ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს ურჩევს, გადადგეს და მთავრობა გადააყენოს. მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების სერიოზული არგუმენტი აქვს. არგუმენტად კი, პარლამენტის ვიცე-სპიკერს ის ფაქტი მოჰყავს, რომ მთავრობამ გააუქმა ის დეპარტამენტი, რომელმაც არაოფიციალური წესით აჭარის უმაღლეს საბჭოს გაუგზავნა ის მონაცემები, რაც აჭარის მთავრობას ოფიციალური წესით უნდა გაეგზავნა. მისივე თქმით, უმაღლესი საბჭოს ფუნქციაა განახორციელოს კონტროლი მთავრობის მუშაობაზე და მსგავსი მონაცემები კონტროლის განსახორციელებლად აუცილებელია.
for.ge მურმან დუმაბაძეს ესაუბრა.
ბატონო მურმან, რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ითხოვთ მთავრობის გადადგომას?
- ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შვიდივე წევრმა დაადასტურა, რომ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა უნდა დაიწყოს. როგორც ცენტრალური ხელისუფლების წევრი, მაქსიმალურად ნეიტრალურ მდგომარეობაში ვიყავი და ვაკეთებდი კომენტარებს, რომ ეს არის ხელისუფლების ორ სხვადასხვა შტოს შორის ურთიერთშეჯიბრისა და კომპრომისის მოძებნის გზა. ჩატარდა პირველი ბრიფინგი, სადაც უმაღლესი საბჭოს წევრი ამბობს, მთავრობამ გააუქმა ის დეპარტამენტი, რომელმაც არაოფიციალური წესით აჭარის უმაღლეს საბჭოს გაუგზავნა ის მონაცემები, რაც აჭარის მთავრობას უნდა გაეგზავნა ოფიციალური წესით.
დეპუტატაები ითხოვდნენ რა ინვესტიციები განხორციელდა, ინვესტიცების ძირითადი თემატიკა და მიმართიულება რა არის. ეს ინფორმაცია დამალა მთავრობამ. დიახ, უმაღლეს საბჭოს უჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მთავრობა იმიტომ მალავს ამ ინფორმაციას, რომ მისთვის დაინტერესებულ ბიზნესებს შეუწყოს ხელი და არა ზოგადად ბიზნესს. ჩნდება სამართლებლივი საფუძველი, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო მოიქცეს ისე, როგორც იქცევა. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, რომ დაიწყოს უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. ფრაქცია „ქართული ოცნება“ დაეთანხმა უნდობლობის დაწყებას.
პოლიტიკური საბჭო არ იზიარებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ამ ვითარებაში როგორ წარმოგიდგენიათ მთავრობის იმპიჩენტის საკითხი?
- აჭარის უმაღლესი საბჭოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამარჯვებული პოლიტიკური პარტია, გამარჯვებულ მთავრობას უცხადებს უნდობლობას. ასეთი რამ ძველი ხელისუფლების დროს იყო დაუშვებელი. უნდა გითხრათ, რომ აქამდე ცენტრალური ხელისუფლება ამ საკითხში არ ეროდა, ეს არის კარგი. ამ პროცესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუციური კანონი, სადაც ცენტრალური და რეგიონალური მთავრობის კომპეტენციები მკაცარად არის განსაზღვრული. ასე რომ, რეგიონის ერთი და იგივე ხელისუფლების ორ განსხვავებულ შტოს შორის ეს პაექრობა ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია.
გასაგებია, მაგრამ უმაღლესმა საბჭომ, რომლებიც იმპიჩენტის პროცედურის საკითხის დაყენებას აპირებენ, რატომ არ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ცენტრალურ ხელისუფელებას ან პოლიტიკურ საბჭოს?
- უნდა გითხრათ, რომ აქ უკვე ცოტა მეხსიერების პრობლემაა. მე მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ აჭარის უმაღლესმა საბჭომ არაერთგზის მიმართა მთავრობას იმისათვის, რომ ჩარეულიყო ამ შესაძლო კონფლიქტის მოგვარებაში.
რადგან მთავრობა არ ჩაერია ამ კონფლიქტის მოგვარებაში, ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხში მთავრობის მხარდაჭერა არ გაქვთ?
- მთავრობა ვერ ჩაერევა. ეს არის უმაღლესი საბჭოს ექსკლუზიური უფლება, რომ განახორციელოს ის უფლებები, რაც კონსტიტუციით არის გაწერილი. აჭარის უამღლეს საბჭოს ექსკლუზიური უფლება აქვს, რომ აჭარის მთავრობის უნდობლობის საკითხი დააყენოს. მთავრობის იმპიჩმენტის საკითხის პროცედურა დაიწყება იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ 7 კაციანმა შემადგენლობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ისინი მხარს უჭერენ უნდობლობის პროცედურის დაწყებას. ეს ნიშნავს, რომ უმაღლეს საბჭოს ხმების ერთი მესამედი პროცედურის დაწყებითვის აქვს. ამ საქმეს წინ არაფერი უდგას.
როდესაც 2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილმა დაგვარბია, ის გადადგა და მოიპოვა ლეგიტიმაცია. სხვათა შორის, ამის შემდეგ გაცილებით მეტი ფინანასური ნაკადი შემოვიდა საქართველოში, იმიტომ, რომ მან გადადგა გაბედული პოლიტიკური ნაბიჯი. მოვუწოდებ ახალგაზრდა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც პოლიტიკაში ახალბედაა, გადააყენოს მთავრობა და უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს იგივე მთავრობა, ან გასხვავებული მთავრობა. თუ უმაღლეს საბჭოში მოიპოვებს მხარდაჭერას, მისი პოლიტიკური წონა გაცილებით გაიზრდება, თუ ვერ მოიპოვებს, ეს ნიშნავს, რომ მათ შორის კონფლიქტი არის გარდაუვალი.
ითქვა, რომ ალექსანდრე ჩიტიშვილი მოქმედებს მურმან დუბაძის დავალებით. ამ ბრალდებას გიყენებთ ა-რ ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე, რადგან მისი თქმით, მთავრობის უნდობლობის დაყენების საკითხი ავტომატურად მოჰყვა მურმან დუმბაძის კადრების განთავისფლებას. ფაქტია, რომ საკადრო ცვლილებას ავტომატუარად მოჰყვა იმპიჩმენტის პროცედურა. რას იტყვით, თქვენ მართავთ პროცესებს?
- საკადრო პოლიტიკა იმპიჩმენტის საკითხთან კავშირში არაა. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის განცხადებას, თუ აჭარის მთავარობას ამის მეტი დამცველი არ ჰყავს, ნიშნავს, რომ მთავრობის საქმიანობა ფიასკოდ იქნება შეფასებული. ეს კაცი კენჭს იყრიდა თვითმმართველობის არჩევნებში, ყუთების რაოდენობა უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ხმები მიიღო. მირჩევნია, რომ უფრო კვალაიფიციური მხარდამჭერები ჰყავდეთ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცენება“ შეხვდა პრემიერ-მინისტრს, თითქოს იყო შეთანხმება მიღწეული, რომ ეს საკითხი არ დადგებოდა დღის წესრიგში, რა მოხდა შემდეგ?
- ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ და ერთ-ერთი იყო ეს საკითხი. პრემიერს არანაირი მითითება არ მოუცია.
როდესაც არჩილ ხაბაძის საკითხი დააყენეთ, რა გითხრათ პრემიერ-მინისტრმა?
- პრემიერმა მხარი დაუჭირა იმ ჩანაწერს, რომელიც კონსტიტუციაშია - რა უფლებამოსილება აქვს უმაღლეს საბჭოს და მთავრობას. ეს არის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის ურთიერთობის საკითხი. ვერც ერთი ხელისუფლება ამ საქმეში ვერ ჩაერევა. სხვა საკითხია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პოლიტსაბჭო, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს იქნება პოლიტუკური გამოხატულება და არავითარი სამართლებრივი ძალა მას არ აქვს.