„მასობრივი ჩხრეკა ძალიან ცუდად დასრულდება“

„მასობრივი ჩხრეკა ძალიან ცუდად დასრულდება“

„სიმკაცრეს არასოდეს შეუქმნია გამოსავალი. ეფექტურობის თვალსაზრისით გარკვეული დატვირთვა აქვს, მაგრამ შემდეგ საზოგადოება ამას ეჩვევა და სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება“, - ასე ეხმაურება პროფესორი, გადამდგარი იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი გია მეფარიშვილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას იარაღის ტარებასთან დაკავშირებული რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებასთან დაკავშირებით. იუსტიციის სამინისტრო შესაბამის კანონპროექტს მთავრობის მომავალ სხდომაზე წარადგენს. 

For.ge გია მეფარიშვილს ესაუბრა.

შექმნილი კრიმინოგენური მდგომარეობიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრმა შს და იუსტიციის მინისტრებს დავალება მისცა, რომ იარაღის ტარებასთან დაკავშირებული რეგულაციები კიდევ უფრო გაამკაცრონ. კანონის მაქსიმალურად გამკაცრება არის გამოსავალი?

- გარკვეული გართულებები ნამდვილად აღინიშნება და ბრმა უნდა იყო, ამას რომ ვერ ხედავდე. თუმცა, არაფერი განსაკუთრებული და არაფერი არაორდინალური აქ არ არის. დანაშაული რთული სოციალური მოვლენაა და მისი გამომწვევი მიზეზები შეიძლება პირობით დავყოთ ობიექტურ და სუბიექტური ხასიათის მიზეზებად. ობიექტური მიზეზები - მძიმე სოციალური ფონი, უმუშევრობა, დაბალი შემოსავალი, ნარკოტიკებთან დამოკიდებული საკითხის მოუწესრიგებლობა. რაც შეეხება სუბიექტურ მიზეზებს - ამაში შედის სხვადასხვა კონკრეტული მიზეზები, რომელიც დამოკიდებულია სახელმწიფოს, მისი თანამდებობის პირების გაუმართლებულ მოქმედებებთან.

ასეთი პირობები არსებობს ნებისმიერ ქვეყანაში და მათ შორის - საქართველოში. ვგულისხმობ საკანონმდებლო ბაზას, გაუმართავ პენიტენციურ სისტემას, არაჯეროვან ოპერატიულ სამსახურებს, დაბალი გამოძიების ხარისხს და ა.შ. ეს ყველაფერი რეალურია და შევხედოთ რეალურად. ყოველივე ამას სჭირდება სახელმწიფოებრივი მიდგომა და სახელმწიფოებრივად აზროვნება. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეგულაციების გამკაცრებით ეშველება ქვეყანას, ეს არის ფუჭი ილუზია.

თუ არა რეგულაციების გამკაცრება, მაშინ რა გზა რჩება სახელმწიფოს დანაშაულან წინააღმდეგ ბრძოლის?

- სიმკაცრეს არასოდეს შეუქმნია გამოსავალი. ეფექტურობის თვალსაზრისით, გარკვეული დატვირთვა აქვს, მაგრამ შემდეგ საზოგადოება ამას ეჩვევა და სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას სახელმწიფოებრივად წყვეტს, ყოველთვის ხელმძღვანელობს გარკვეული თეორიებით. ეს არის სოციალური და ეკონომიური პირობების გაუმჯობესება, რომლის გაკეთება დღეს საქართველოში წარმოუდგენელია.

არსებობს ერთი ძალიან კარგად აპრობირებული სისტემა, დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და დამტკიცება, სადაც გაწერილია კონკრეტული პირობები, კონკრეტული სუბიექტები - ვის რა ევალება და პასუხისმგებელი პირები, რომლებმაც უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება. ასეთი პროექტები არსებობს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. დიდი ხანია ვლაპარაკობ, დავფიქრდეთ და ვიფიქროთ ასეთი პროგრამის შემუშავებაზე. მესმის, რომ რთული ვითარებაა, რადგან არ გვყავს საკმარისი საკადრო რესურსი.

თუკი არ არსებობს საკადრო რესურსი, ასეთ შემთხვევაში რამდენად შესაძლებელია ამ დოკუმეტების საკანონდებლო დონეზე მომზადება?

- ძალზედ სუსტად, მაგრამ შესაძლებელია. კვალიფიციური კადრების ნაკლებობა სახეზეა. არსებული კონკრეტული სამართალდარღვევის გახშირების გახსნის კოეფიციენტების დაცემის მიზეზი, ასევე დაკავშირებულია დაბალი კვალიფიკაციის კადრების არსებობაზე. მიაქციეთ ყურადღება, როგორია გახსნის კოეფიციენტი? დანაშაულის რა რაოდენობა გამოვლიდება, რა რაოდენობა იხსნება და როგორ იხსნება. სასამართლოზე წასული საქმეებიდან, რომელ საქმეზე დაადგინა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი და თუ ამ სამივეს ანალიზს გააკეთებთ, ნახავთ, რომ საქართველოში საცეკვაო განწყობა არავის უნდა ჰქონდეს.

თუმცა, განსხვავებულია სტატისტიკური მაჩვენებელი. შსს- სტატისტიკური მონაცემებით, დანაშაულის რაოდენობამ იკლო, გახსნის მაჩვენებელმა იმატა...

- სტატისტიკურ მონაცემებს აწარმოებს ის უწყება, რომელიც დანაშაულს ებრძვის. ასეთი კოშმარი არ შეიძლება სხვაგან არსებობდეს. შსს და პროკურატურა დანაშაულის წინააღმდეგ სტატისტიკას არ უნდა აწარმოებდეს. ხალხნო, რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ?! ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ამას აკეთებს დაუინტერესებელი მხარე, ამ შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო. შსს ორგანულად დაინტერესებულია, რომ მაჩვენებელი იყოს მისთვის სასარგებლო. აღირიცხოს ის, რაც გახსნადია ან გაიხსნება.

იციან თუ არა თბილისელებმა, რომ ბაზრობებზე, მაღაზიებში, მიკროავტობუსებში ისევ გაჩნდნენ ჯიბის ქურდები, მათ შორის ქალები, საკუთარი თვალით ვხედავ და ვაკვირდები სიტუაციას. ეს არის ურთულესი გამოსაძიებელი და გამოსავლენი საქმე. ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი. 10 წელია ვითომ რეფორმას აკეთებენ და დააქციეს, გაანადგურეს ყველაფერი.

როგორც ყოფილ სამართალდამცავს, ძალიან მაღელვებს გამოძიების დღევანდელი მდგომარეობა. უმძიმესი მდგომარეობაა. გაუაზრებელი კანონმდებლობა, განსაკუთრებით სისხლის სამართლის საპროცესო, რომელიც კონსიტუციური წინააღმდეგობებით არის სავსე. ფიქრობს ვინმე ამის გასწორებაზე?- სამწუხაროდ არა. არის მხოლოდ მსუბუქი კოსმეტიკური რემონტი. მტკიცებულებათა დეფინიციის ცნება, რაც დღეს არის ჩვენს კანონმდებლობაში, წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან. სამწუხაროდ, ადვოკატურა ვერ იყენებს ამ შესაძლებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს დაბალეფექტურობის გამო, ნებისმიერ საქმეებს დაანგრევდნენ. ეს არის პრობლემა.

ევროპულ სასამართლოებში იზრდება საჩივრების რაოდენობა. ამაზე უნდა იფიქროს ხელისუფლებამ, მათ შორის სამართლიანობის აღდგენის პროცესზე, რომელიც ორი წელიწადია გაჭიანურდა, თავი და ბოლო არ უჩანს. არ დამალავს ეს ფაქტი თავს. ამას მოჰყვება ვენდეტა, შიდა დაპირისპირების პროცესი. 15-მდე ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული. ხან ციხის უფროსებს სცემენ, ხან პროკურორებს უწვავენ მანქანას, ხან პოლიციის თანამშრომლებს უფეთქებენ სახლებს და ა.შ. თუ სამართლიანობის პროცესი არ დაიძრა, ასეთი პროცესი ისევ იქნება.

რაც შეეხება რეგულაციებს, პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან მეეჭვება მისი ეფექტურობა, რადგან ვერ ვხედავ მწყობრ სისტემას და საქმის გაკეთების სურვილს.

ოპონენტები ხელისუფლებას საყვედურობენ, რომ ამნისტიით გამოსული პატიმრების მხრიდან ფიქსირდება რეციდივის მაღალი ფაქტები, რაც რიგ შემთხვევაში ასეა. სახელმწიფო ვალდებული არის თუ არა გამოიყენოს ამნისტიის და შეწყალების აქტი?

- რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა. რეციდივის ფაქტები მაღალი არაა. თუმცა, ცალკეული გამოვლინებები არის და ყოველთვის იქნება, ასეთი შემთხვევისგან დაზღვეული ვინ არის? თუ არასწორად მოხდა კონკრეტული პიროვნების გათავისუფლება, ეს გამოძიებული უნდა იყოს. რაც შეეხება ამნისტიებს და შეწყალებებს, ეს დიდი სიფრთხილით უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ.

მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო ორი დღეა ქალაქში დაწყებულია .. რეიდები, როგორ ფიქრობთ, ეს არის იდეალური გამოსავალი იმისათვის, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ფონი დასტაბილურდეს?

- არ ვიცი, მართლა დაიწყო თუ არა ე.წ. რეიდები, მაგრამ მივმართავ შს მინისტრს და მთავარ პროკურორს, რომ სასწრაფოდ ატეხონ განგაში. ეს არის კანონის უხეში დარღვევა. რას ნიშნავს გააჩერო ახალგაზრდა?! ახალგაზრდას გააჩერებ და ჩხრეკას ჩაუტარებ მხოლოდ ორ შემთხვევაში, თუ მას ჩადენილი აქვს დანაშაული, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ისე როგორ გასცემ ხმას, ხალხი არ ხართ ხალხნო, რას ლაპარაკობთ?!

ვიცი ახლა მეტყვიან განსაკუთრებით „პრაქტიკაში დაბერებული“ ბიჭები, მაშინ როგორ ვებრძოლოთ დანაშაულსო. როგორ ებრძოლოთ და ოპერატიული წყაროები გქონდეთ, მეტი ირბინეთ, მეტი იმუშავეთ და მეტი იკითხეთ! დავანებოთ თავი ამ უაზრო „რეფორმებს“. ამოუვიდა ხალხს ეს ე.წ. რეფორმები ყელში. ყველას გონია, რომ დიდ საქმეს აკეთებენ და ამ დროს პროცესი წინ არ მიდის. ვის გინდათ მოამზადებინოთ გამომძიებელი თუ ახალგაზრდა ოპერატიული თანამშრომელი, ან პროკურორი? თინეიჯერ პრკურორს, რომელსაც დიდი სტაჟი აქვს 2-3 თვის, ან ერთი წლის? ეს რა ბავშვობაა.

ჰარმონიულად უნდა მომხდარიყო თაობათა ცვლა. წინა ხელისუფლებამ ეს ვერ შეასრულა, ახალიც იგივეს აგრძელებს. 40 წელს გადაცილებული ადამიანები მოხსნილი არიან დღის წესრიგიდან. უბედურება ხდება. შსს-ში და პროკურურატურაში ძველი გამომძიებლები არ არიან, პატარა ბავშვები არიან. გამომძიებლობა არავის არ უნდა, ყველას უფროსობა უნდა... მახსოვს, ერთი წლის წინ გითხრით, რომ სახელმწიფოებრივი კრიზისი განვითარდება-თქო, ვიცოდი, რომ კრიმინოგენური ანალიზი აქამდე მიგვიყვანდა. თუ სახელმწიფომ სასწრაფო ზომები არ მიიღო, კიდევ უფრო გართულდება მდგომარეობა. ვიმეორებ, მასობრივი ჩხრეკა ძალიან ცუდად დასრულდება, ეს დაუშვებელია.