მმართველი გუნდი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებში კატასტროფულ გადაცდომებს ვერ ხედავს და განმარტავს, რომ თბილისის ქუჩებში ადგილი აქვს „პოლიციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საპოლიციო კონტროლს, „ნაციონალური მოძრაობა კი, „რეიდებზე“ აპელირებს და ძალოვან უწყებას ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება სპეციალური საპოლიციო კონტროლი, მაგრამ ძალოვანი უწყება განმარტავს, რომ პოლიციელები უფლებამოსილებას მაქსიმალური სიზუსტით და კანონის დაცვით ასრულებენ. პრევენციული ღონისძიებების მიზანი კი არის, თავიდან იქნეს აცილებული ყველანაირი დანაშაული და სამართალდარღვევა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განსხვავებით, საპარლამენტო უმცირესობა პრევენციული ღონისძიებებისგან წარმოქმნილ პრობლემებზე საუბრობს და ხელისუფლებას მოუწოდებს კრიმინოგენურ ვითარებას გლობალურად ებრძოლოს და არა ერთკვირიანი ე.წ. რეიდებით.
ოპოზიციონერი დეპუტატის, მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, ასეთი ტიპის „რეიდები“ პრობლემას არა კრიმინალს, არამედ პატიოსან მოქალაქეებს უქმნის. მისი თქმით, ორდღიანი ღონისძიებები არაფრის მომტანი არ იქნება.
„მოქალაქეს სკვერში გააჩერებ, ავტომობილიდან გადმოსვამ თუ უზრდელად დაელაპარაკები, ეს კრიმინოგენურ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ამას გლობალური მიდგომა სჭირდება და არა ერთ, ორდღიანი ან თუნდათ ერთკვირიანი ღონისძიებები, რომელიც არაფრის მომტანი არ იქნება“, - აღნიშნავს მაჭავარიანი, რომლის პოზიციაზეა ლევან ბეჟაშვილი.
დეპუტატის მოსაზრებით, ის „რეიდები“ რაც ხორციელდება, მხოლოდ რიგით მოქალაქეებს უქმნის უხერხულობას და პრობლემებს.
ბეჟაშვილი პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტებად აფასებს media.ge-ს ჟურნალისტისთვის ვიდეოკამერის ჩამორთმევას და ფირის წაშლას.
„პრევენციულ ღონისძიებებს სჭირდება, ბევრად უფრო მეტი პროფესიონალიზმი და სამძებრო საქმიანობის გატარება“, - დასძენს ბეჟაშვილი.
ოპონენტების კრიტიკას უმრავლესობა არ იზიარებს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, ქვეყანაში არსებული პრობლემები მუქ ფერებში დახატოს, რადგან ქვეყნის წარმატება მათთვის პოლიტიკური სამარის ტოლფასია.
უფრო მეტიც, ოპონენტების კრიტიკის პარალელურად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საზოგადოებას მოუწოდებს შეთანხმდეს - სჭირდება თუ არა ქვეყანას პრევენციული ღონისძებები, რადგან მისი მოსაზრებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო „ჭრელი პეპელა“ ვერ იქნება.
როგორც for.ge-ს ბესელიამ განუცხადა, საზოგადოების ერთი ნაწილი ხელისუფლებას საყვედურობს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააქტიურდეს.
„რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭრელი პეპელა ვერ იქნება - ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები! პოლიციამ ბალანსი აუცილებლად უნდა დაიცვას, მაგრამ მეორე მხრივ, უსაფრთხოების დაცვა უმნიშვნელოვანესი საკითხია და პრევენციული ღონისძიებები ამისთვის ხორციელდება, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მოქალაქის უფლებები უნდა დაირღვეს. მოქალაქეს როცა გაჩერებენ, ეს გარკვეული დისკომპფორტი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს კანონის დაცვით უნდა მოხდეს. საზოგადოებაც უნდა შეთანხმდეს, გვინდა უსაფრთხოებისთვის პრევენციული ღონისძიებები თუ არა?!“, - განუცხადა for.ge-ს ბესელიამ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის გააქტიურებას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ სტრატეგიას უკავშირებს.
კანონმდებელის თქმით, გარკვეული ჯგუფი არის, რომელიც თემების გააქტიურებას პოლიტიკური მიზანშეწონილობით გეგმავს.
„მგონია, რომ ეს ფრთა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია. „ზონა ნიუსი“ რომ რაღაცას გააკეთებს, ჩემთვის ცნობილია თუ რა მიზანს ემსახურება ის. წყალგამყოფი უნდა გაივლოს და იმას მივაქციოთ ყურადღება, თუ ვინ საუბრობს ამ ფაქტებზე. ის პირები, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე ხმას არ იღებდნენ?“, - დასძენს დეპუტატი, რომლის პათოსს იზიარებს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.
for.ge-სთან საუბარში კობახიძე ყურადღებას პრევენციული ღონისძებების მნიშვნელობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ მთავარია, პოლიციამ კანონის ფარგლებში იმოქმედოს და ადამიანის უფლებების დარღვევა არ მოხდეს.
მისი განცხადებით, ერთი მხრივ, პოლიციის მიერ ჩხრეკა თუ შემოწმება ღირსების დაცვით უნდა მოხდეს და ძალადობრივი ფორმები არ უნდა იქნეს გამოყენებული, მაგრამ მეორე მხრივ, მოქალაქეებს აქვთ ვალდებულება „პოლიციის შესახებ“ კანონს დაემორჩილონ.
„როცა მოქალაქე კამათზე მიდის და პოლიციას წინააღმდეგობას უწევს, ეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. კანონმორჩილნი უნდა ვიყოთ! პოლიციის უფლებები გაწერილია „პოლიციის შესახებ“ კანონში და თუ ამას დაემორჩილება მოქალაქე, მას არანაირი პრობლემა არ ექნება. უფლებამოსილების გადამეტების ნებისმიერი ფაქტი რეაგირებული იქნება, რადგან არ შეიძლება, წესრიგის დამყარების პროცესში პოლიციელმა ადამიანის უფლებები დაარღვიოს“, - აღნიშნავს კობახიძე.
ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ პოლიციის უაპელაციოდ გაკრიტიკება არასწორია.
„ამბავია ატეხილი ლუდის დალევისთვის ადამიანი დააჯარიმესო, მაგრამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება, ადმინისტრაციული სასჯელით რეგულირდება. როგორ ჩანს, ეს ვიღაცეებს არ მოეწონათ. ერთის მხრივ, თუ კონტროლის გამკაცრებაზე ვსაუბრობთ, თუ პოლიციამ ადამიანი არ შეაჩერა და არ გააჩერა, დანაშაულის პრევენცია როგორ მოხდება?!“, - აცხადებს დეპუტატი.
თანაგუნდელების მსგავსად, „ნაციონალურ მოძრაობას“ მკაცრად აკრიტიკებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
for.ge-სთან საუბარში სესიაშვილი განსაკუთრებულ აქცენტს ოპონენტებისა და არასამთავრობო სექტორის შეფასებებზე აკეთებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებში კი, კატასტროფულ გადაცდომებს ვერ ხედავს.
სესიაშვილის განმარტებით, კანონმდებლობით, პოლიციის ერთ-ერთი ფუნქციაა საპოლიციო საკონტროლო ღონისძიებები, რომლის მიზანია, კეთილი ნება, რომ მოქალაქეებმა ცივი იარაღი არ ატარონ.
დეპუტატის მოსაზრებით, პრევენციული ღონისძიებების გატარებით საზოგადოების დიდი ნაწილი კმაყოფილია.
„იმ ჭკუამდე მივედით, რომ საჭიროა ასეთი ღონისძიებების გატარება და ამით ბევრი ადამიანი კმაყოფილია. ეს საზოგადოებრივ ინეტრესს ემსახურება. ამ პროცესში გადაცდომები იქნება იმდენად რამდენადაც, იმ სტანდარტების დანერგვას ახლა ვიწყებთ, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებულია. რაიმე კატასტროფულ გადაცდომებს ვერ ვხედავ, მაგრამ თუ იქნება ცემის ფაქტები, ამაზე რეაგირება უმკაცრესად მოხდება. როგორც ეს იმ პოლიციელის შემთხვევაში მოხდა, რომელიც ავტომობილიდან იგინებოდა. ეს პირი სამინისტრომ სამსახურიდან გაათავისუფლა“, - განუცხადა for.ge-ს სესიაშვილმა, რომელიც უმცირესობას მკაცრად აკრიტიკებს.
დეპუტატის თქმით, კრიმინალი ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სათავეში იყო.
„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემის მუქ ფერებში დახატვას, რადგან მათ ამ ქვეყნის წარმატების ეშინიათ. იციან, რომ წარმატებული ქვეყანა მათი პოლიტიკური სამარე იქნება. იმ ძალას რა უნდა ველაპარაკო, რომელსაც საკუთარი კრიმინალური წარსულისთვის ბოდიში არ მოუხდია?! „ნაციონალური მოძრაობის“ „მოღვაწეობის“ გახსენება არ მიყვარს, რადგან კრიმინალი ხელისუფლებაში მათი მმართველობის დროს იყო. ქვეყანას კრიმინალი მართავდა იმ მეთოდებით, რომელიც ძალიან შორს იყო დემოკრატიული ნორმებისგან“, - აცხადებს სესიაშვილი, რომელიც თავის მხრივ, არასამთავროებსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ არიან არასამთავროები, რომლებიც ნაციონალების წიაღში დაიბადნენ, გამაგრდნენ და ახლა ახალ ხელისუფლებას აქილიკებენ.
დეპუტატების გარდა, სპეციალური საპოლიციო კონტროლის თაობაზე განმარტებებს ძალოვან უწყებაშიც აკეთებენ. შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, ე.წ. რეიდების შედეგები ძალიან კარგია და საზოგადოება მას პოზიტიურად და დადებითად აღიქვამს.
მისი ინფორმაციით, ეს არ არის რეიდები, როგორც საბჭოთა რეალობისთვის იყო ცნობილი, არამედ ეს არის სრულიად ახალი, სპეციალური საპოლიციო კონტროლი, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
„სპეციალური საპოლიციო კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც სტატისტიკური მონაცემები დაჯამდება. ერთია, რომ პოლიციელმა იცის რა ფარგლებში მოქმედებს, მეორეა, მოქალაქემაც იცოდეს რა ფარგლებში აქვს პოლიციელს მოქმედების საფუძველი. ხშირ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს აქვს პრეტენზია, არ იცის, რომ პოლიციელს ამ კონკრეტული ღონისძიების ფარგლებში ზედაპირული დათვალიერების და შემოწმების უფლება აქვს. ჩხრეკის უფლება კი აქვს მაშინ, როდესაც სამართლებრივი საფუძველი წარმოიშობა. დარწმუნებული ვარ, ხშირ შემთხვევაში მოქალაქემ არ იცის პოლიციელის კანონიერი უფლების შესახებ და სასურველია გაეცნოს“, - განმარტავს იზორია.
შეგახსენებთ, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონით, პოლიციელს უფლება აქვს პიროვნება გააჩეროს და ზედაპირულად შეამოწმოს, რაც ჩხრეკას არ გულისხმობს. ამასთან, გონივრული ეჭვის საფუძველზე პოლიციელს აქვს ადმინისტრაციული გასინჯვის და დაკავების უფლება. ასევე, პოლიციელს აქვს უფლება, პირს მოსთხოვოს იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და თუ წარმოიშვება ეჭვი იმისა, რომ პირი საეჭვოა, წარსულშია ნასამართლევი ან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა შეიძლება დანაშაული ჩაიდინოს, ან იმყოფება ალკოჰოლური/ნარკოტიკული თრობის ქვეშ, შესაძლებელია, მოხდეს მისი შემოწმება, მაგრამ შემოწმება არ უნდა ლახავდეს პირის პატივსა და ღირსებას.