პრეზიდენტს გაერო-ში ვიზიტთან დაკავშირებით ისევ პრინციპული პოზიცია აქვს. პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძე განმარტავს, რომ პრეზიდენტის ვიზიტზე მუშაობა გრძელდება. ეს საკითხი აქტუალურისაქართველოს პრეზიდენტის განცხადების შედეგ გახდა, რაც მან „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ ის წავა ამერიკაში.
„ძალიან მნიშვნელოვანია ყველას შევახსენოთ, რომ საგარეო პოლიტიკურ კურსს, კონსტიტუციის მიხედვით, აყალიბებს პარლამენტი. მეც, მათ შორის, პარლამენტის მიერ მიღებული კურსის ფარგლებში ვმოქმედებ. პრემიერ-მინისტრსაც წარმატებულ ვიზიტს ვუსურვებ გაეროში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს ღირსეულად წარმოდგენილი. დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერი და აღმასრულებელი გუნდი ეფექტურად იმუშავებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს ინსტიტუტის უფლებამოსილებები შევკვეცოთ, ეს არ იქნება კარგი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, გიორგი მარგველაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ მისგან წასულ კომუნიკაციას არ აქვს შესაბამისი მხარდაჭერა საგარეო საქმეთა სამინისტროდან. კითხვაზე ამასთან დაკავშირებით უნდა დადგეს თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „ასეთი დრამატული განხილვის მომხრე“ არ არის.
„ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ყველა უწყება, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს, ნებისმიერი სამინისტრო, არის არა მთავრობის სამინისტრო, არამედ სახელმწიფოს, საქართველოს სამინისტრო. შესაბამისად, სამინისტროებს გააჩნიათ ვალდებულებები და მათ შორის - პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობების ეფექტური კომუნიკაციის.
სახელმწიფოს მეთაური არის პრეზიდენტი. შესაბამისად, თუ პრეზიდენტი აგზავნის წერილს, ეს წერილი უნდა მივიდეს დროზე და, თუ პრეზიდენტს უგზავნიან წერილს, ეს წერილიც უნდა მოვიდეს დროზე. თუ ერთიანი პოზიციაა ჩამოსაყალიბებელი, ვინ სად წავა, ასეთი ერთიანი პოზიცია კონსულტაციებით ყალიბდება. ეს არის ის ჭეშმარიტებები, რომლებიც რაღაც მომენტში შეიძლება დავიწყებულ იქნას. გამომდინარე იქიდან, რომ ვარ პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, ჩემი ვალდებულებაა, შევახსენო ყველას თავისი კონსტიტუციური სტატუსი. მიმაჩნია, რომ ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა, მთლად არ ასახავს კონსტიტუციურ რეალობას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
რატომ არ აქვს შესაბამისი მხარდაჭერა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან წასულ კომუნიკაციას, საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძეს განცხადება არ გაუკეთებია თუმცა, მარგველშვილის ხმაურიანი განცხადების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ძალიან შინაარსიანი საუბარი შედგა პრეზიდენტთან და ბევრ თემაზე ისაუბრეს. საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, დაარწმუნა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, რომ არ გაემგზავროს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე.
„ვეცდებით, ისეთი გამოსავალი ვიპოვოთ, რომელიც ყველასთვის და, რაც მთავარია, ქვეყნისთვის იქნება მისაღები“, - მხოლოდ ეს განაცხადა ფანჯიკიძემ.
საქართველოს მთავრობის წევრი, მათ შორის საპარლამენტო უმრავალესობა თვლის, რომგაერო-ს ასამბლეაზე აუცილებლად პრემიერ-მინისტრი უნდა გაემგზავროს. ერთი ქვეყნიდან, ორი დელეგაციის ვიზიტი, საერთაშორისო დონეზე, ქვეყნის იმიჯს დააზარალებს. პრეზიდენტს საჯაროდ უპასუხა პრემიერ-მინისტრმა. რომლის განცხადებით, გაერო-ს ასამბლეაზე აუცილებლად გაემგზავრება. რაც შეეხება პრეზიდენტის გაეროში ვიზიტს, პრემიერი ამაზე ინფორმაციას არ ფლობს. მისი თქმით, ამ საკითხს აუცილებლად გაარკვევენ.
„არა მარტო მე, არამედ მოსახლეობაც დაიღალა ამ თემაზე საუბრით, უნდა ვიფიქროთ საქმეებზე, ეკონომიკის განვითარებაზე. რაც შეეხება ვიზიტს, აუცილებლად გავემგზავრები. დანარჩენს აუცილებლად გაარკვევენ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალსანია, როგორც გარკვეული გამოცდილების მქონე დიპლომატი, რომელიც მუშაობდა გაერო-ში, მიიჩნევს, რომ გაეროში ერთი დელეგაცია უნდა წარმოადგენდეს ქვეყანას და ეს უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი.
„თავდაცვის მინისტრი ვერ იტყვის, ვინ უნდა წავიდეს დელეგაციაში და ვინ არა, მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ - მთავრობაში გადაწყვეტილება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მივიღეთ, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია გაერო-ს მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს პრემიერ-მინისტრმა და სამთავრობო დელეგაციამ.
მეც, როგორც გარკვეული გამოცდილების მქონე დიპლომატი, რომელიც ვმუშაობდი გაერო-ში, ვთვლი, რომ ერთი დელეგაცია უნდა წარმოადგენდეს ქვეყანას და ეს უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ თუკი გადაწყდება, რომ მეორე დელეგაციაც გაემგზავრება და ეს გარკვეულ უხერხულობას აუცილებლად შექმნის, მაშინ უნდა იყოს მკაფიო შეთანხმება გზავნილებზე, რა გზავნილებსაც დელეგაცია მიაწოდებს გაერო-ს თუ სხვა ორგანიზაციებს, სადაც შეხვედრები იქნება“, - აცხადებს ირაკლი ალასანია.
სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მიიჩნევს, რომ გაერო-ში პრემიერის ხელმძღვანელობით საქართველოს ერთი დელეგაცია უნდა იყოს წარმოდგენილი. ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამგზავრება გაერო-ს გენერალური ასამბლეის ღონისძიების ფარგლებში, ქვეყნის საგარეო საერთაშორისო იმიჯს დააზიანებს.
„ვუფრთხილდები ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და ვისურვებდი, პრეზიდენტიც ასევე მოიქცეს. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. ის სიტყვით გამოვა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც მთავარი ღონისძიებაა. მიმაჩნია, რომ საქართველოს დელეგაცია ნიუ-იორკში ერთი ხელმძღვანელით უნდა იყოს წარდგენილი და ეს ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრია.
ამ ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის გამგზავრება სწორად არ მიმაჩნია და ვთვლი, რომ ეს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დააზიანებს. პატივს ვცემ კონსტიტუციას, პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ კიდევ უფრო დიდ პატივს ვცემ ჩემ ქვეყანას და ვუფრთხილდები მის საერთაშორისო იმიჯს. ვისურვებდი, ასევე მოიქცეს პრეზიდენტიც“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ თუ ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, რასაკვირველია, ასეთ შემთხვევაში უნდა წავიდეს პრემიერ-მინისტრი. მისივე თქმით, როდესაც ფორუმზე გიგანტი სახელმწიფოები ერთი დელეგაციით იქნებიან წარმოდგენილნი, საქართველოს მხრიდან ორი დელეგაცია, მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში შევა, როგორც კაზუსი.
„არ შეიძლება ამ კინკლაობას გადაყვეს ქვეყნის პრესტიჟი. ყველა მონაცემებით უნდა წავიდეს პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის გაცხადებას, რომ ის უელსში აპირებდა პრეზიდენტის გადარწმუნებას, ეს უკვე მინისტრის არაპროფესიონალური შეცდომაა. მან თავის თავზე აიღო ის, რაც არ უნდა აეღო. მდგომარეობა დაძაბა საგარეო საქმეთა მინისტრის არამკითხე ინიციატივამ, როდესაც მან განაცხადა, რომ ის უელსში დაარწმუნებდა მარგველაშვილს. რატომ უელსში და არა თბილისში? პრეზიდენტმა ეს მიიღო პირად შეურაცხყოფად“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.