-დარეულობის ფონზე საქმე უფრო მარტივადაა, ვიდრე ჩანს. პრეზიდენტი, ისევე როგორც პრემიერი, ეძებენ იმ ნიშას, რომელიც შეიძლება ამ კონსტიტუციის ფარგლებში თითოეულმა მათგანმა დაიკავოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ივანაიშვილის გზავნილებს იზიარებს, თუმცა, პრობლემას მთავრობის ქმედებაში ხედავს, ვიდრე პრეზიდენტში, ექსპერტი გია ხუხაშვილი რომლის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუთი ირკვევა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ის საკმარისად ინფორმირებული არაა.
„არ მგონია, რომ პრეზიდენტისთვის გაეროში წასვლა იყოს პრინციპული, აქ საუბარია იმაზე, რომ მთავრობის გადასაწყვეტი არაა, სად წავა პრეზიდენტი. მთავრობამ გადაწყვიტა და ივანიშვილის განცხადებაშიც ეს ჩანს, რომ უნდა წავიდეს პრემიერ-მინისტრი. დიდი ბოდიში, მაგრამ პრეზიდენტის ვიზიტებზე მთავრობამ არ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტლება, ზუსტად აქ არის პრობლემა ინსტიტუტების პატივისცემაზე და კომპეტენციების გაიჯვნაზე. ვიზიარებ ივანიშვილის განცხადებას, მთავრობა ერთ გუნდად უნდა მუშაობდეს.
მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლების ერთი შტო ცდილობს მოახდინოს იმაზე უფრო მეტი ძალაუფლების დემონსტრაცია, ვიდრე მას კანონი განუსაზვრავს. პრეზიდენტი საუბრობს კანონის უზენაესობაზე. ვერც ერთ ფაქტს ვერ დაასახელებს მთავრობა, როდესაც პრეზიდენტი მარგველაშვილი გადავიდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და მთავრობის უფლებამოსილება აეღო თავის თავზე. რეალურად თუ ვილაპარაკებთ, აგრესია, კომპეტენციების დარღვევა, ძირითადად შეტევა მოდის მთავრობისგან და არა პრეზიდენტისგან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.