როგორც for.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის კულუარებში განუცხადეს, რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ამერიკაში ვიზიტის ორგანიზებაში მონაწილეობს. წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა ამერიკაში შეხვედრების ორგანიზებაში დახმარება ამერიკაში საქართველოს ყოფილ ელჩს და წინა ხელისუფლების მინისტრს, თემურ იაკობაშვილს პირადად სთხოვა.
„ღარიბაშვილი მარგველაშვილთან მთლად დამნაშავეც არ არის“, - განუცხადა for.ge-ს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
მონაწილეობს თუ არა ქვეყნის პირველი პირის ვიზიტის ორგანიზებაში თემურ იაკობაშვილი, ამის გარკვევას მხარეებთან შევეცადეთ.
პირველ რიგში, for.ge ვაშინგტონში მცხოვრებ თემურ იაკობაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენი ინფორმაცია კატეგორიულად უარყო, მაგრამ არ გამორიცხა, რომ პრეზიდენტს ამერიკაში შეხვდეს. იაკობაშვილის განცხადებით, გაერო-ში ვიზიტი მხოლოდ დიპლომატიური არხებით კეთდება.
„თქვენი ინფორმაცია ტყუილი, სისულელე და ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია. გაერო-ს ვიზიტი მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური არხებით კეთდება. იმის გამო, რომ მარგველაშვილი ჩემი მეგობარია, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცეები მეგობრობით კეთდება. მეგობრობით ბევრი რამე კეთდება, ოღონდ გაერო-ს ვიზიტები არა. რაც შეეხება პრეზიდენტის ნახვას, ნახვით, შეიძლება ვნახო. ის თუ ნიუ-იორკში ჩადის, ჯერჯერობით, გეგმები არ მაქვს ნიუ-იორკში ჩავიდე, მაგრამ როგორც წესი, ჩვენი ურთიერთობები პოლიტიკას არ ეხება. სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება გვაქვს“, - განუცხადა for.ge-ს იაკობაშვილმა.
ყოფილი მინისტრის მსგავსად, ჩვენი ინფორმაცია უარყვეს პრეზიდენტის პრესსამსახურშიც. for.ge-სთან საუბარში თიკო მჟავანაძემ აღნიშნა, რომ „ინფორმაცია ნამდვილად ტყუილია“.
ჩვენი ინფორმაციის შესახებ არაფერი სმენია უშიშროების საბჭოს მდივან ირინე იმერლიშვილს, რომელმაც ინფორმაციის დასაზუსტებლად პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძესთან გადაგვამისამართა.
„მსგავსი რამ არათუ არ მსმენია, არც უნდა ვიცოდე, რადგან ამ საკითხში ჩართული არ ვარ. კომპეტენტური ადამიანი თენგიზ ფხაკაძეა და იქნებ მას მიმართოთ“, - გვირჩია იმერლიშვილმა.
ჩვენის მხრივ, თენგიზ ფხალაძესაც მივმართეთ, მაგრამ სამწუხაროდ, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. როგორც მჟავანაძემ განგვიმარტა, იმ დროისთვის, როდესაც ფხალაძეს ვურეკავდით, ის აეროპორტში იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ for.ge-ს ინფორმაციის შესახებ არაფერი სმენიათ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. ჩვენთან საუბარში კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ მას ვერ წარმოუდგენია, რატომ უნდა დასჭირდეს საქართველოს პრეზიდენტს არაოფიციალური პირის დახმარება ვიზიტის დაგეგმვაში, მაშინ, როდესაც ამერიკაში ქართული მხარე არაერთი მისიით არის წარმოდგენილი.
დეპუტატის განცხადებით, დაუჯერებელია, რომ თუკი მარგველაშვილ-იაკობაშვილს შორის ასეთი კონტაქტი მართლაც არსებობდა, მას კავშირი ოფიციალურ ვიზიტთან ჰქონდეს.
„ამის შესახებ არც არაფერი მსმენია. რატომ უნდა დასჭირდეს საქართველოს პრეზიდენტს არაოფიციალური პირის დახმარება ვიზიტის დაგეგმვის დროს, როდესაც ამერიკაში არაერთი მისიით ვართ წარმოდგენილები?! ამერიკაში საელჩო გვაქვს და გაერო-ში მუდმივი წარმომადგენლობა გვყავს. უფრო მეტიც, გენერალური საკონსულოც. დაუჯერებელია, რომ თუკი ასეთი კონტაქტი მართლაც არსებობდა, ამას ოფიციალურ ვიზიტთან რაიმე კავშირი ჰქონდეს“, - განუცხადა for.ge-ს კვაჭანტირაძემ.
კანონმდებელის შეფასებით, ერთსა და იმავე ქვეყანაში ორი ვიზიტი უხერხულობას ქმნის.
„საბოლოო ჯამში, თუ პრეზიდენტი წასვლას გადაწყვეტს, ეს შეთანხმებული მთავრობის პოზიციასთან იქნება. უმჯობესი იქნებოდა, ამ სამიტში მონაწილეობა პრემიერს მიეღო, თუმცა, არის ერთი დელეკატური საკითხი, რომელზეც თვალს ვერ დავხუჭავთ. გაერო-ს გენერალური მდივნის მოწვევა პერსონალურად პრეზიდენტის სახელზე მოვიდა. ასეთი გადაწყვეტილებები შეთანხმებული მთავრობასა და პრეზიდენტს შორის უნდა იყოს, რადგან ერთსა და იმავე ქვეყანაში ორი ვიზიტი უხერხულობას ქმნის“, - აღნიშნავს კვაჭანტირაძე.
შეგახსენებთ, რომ გაერო-ს გენერალურ ანსამბლეაზე ქართული მხარე 26 სექტემბერს უნდა წარსდგეს. ასამბლეაზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა 26 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. ამავე ასამბლეის ფარგლებში, კლიმატის შესახებ სამიტზე გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმებოდა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროში გასულ კვირაში განაცხადეს, რომ ამ სამიტზეც სიტყვით პრემიერი გამოვა და საგარეო უწყება გაერო-ში პრეზიდენტის ვიზიტის მოსამზადებლად არ მუშაობს. თავად პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ამერიკაში მის ვიზიტთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა გრძელდება და ის ამერიკაში გაემგზავრება. თავის მხრივ, გაერო-ში სიტყვით გამოსვლაზე აპელირებს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ „გაერო-ს ასამბლეაზე აუცილებლად გაემგზავრება“.