პოლიტიკური წერილები, რომლებიც კონკრეტული პირების სახელით ვრცელდება და რომლებზეც „პასუხისმგებლობას“ არავინ იღებს - ბოლო დღეებში პრესაში გავრცელებული ორი წერილიდან ერთი გრიფით „საჯაროა“, მეორე - „საიდუმლო“, მაგრამ ჟურნალისტის ხელში ჩავარდნის გამო მაინც გასაჯაროებული. ბიძინა ივანიშვილის სახელით მედიამ წერილი გასული კვირის ბოლოს გაავრცელა, მიმდინარე კვირის დასაწყისში კი „კვირის ქრონიკამ“ გიგი უგულავას მიერ დავით კეზერაშვილისადმი მიწერილი უსტარი დაბეჭდა. თავად ადრესატებმა წერილების ავტორობა მალევე უარყვეს, მასზე პასუხიმგებლობა არ აიღეს და ფაქტი პროვოკაციად დააკვალიფიცირეს.
ივანიშვილის სახელით გავრცელებულ წერილში ავტორი ხელისუფლების ცალკეულ ქმედებებს აკრიტიკებდა და საკადრო ცვლილებების აუცილებლობაზე მიანიშნებდა, „უგულავას წერილის“ ავტორი კი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების გეგმას აღწერდა.
საზოგადოების გარკვეული ნაწილი წერილების და მისი შინაარსისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობას საჭიროდ არ მიიჩნევს. ექსპერტთა ერთი ჯგუფი კი ფიქრობს, რომ უგულავას სახელით გავრცელებული წერილი ხელწამოსაკრავი არ არის, რადგან სერიოზული ნამუშევარია და შესაბამის ანალიზს საჭიროებს.
პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „უგულავას წერილი“ ნახა, მაგრამ არ წაუკითხავს, რადგან, მიიჩნია, რომ უინტერესო იქნებოდა. ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებული წერილი კი წაიკითხა და მიხვდა, რომ ფალსიფიკაცია იყო.
„ბოლო დროს ვაკვირდები, მოდაში შემოვიდა ფალსიფიკაციები. „ფეისბუქშიც“ ხშირად უცვლიან სათაურებს სტატიებს და ასე ავრცელებენ. ამაზე რომ კომენტარები ვაკეთოთ, ფალსიფიკაციის წახალისება იქნება და ფალსიფიკატორები მუდმივად გაავრცელებენ“, - აცხადებს მაღლაფერიძე.
პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ ადრესატების მიერ უარყოფილი წერილები კონკრეტული პირების ინტერესების შედეგია და მათი გავრცელება, შესაძლოა, ხელს „ქართულ ოცნებასაც“ აძლევდეს და „ნაციონალურ მოძრაობასაც“. კახიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას „უგულავას წერილზე“ ამახვილებს და აღნიშნავს, რომ წერილში მოყვანილ გეგმებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ამგვარ მიზნებზე მას და მის კოლეგებს აქამდეც არაერთხელ უმსჯელიათ.
„ქართულ ოცნებას სჭირდება „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც მეორე ძალის მატარებელი პოლიტიკური სუბიექტი, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება მხარდამჭერების მობილიზება, რომ ყველაფერი წინ არის და არ არის წაგებული „ომი“. დღეს გამოკვეთილად საუბარი იმაზე, ვის ეკუთვნის ეს წერილი ამ ორი პოლიტიკური ძალიდან, შეუძლებელია, თუმცა, ფაქტია, გიგი უგულავას სახელით გავრცელდა“,- აცხადებს კახა კახიშვილი.
ექსპერტი ერთგვარ განმარტებებს „უგულავას წერილში“ მოყვანილ კონკრეტულ ინფორმაციაზეც აკეთებს, რომლის თანახმადაც, „ვიდრე ალასანიას გამოასხმევინებენ, მარგველაშვილი შექმნის რაღაც მოპარტიოს, ელისაშვილი, კახიშვილი და ეგეთი ხალხის ბაზაზე“.
კახიშვილი მიიჩნევს, რომ ახალ პოლიტიკურ ძალაზე საზოგადოების მოთხოვნას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა არჩევნებზე წაუსვლელობით მოქმედი პოლიტიკური სუბიექტების მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. თუმცა, თავად პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილებას არ ადასტურებს და ამბობს, რომ პარტიულ მოღვაწეობაზე არც უფიქრია.
„ამ ეტაპზე მე არ ვფიქრობ არანაირი პოლიტიკური პარტიის შექმნაზე, პრეზიდენტ მარგველაშვილთან მაქვს ნორმალური ურთიერთობა, ალეკო ელისაშვილთან მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ არანაირი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ყოფილა. მეტიც, ყოველთვის ვცდილობდი პოლიტიკაში არ ჩავრთულიყავი და საერთოდ არ მიფიქრია პოლიტიკაში შესვლის თაობაზე“,- განმარტავს Fore.ge -სთან საუბრისას კახა კახიშვილი.
სახელისუფლებო კოალიციის რღვევასა და თავდაცვის მინისტრობიდან ირაკლი ალასანიას შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ კოალიცია იდეოლოგიური ნიშნით გაერთიანებული ძალებისგან არ შედგება და მისი სუბიექტები, მათ შორის ირაკლი ალასანიაც დამოუკიდებელ თამაშზე ხშირად ფიქრობს.
„კოალიციაში მოხვდა ყველა ის სუბიექტი, რომელიც აირჩია ბიძინა ივანიშვილმა. მას რომ ჰქონოდა სურვილი კიდევ მოეზიდა სხვა პოლიტიკური სუბიექტები, ისინიც აღმოჩნდებოდნენ ხელისუფლებაში. კოალიციაში გაერთიანების მიზანი იყო ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტითა და ფინანსური შესაძლებლობების გამოყენებით ხელისუფლებაში მოსვლა თუ არა, წარმომადგენლობით ორგანოში ნიშის დაკავება მაინც. ახლა ამ სუბიექტებისთვის მეორე ეტაპი დადგა - ყველა ცდილობს პოლიტიკური კვოტების საფუძველზე მიღებული თანამდებობებით გაიმაგროს საკუთარი პოზიციები, დაამყარონ კონტაქტები უცხოელებთან, რათა, შემდგომში თუ ხელისუფლებაში მოსვლაზე არ იქნება საუბარი, ოპოზიციაში წარმომადგენლობითი ნიშა მაინც დაიკავონ და ან გაუყონ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნომერ მეორე პოლიტიკური ძალის ნიშა.
ირაკლი ალასანია თავად იყო გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი საპრეზიდენტო კანდიდატი, მაგრამ აღარ წარადგინეს. კარგად იცის, რომ ბოლომდე თავდაცვის მინისტრად ვერ დარჩება“,- აცხადებს კახიშვილი და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამოცანასა და მიზნებზეც ამახვილებს ყურადღებას. ექსპერტი მიიჩნევს, რომ დღეს ღარიბაშვილის მიზანი არა საკუთარი, არამედ, გუნდის და ქვეყნის გაძლიერებაა და ცოტა ხნის წინ, სწორედ, ამ ნიშნით შეცვალა ივანიშვილის მიერ დატოვებული მინისტრებიც.
„ღარიბაშვილი ფიქრობს ზოგიერთი მინისტრის ჩანაცვლებაზე, რომელიც აშკარად არ თამაშობს გუნდურ თამაშს. ამ მინისტრებს, ალბათ, არც უნდათ თანამდებობის დატოვება, მაგრამ ესმით კარგად, რომ უნდა დაასწრონ მოვლენებს და დემარშით დატოვონ ხელისუფლება, რომ მიშა სააკაშვილის თამაში გააგრძელონ - რაც მან გააკეთა „მოქალაქეთა კავშირის“ პერიოდში. ამიტომ ახლა მიდის ნერვების ომი - ვინ ვის დაასწრებს! გამოკვეთილად ჩანს, რომ რამდენიმე სუბიექტს მაინცდამაინც არ ხიბლავს ღარიბაშვილის ლიდერობა, რადგან საკუთარ თავს აღიარებს ლიდერად“, - აცხადებს კახა კახიშვილი და აღნიშნავს, რომ დღეს ალასანია მთავრობასთან ბოლომდე ყოფნაზე მეტად საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობს.
საექსპერტო წრის კიდევ ერთი წარმომადგენელი გია ხუხაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ივანიშვილის სახელით გავრცელებული განცხადება რომ ყალბი იყო, მისი წაკითხვისთანავე მიხვდა, რადგან წერილის სტილისტიკა ავტორის ხელწერისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.
„ივანიშვილი ასეთ წერილს არ დაწერდა და არ გამოაქვეყნებდა. შეიძლება, არც არის რამე პოლიტიკა ამაში და „ფორუმის“ რომელიღაც მომხმარებელმა, უბრალოდ, ბოროტად იხუმრა“,- აცხადებს ხუხაშვილი და აღნიშნავს, რომ იმავეს თქმა არ შეიძლება „უგულავას დოკუმენტზე“.
ექსპერტი დიდი ალბათობით ფიქრობს, რომ პოლიტიკური გეგმების შესახებ წერილი, სწორედ, უგულავას დაწერილია, რადგან ეს არის კარგად ნაფიქრი და გააზრებული „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა, რომელიც, რეალურად, ხორციელდება კიდეც.
„თავად წერილის სტილისტიკა ისეთია, რომ მე მაინც მგონია, ეს უგულავას დაწერილია. ასეთი წერილის გაყალბება, პრაქტიკულად, გაუგებარია. სხვა საკითხია, როგორ აღმოჩნდა ის საჯარო სივრცეში. საინტერესო წერილია და ბევრი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა - თუ როგორ აანალიზებენ სიტუაციას, როგორ აფასებენ და რა გზებს ხედავენ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებისთვის. საკმაოდ რეალისტურადაც უდგებიან საკითხს. თუმცა, უგულავას საბოლოო დასკვნებში ეშლება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლის კიდევ რამე შანსი აქვს. თავად პოლიტტექნოლოგიურად, კვალიფიციურად აქვთ მომზადებული წერილის ის ნაწილი, რომელიც ხელისუფლების შერყევას ეხება. თუმცა, მათი პრობლემა ის არის, რომ ეს რომც შეძლონ, სიტუაციით თავად ვერ ისარგებლებენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ქართველმა ხალხმა ვერდიქტი უკვე გამოუტანა და წერტილი დაუსვა. მათი ხელისუფლებაში მობრუნება შეუძლებელია, თუმცა, შესაძლებელია, მათი მოქმედებების შედეგად, გზა გაეხსნას მესამე პოლიტიკურ ძალას. შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ ასეთ ძალასთან რაღაც ტიპის თანამშრომლობის ინიცირების მცდელობა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი და განმარტავს, რომ წერილში მოქმედებების გეგმა იმდენად კარგად არის გააზრებული, რომ უგულავას გონებრივ შესაძლებლობებზე მაღალი წარმოდგენა შეექმნა. პოლიტიკური ანალიზის უნარითა და ხედვებით „კმაყოფილია“, თუმცა, ექსპერტი „უგულავას წერილში“ მოყვანილი პროგნოზების ნაწილს არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მაგალითად, გიორგი მარგველაშვილს პოლიტიკური ამბიცია არ გააჩნია და, შესაბამისად, პოლიტიკური ძალის შექმნაზეც არ იფიქრებს.
„ზუსტად ვიცი, რომ მარგველაშვილს არ აქვს არანაირი პოლიტიკური ამბიცია, მას აქვს სახელმწიფოებრივი მიდგომა და მისი ინტერესია სახელმწიფო ინსტიტუტები ამუშავდეს - ყველა ინსტიტუტს ჰქონდეს თავისი ადგილი და ბალანსი დამკვიდრდეს, რომ რომელიმე ერთი შტოს მხრიდან ხელისუფლების უზურპაცია არ განხორციელდეს. ეს არის მარგველაშვილის სახელმწიფოებრივი ამოცანა. პოლიტიკური თამაშები არ არის მარეგველაშვილის საქმე და ის ამას არ აპირებს არანაირად. რაც შეეხება სახელისუფლებო გუნდის რღვევის საკითხს, ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი. როგორც ჩანს, ისინი კარგად ხედავენ არსებული ხელისუფლების სისუსტეებს. ხელისუფლებას არ აქვს ქვეყნის განვითარების მკაცრად გამოკვეთილი იდეა და იდეოლოგია, ყოველ შემთხვევაში, ეს საზოგადოებამდე არ არის მიტანილი და საკმაოდ ბუნდოვანია. ამასთანავე, ხელისუფლება საკმაოდ ეკლექტურია, რადიკალურად განსხვავებულ ძალებს აერთიანებს და ეს არის სისუსტე. რადგან აქამდე არ არის კარგად შეფუთული პლატფორმა, აწი, ალბათ, ვეღარ იქნება და თუ ამას დაუპირისპირდება მკვეთრ იდეაზე აგებული ალტერნატიული პოლიტიკა, ეს რეალური საფრთხე შეიძლება იყოს ხელისუფლებისთვის“,- აღნიშნავს გია ხუხაშვილი.
ექსპერტი ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებს და მათ შორის, თავდაცვის მინისტრის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას არ გამორიცხავს, თუმცა, ფიქრობს რომ, დღეს ირაკლი ალასანიას გათავისუფლებისთვის პირობები, პრაქტიკულად, არ არსებობს.
„ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია, რომ დღევანდელ რეალობაში ქართულ პოლიტიკურ ველზე ალასანია თავისუფალ პარტიულ მოთამაშედ წარსდგეს. ვფიქრობ, კოალიციაში მყოფ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების უნარი. თუმცა, ვერაფერს გამოვრიცხავ, ვერც იმას, რომ ალასანია, შესაძლოა, მინისტრობიდან გაათავისუფლონ. ისე კი, დღეს ასეთი გადაწყვეტილება, მინიმუმ, ალოგიკური იქნება, ავიღოთ, თუნდაც, ნატოს ბოლო სამიტი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში, რომელმაც კომპლიმენტები არ დაიშურა ალასანიასთვის, ეს კონტექსტი მას ზურგს უმაგრებს. უახლოეს რამდენიმე თვეში ალასანიას გაშვების შესაძლებლობას ვერ ვხედავ, რადგან ნებისმიერი თანამდებობიდან გათავისუფლება შეფუთული უნდა იყოს. დღეს ალასანია „კარგ ტალღაზეა“ და ასეთ ტალღაზე ადამიანებს, როგორც წესი, ვერ ან - არ ათავისუფლებენ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.