31-ე პუნქტი და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი

31-ე პუნქტი და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი

„გაჭიანურებული კონფლიქტები კვლავაც რჩება შეშფოთების საგნად, რომელიც ძირს უთხრის რეგიონის მოქალაქეების შესაძლებლობებს, მიიღონ სრული პოტენციალი, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების წევრებმა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთონ კონსტრუქციულად კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში და გაძლიერებული პოლიტიკური ნებით, მოლაპარაკებების დამკვიდრებული ჩარჩოების ფარგლებში“, - ნათქვამია უელსის ნატო-ს დეკლარაციის 31-ე მუხლში.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ფიქრობს, რომ კონფლიქტური რეგიონების არსებობამ შესაძლოა ქვეყნის ჩრდილოატლანტუკურ სივრცეში გაწევრიანება შეაფერხოს. ნატო-ში საქართველოს ელჩის, ლევან დოლიძის განცხადებით, უელსის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში სამხრეთ კავკასიაში არსებული პრობლემების შესახებ დაფიქსირებული ჩანაწერები ნათელი და მარტივი გასაგებია. მისთვის გაუგებარია, რატომ მოჰყვა აღნიშნულ ჩანაწერს განსხვავებული ინტერპრეტაციები, ვინაიდან კომუნიკეში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ევროატლანტიკურ სივრცეში მყოფი მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებაზე, განვითარების საშუალებებზე და ვაჭრობის შესაძლებლობებზე.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ალიანსის მხრიდან არასოდეს ყოფილა ხაზგასმული, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ფერხდება მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია.

რა წერია 31-ე პუნქტში და აფერხებს თუ არა კონფლიქტური რეგიონები ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას, ამ საკითხზე for.ge ალექსი პეტრიაშვილს ესაუბრა.

31- პუნქტში გაჩნდა ჩანაწერი კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით. თქვენი ოპონეტების შეფასებით თითქოს პირველად განჩნდა ჩანაწერი, რომ თუ კონფლიქტი არ იქნა მოგვარებული, ეს ხელს შეუშლის ნატოში ინტეგრაციას. ჯეიმს აპატურაის შეფასებით, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ გაჭიანურებული კონფლიქტები ძირს უთხრის რეგიონის მოქალაქეების შესაძლებლობებს, რათა მიიღონ მათი სრული პოტენციალი, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების წევრებმა. ბატონო ალექსი, რომ დავიკონკრეტოთ, რაზეა საუბარი 31- პუნქტში?

- საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების, თავისუფლად ვაჭრობის შესაძლებლობა არ ეძლევათ, სწორედ ამ შეზღუდვებზეა საუბარი 31-ე პარაგრაფში. ბატონმა აპატურაიმ მკაფიოდ განმარტა, რომ ისინი შეგნებულად არ გულისხმობენ სახელმწიფოებს, სახელმწიფოების სწრაფვა შეფასებული იქნება მათი რეფორმების განხორციელების, მათ მიერ საერთაშორისო უსაფრთხოებაში განხორციელებული კონტრიბუციის შესაბამისად,

კონფლიქტური რეგიონები არ იქნება დამბრკოლებელი ფაქტორი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის კუთხით?

- არც ამ შემთხვევაში და არც სხვა შემთხვევაში, არასდროს არ ყოფილა ხაზგასმული, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ფერხდება იმის გამო, რომ მისი ტერიტორიის 20 ოკუპირებულია.

სამიტზე ალიანსმა რუსეთს მოუწოდა და ეს ჩანაწერშიც ჩაიდო, რომ გაიყვანონ საქართველოდან საკუთარი შეიარაღებული ძალები. რალობაში, რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ რუსეთმა უკან წაიღოს სამხრეთ ოსეთის და აფახზეთის აღიარება და გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოდან?

- ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ჩანაწერია. ასეთი ჩანაწერი რომ გაჩნდა ნატოს გადაწყვეტილებაში, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის აღიარება, ისევე როგორც ბუქარესტის დეკლარაციის და გადაწყვეტილებების ხელახალი დადასტურება, უაღრესად მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ამ დეკლარაციაში სხვადასხვა პუნქტებში საუბარია, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ეს არის საქართველოსთან მიმართებაში ნახსენები, რაც ძალიან სერიოზული წარმატებაა ჩვენი დიპლომატიის. ძალიან ეფექტურად იმუშავა ქართულმა დიპლომატიამ იმისათვის, რომ ეს კონკრეტული შედეგები დამდგარიყო.

რაც შეეხება გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს, რომელიც ალიანსმა საქართველოს შესთავაზა. უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს ეს პაკეტი?

- უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. პაკეტი, რომელიც იქნა მიღებული, ასახავას ძალიან სერიოზულ ელემენტებს, რომელიც დაგვაახლოვებს და კიდევ უფრო ახლოს მიგვიყვანს ნატოში გაწევრიანებასთან. ამ პაკეტში საუბარია საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და ნატოს შორის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. საქართველოში გაიხსნება თავდაცვის სპეციალური შესაძლებლობათა გაძლიერების მისია.

ეს პაკეტი, ისევე როგორც ჩვენს ხელთარსებული ნატო-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, არის ის ინსტრუმენტები, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს და ისინი საჭიროა იმისათვის, რომ საქართველოს პროგრესი, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდეს, კიდევ უფრო მოახლოვდეს დღე, როდესაც საქართველო ნატოს წევრი გახდება.

საქართველო შეყვანილი იქნა გაძლიერებულ შესაძლებლობათა ჯგუფში. ეს არის ისეთი ქვეყნების ჯგუფი, როგორიც არის შვედეთი, ფინეთი, ავსტრალია და იორდანია. ეს არის ყველაზე თავსებადი იმ პარტნიორებს შორის, რომელებმაც მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არც ერთ სხვა ასპირანტ ქვეყანას არ მიუღია მსგავსი პაკეტი, არც ერთ მანამდე არსებულ ჩანაწერში არ ყოფილა ასე ცხადად საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს საჭირო ინსტუმენტები ნატოში გაწევრიანებისთვის.

არც ერთ სხვა დეკლარაციაში არ ჩაწერილა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს რუსეთის შეიარაღებული ძალები და ეს მოთხოვნა რუსეთისადმი ძალიან მკაფიოდ და მკაცრად არის დაყენებული ნატოს მიერ. ამდენად, ყველა ამ გადაწყვეტილების, ყველა ამ მოქმედების და ღონისძიებათა ერთობლიობით შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული სამიტი საქართველოსთვის. ჩვენ, მნიშვნელოვნად მივუახლოვდით ნატოს.