საგადასახადო ორგანო ბანკებიდან კონფიდენციალურ ინფორმაციას ითხოვს

საგადასახადო ორგანო ბანკებიდან კონფიდენციალურ ინფორმაციას ითხოვს

საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლევა, სასამართლოს მეშვეობით ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისგან მათ ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია მოითხოვოს. შესაბამისი ცვლილებები - „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში, პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის სახით შევიდა.

ცვლილებების ინიციატორი მთავრობაა, ავტორი კი ფინანსთა სამინისტრო.

პროექტის ავტორთა განმარტებით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, არ არსებობს საგადასახადო ორგანოს მიერ საბანკო დაწესებულებისგან, ან სხვა ფინანსური ინსტიტუტებისგან კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების წესი.

მათი მტკიცებით, ცვლილებების მიზანია, აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება.

ცვლილებებით, საბანკო საიდუმლოებასთან დაშვების, გათქმის, გავრცელების ან პირადი სარგებლობისთვის გამოყენების აკრძალვიდან გამონაკლისების დადგენა ხდება.

კერძოდ, კანონის მე-17 მუხლის მეორე პუნქტი ახლებურად ყალიბდება, რომლის მიხედვით, ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშების, ამ ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციებისა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ შეიძლება მიეცეს შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეებს, შესაბამისი ანგარიშების მფლობელებს და მათ წარმომადგენლებს, ასევე - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში - ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული აქტები, მათი აღსრულების პროცესში, ხოლო საგადასახადო ორგანოს - საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში, ცვლილებები პარალელურად „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსშიც“ შედის, რომელიც განსაზღვრავს სამართალწარმოების წესებს საგადასახადო ორგანოს მიერ საბანკო დაწესებულების ან სხვა ფინანსური ინსტიტუტისგან კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით. ასევე, აკონკრეტებს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის საბანკო დაწესებულების ან სხვა ფინანსური ინსტიტუტისგან კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კერძოდ, პროექტის მიხედვით, ბრძანებას საბანკო დაწესებულების მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე პირის ადგილსამყოფელის მიხედვით.

ასევე ინიციატივით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, საბანკო დაწესებულების ან სხვა ფინანსური ინსტიტუტისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, იმ შემთხვევაში, თუ პირს, ერთხელ მაინც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართა ინფორმაციის მიწოდების თაობაზე და პირმა ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა.

კანონპროექტის გათვალისწინებით, შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული და მასში უნდა მიეთითოს - იმ პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვს საგადასახადო ორგანო. ასევე მოთხოვნილი ინფორმაციის ზუსტი აღწერა და ის, თუ რა ფორმით და რა ვადაში სურს საგადასახადო ორგანოს ინფორმაციის მიღება.

ინიციატივით, მოსამართლე ბრძანებას გამოსცემს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, შუამდგომლობის წარდგენიდან ხუთი დღის ვადაში. პროექტით, სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

ცვლილებებით, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბრძანებაში აღნიშნულია - ინფორმაციის მიწოდების ფორმა და ვადა, ასევე საბანკო დაწესებულება, რომელმაც საგადასახადო ორგანოს კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა გადასცეს და ა.შ.

პროქტით, მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. ამასთან, ბრძანების გასაჩივრება აჩერებს ბრძანების მოქმედებას.

ზემოთ აღნიშნული რეგულაციები ასევე იდენტურად ვრცელდება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის საბანკო დაწესებულების ან სხვა ფინანსური ინსტიტუტისგან კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებითაც.

აღნიშნული პროექტის ინიცირება 8 სექტემბერს მოხდა და მასზე მსჯელობა „საგადასახადო კოდექსთან“ ერთად პაკეტის სახით მოხდება.