„დუმბაძე ვერავის დააჯერებს, რომ იმპიჩმენტის მცდელობა ნაცმოძრაობასთან ერთად არ იყო დადგმული“

„დუმბაძე ვერავის დააჯერებს, რომ იმპიჩმენტის მცდელობა ნაცმოძრაობასთან ერთად არ იყო დადგმული“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას ხშირად მურმან დუმბაძის გავლენისთვის ბრძოლას უწოდებენ.

საუბარია იმაზე, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები აჭარის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებასაც დაიწყებენ. მთლიანობაში, 21 ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო. მანამდე კი აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს მხარი შემდეგმა დეპუტატებმა დაუჭირეს: ფრაქციის თავმჯდომარემ აკაკი ძნელაძემ, ფრაქციის მდივანმა სვეტლანა კუდბამ, ფრაქციის წევრებმა ავთანდილ ბერიძემ, ალექსანდრე ჩიტიშვილმა, მედეა ვასაძემ, ჯემალ ფუტკარაძემ და მერაბ აბაშიძემ.

აჭარაში სულ უფრო მეტად ვრცელდება ხმები, რომ არჩილ ხაბაძისა და მისი მთავრობის დღეები დათვლილია. თუმცა, ეს პროცესი იმ შემთხვევაში არ განხორციელდება, თუკი დედაქალაქიდან არჩილ ხაბაძეს მხარში ამოუდგებიან.

კულუარული ინფორმაციით, კონფლიქტს საფუძველი არჩილ ხაბაძესა და მურმან დუმბაძეს შორის საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ ჩაუყარა. საინტერესოა ისიც, რომ თავად პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მურმან დუმბაძე ორ სახელისუფლო შტოს შორის აზრთა სხვადასხვაობას დემოკრატიის გამოვლინებად მიიჩნევს. დუმბაძე აცხადებს, რომ უმაღლეს საბჭოს არჩილ ხაბაძისთვის უნდობლობის გამოცხადების კონსტიტუციური უფლება აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ უნდობლობის პროცედურის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდება, ან აჭარის მთავრობა საკუთარი გადაწვეტილებით არ გადადგება, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის მთავრობისგან პოლიტიკურად გამიჯვნას გეგმავს. თუმცა ფრაქციის წევრები განმარტავენ, რომ მათი ეს გადაწყვეტილება კოალიციის ოპოზიციაში გადასვლას სულაც არ ნიშნავს.

იმის გამო, რომ არჩილ ხაბაძის მთავრობის გადაყენებას აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის მეორე ფრთა არ ემხრობა, მურმან დუმბაძის მომხრეები იძულებულნი იქნებიან, ნაციონალებთან ერთად განახორციელონ იმპიჩმენტის პროცესი. ცნობილია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის მთავრობის არაეფექტურ მუშაობაზე საუბრობენ.

მას შემდეგ, რაც არჩილ ხაბაძის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია რთულ ფაზაში შევიდა, „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა და აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენებას „თვითნებური ქმედება“ უწოდა, რომელიც პარტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ამასთან, 14 სექტემბერს „ოცნებამ“ პოლიტსაბჭოს სხდომა დააანონსა, რომელზეც აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თვითნებური ქმედება განიხილება და მიღებულ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, საფინანსო და საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, ალექსანდრე ჩიტიშვილს ეკუთვნის. For.ge-სთან საუბარში ჩიტიშვილი აცხადებს, რომ საკუთარი არგუმენტები ფრაქციის წინაშე წამოჭრა, რომელმაც, თავის მხრივ, გაიზიარა ეს არგუმენტები და გადაწყვიტა, დაეწყო მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. ამასთან, ალექსანდრე ჩიტიშვილი განმარტავს, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საქმის კურსშია ყველა იმ პრობლემაზე, რაც აჭარაშია. პირადად იგი სხვა დეპუტატებთან ერთად შეხვდა ღარიბაშვილს.

„ფრაქციაში ვართ შვიდი წევრი, არჩილ ხაბაძის მთავრობის გადაყენებაზე თანხმობა შვიდივე წევრმა გამოთქვა, მაგრამ ჩვენ არ დავიწყეთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელწერილების შეგროვების პროცედურა, რადგან ჩემი მიზანია, გავაჟღერო ეს თემები და მოვიპოვო არა მარტო უმაღლესი საბჭოს წევრების, არამედ საზოგადოების მხარდაჭერა. იქნებ, ჩვენ ვტყუივართ? ამიტომ ხალხს უნდა ავუხსნათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ახირება. ერთი კვირა, ათი დღე კიდევ მჭირდება, რომ ყველა თემა გავშალო, დღეში თითო-თითო თემას გავშლი. ამიტომ დღეს ვერ დაგიკონკრეტებთ, რის გამო არ მოგვწონს არჩილ ხაბაძის მთავრობა. ზოგადი მიზეზები კი არის ქონების არაეფექტური მართვა, უმაღლესი საბჭოს მთავრობის კონტროლის ხელშეშლა, კონსტიტუციის ზოგიერთი მუხლის უგულებელყოფა, კორუფცია“, - აღნიშნა ალექსანდრე ჩიტიშვილმა და ჩვენს შეკითხვაზე, ეს ყველაფერი ნაცმოძრაობის წისქვილზე ხომ არ დაასხამს წყალს, განმარტა, „მე მსურს, 21-ივე დეპუტატმა მოაწეროს ხელი აჭარის მთავრობის გადადგომის მოთხოვნას. 21-ივე დეპუტატი უნდა დავარწმუნო ამაში. ამიტომაც გამომაქვს ეს საკითხი საზოგადოების განსასჯელად. თუ საზოგადოება იტყვის, რომ ჩვენ მართლები ვართ, მაშინ მე ვისგან მივიღებ მხარდაჭერას, უკვე ჩემთვის მნიშვნელობა აღარ ექნება. მათ შორის, მზად ვართ, მხარდაჭერა ნაციონალებისგანაც მივიღოთ“.

მართავს თუ არა ამ პროცესებს მურმან დუმბაძე, ამასთან დაკავშირებით ალექსანდრე ჩიტიშვილმა გვითხრა, რომ მურმან დუმბაძე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერია და მას არავითარი იურიდიული საფუძველი არ აქვს, ჩაერიოს უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში. თუმცა ჩიტიშვილმა არ დამალა, რომ მურმან დუმბაძე მათი გუნდის წევრი, მათი მეგობარია და, თუ ფრაქცია „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, ეს საქმე დაიწყოს, მაშინ მურმანი ან უნდა გავიდეს გუნდიდან, ან მათ უნდა დაეთანხმოს.

„მე მგონი, დაგვეთანხმება. ინიცირება ჩვენია და არა - მურმანის. ჩვენ ვფიქრობთ, ახალ მთავრობაში იქნებიან ის ადამიანები, ვისაც წარმოგვიდგენს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა და მათ კანდიდატურებს მთელი სერიოზულობით განვიხილავთ“.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება- თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე სულხან ღლონტი აჭარის მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადებას მხარს არ უჭერს და თვლის, რომ ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესია და არავითარი სერიოზული სოციალური ან რაიმე ტიპის მნიშვნელოვანი მიზეზი არ აქვს.

როგორც სულხან ღლონტმა For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ამ ეტაპზე აჭარაში შეიმჩნევა პოლიტიკური დაპირისპირებები, გავლენის გადანაწილების მცდელობა, მაგრამ ეს რომ კონსტრუქციულ წესებსა და ნორმებში ხორციელდებოდეს, აბსოლუტურად მისაღები იქნებოდა.

„ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ ე.წ. მურმან დუმბაძის გუნდი, როგორც ამას მედია უწოდებს და რეალურად ეს ასეც არის, ყოველდღიურ ბრიფინგებს და რაღაცის გამომზიურებას აანონსებს. განსაკუთრებით გაქტიურდნენ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, პრემიერი აჭარის მთავრობის უნდობლობის პროცესს მხარს არ უჭერს. მე ვფიქრობ, იმპიჩმენტის მოსურნეებს, პირველ რიგში ჩვენთან, ანუ უმრავლესობის შიგნით უნდა წარედგინათ კონკრეტული თემები. მაგრამ, თავიდან ბოლომდე პროცესი გავლენების გადანაწილებისთვისაა, ერთი მხრივ, ეს გათვლილია აჭარაზე და, მეორე მხრივ, როგორც ჩანს, გარკვეული ჯგუფი ცდილობს, ზოგადად იმპიჩმენტის პროცესი დამკვიდრდეს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. ჩემი აზრით, ეს არ არის ნორმალური პროცესი. ერთადერთი, ჩვენ შეგვიძლია, აჭარის ხელისუფლებას უფრო მეტი ეფექტური მუშაობა მოვთხოვოთ, მაგრამ კორუფციის ფაქტები პირადად მე არ შემიმჩნევია. ეს მაინც გამოგონილი არგუმენტაცია მგონია, რომ პროცესი გაამართლონ და პროცესმა ლეგიტიმური სახე მიიღოს.

ორი არჩევნები დაემთხვა ორივე ბიუჯეტის მიღებას, ეს იყო საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. არჩევნების დროს შეზღუდულად იხარჯება თანხები სოციალურ პროგრამაზე, ინფრასტრუქტურაზე, რათა მოსყიდვად არ ჩაგეთვალოს. თუმცა არც იმას ვამბობ, რომ დედამიწაზე რომელიმე ხელისუფლება ნაკლის გარეშეა“, - აღნიშნა სულხან ღლონტმა.

მანვე განმარტა, რომ, თუ მურმან დუმბაძის „გუნდი“ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად მოახდენს აჭარის მთავრობის უნდობლობის გამოცხადებას, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური შეცდომა იქნება, რაც კი შეიძლება ცხოვრებაში დაუშვას მურმან დუმბაძემ. ეს იქნება კატასტროფა და დუმბაძე ვერავის ვერასოდეს ვერ დააჯერებს, რომ ეს ყველაფერი დიდი ხნის განმავლობაში ნაცმოძრაობასთან ერთად არ იყო დადგმული. ასე რომ, მთლად მარტივი არ არის მათ მიერ ვინმეს გადაყენება და ამის შემდეგ სასურველი კანდიდატურის გამოძებნა.