საკონსტიტუციო კომისია შსს-ს ორ ნაწილად გაყოფის საკითხზე იმსჯელებს. ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით, უშიშროების სამინისტრო და საგამოძიებო ნაწილი, შსს-ს გამოეყოფა და ცალ-ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდება. უმრავალესობის წევრები პირად საუბარში აცახდებენ, რომ შსს-ს ორად გაყოფის შესახებ საუბარი უმრავლესობის შიგნით მიმდინარეობს, თუმცა საკითხი მსჯელობის საგანს ჯერჯერობით არ წარმოადგენს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის ინფორმაციით, კოალიციის ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ უშიშროებასთან დაკავშირებით და შიდა მართლწესების დაცვაზე სხვადასხვა სამსახურები უნდა შექმნილიყო.
მისი ცნობით, აღნიშნულ საკითხზე საკონსტიტუციო კომისია იმსჯელებს.
„რაც შეეხება საგამოძებო ნაწილს, სპეციალისტები არიან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საგამოძიებო ნაწილი ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ამასთანავე, არსებობს სხვა მოდელები, რომელზეც მსჯელობა საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე მოხდება“, - აღნიშნავს ხმალაძე, რომლის პოზიციაზეა მისი თანაპარტიელი რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი.
კანონმდებელის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაშლის მომხრე რესპუბლიკელებიც არიან, ისევე როგორც ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე იყო გაერთიანებული.
ხიდაშელი იმედს გამოთქვამს, რომ უწყების დაშლის საკითხი დღის წესრიგში 2016 წლამდე დადგება.
„თუ მეხსიერება არ გღალატობთ, ამ იდეის მომხრე რესპუბლიკელებიც არიან, ისევე როგორც ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც ოპოზიციაში იყო გაერთიანებული. დღის წესრიგში თუ ეს საკითხი დადგება და იმედი მაქვს, რომ 2016 წლამდე დადგება, ეს არის სადამფუძნებლო დოკუმენტში ერთ-ერთი დაპირება“, - განმარტავს ხიდაშელი, რომელიც არ ფლობს ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა საკითხის განხილვა.
თანაგუნდელების მსგავსად, ძალოვანი უწყების შესაძლო დაყოფაზე საუბრობს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს და გაზიარებული იქნეს პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება.
კობახიძის თქმით, სამინისტროს შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით, რაიმე კანონპროექტი პარლამენტში არ შესულა.
„ამ საკითხის თაობაზე ეს მოსაზრებები ადრეც იყო. საკითხი საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში უნდა გავააქტიუროთ, რომელიც მუშაობას შემოდგომაზე დაიწყებს. თემის მიმართ კომპლექსური მიდგომა უნდა იყოს. იგივე მოსაზრებებია პროკურატურასთან მიმართებაში, თუ რომელ სახელისუფლებო შტოს უნდა დაექვემდებაროს. ამ დრომდე არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული და საკითხი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. მნიშნელოვანია, რომ იმ პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება იქნეს გაზიარებული, სადაც ეს სისტემა გამართულად მუშაობს. მითუმეტეს ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის ვალდებულებები აქვს აღებული“, - აცხადებს კობახიძე, რომლის პათოსს იზიარებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.
for.ge-სთან საუბარში ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ის ამერიკული მოდელის მომხრეა, სადაც მისი თქმით, ცალკე საგამოძიებო სააგენტოა და ცალკე უშიშროების სამინისტრო.
დეპუტატის განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ წინამორბედისგან შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით, ძალიან პოლიტიზებული სისტემა მიიღო, რომლის გაჯანსაღებისთვის რეფორმები ტარდება.
„ამ სისტემის გაჯანსაღება და პროფესიონალურ ლიანდაგებზე გადაყვანა ხდება. შემდგომ განვითარებაზე ფიქრი უნდა დავიწყოთ, უწყება თუ რა სახით და როგორ გაიყოს. ეს მჯელობის საგანი უნდა გახდეს. პირადად მე, ამერიკული მოდელისკენ მივდივარ. მიმაჩნია, რომ ცალკე საგამოძიებო სააგენტო უნდა იყოს და ცალკე უშიშროების სამინისტრო“, - განუცხადა for.ge-ს სესიაშვილმა.
უმრავლესობისგან განსხვავებით, უმცირესობას უწყების შესაძლო დაშლაზე განსხვავებული ხედვები აქვს და ამის განსხვავებულ მიზეზებს ასახელებს.
როგორც for.ge-ს დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე საკონსტიტუციო კომისიაში საქმიანი საუბარი ჯერჯერობით არ შემდგარა.
მისი თქმით, თავისთავად ის, რომ შს სამინისტრო თავისი მონოპოლიზირებული ძალაუფლებით უფლებამოსილების შესრულებას ვერ ახორციელებს, სტატისტიკის დამალვას ახდებს და ქვეყანაში ყოველ დღე, კრიმინოგენური ვითარების ზრდა ხდება, გამოსავალი ცვლილებებშია.
„ხელისუფლებას ერთადერთ გამოსავლად სამინისტროს გაყოფა მიმაჩნია, რომელმაც იქნებ, რაიმე სერიოზული ძვრა შეიტანოს ამ მიმართულებით“, - აცხადებს ბეჟაშვილი.
საკონსტიტუციო კომისიის წევრი ჯონი ხეცურიანი კი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში უნდა დადგეს. ხეცურიანის განმარტებით, ადრე კონსტიტუციაში მოქმედებდა ნორმა, რომელიც კრძალავდა შინაგან საქმეთა, უშიშროების ან სამხედრო ძალების რაიმე გაერთიანებას ან სხვაგვარად შერწყმას.
„ეს ნორმა 2010 წელს გააუქმეს. ამის შედეგად კი, შესაძლებელი გახდა ამ ყველაფრის გაერთიანება. არ შეიძლება, სახელმწიფოში ამხელა მონსტრის შექმნა, რომელსაც ყველანაირი ბერკტები გააჩნია, როგორც ძალოვანი, ასევე ოპერატიული სამძებრო, ფარული და ა.შ. როგორც კომისიის წევრი ვთვლი, რომ ის ნორმა უნდა აღდგეს, რომელიც ამ ყველაფრის გაერთიანებას კრძალავს. დარწმუნებული ვარ, ეს ნორმა აღდგება!“, - განაცხადა ხეცურიანმა.
საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას განმარტვას, რომ ჯერჯერობით საუბარი მიდის ცალკეულ თავებზე. „კონსტიტუციის გადახედვა მიდის, ასე რომ, ზოგადად, შეიძლება ასეც აღმოჩნდეს. ჯერჯერობით, რამდენაც საქმის კურსში ვარ, მხოლოდ, ამ კონკრეტულ მუხლზე, რასაც ჰქვია უწყების გაყოფა, საუბარი არ ყოფილა“, - აცხადებს ვახანგ ძაბირაძე.
შს მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია აცხადებს, რომ შსს-დან უშიშროების სამსახურის გამოყოფაზე საუბარი არ მიმდინარეობს. „საკონსტიტუციო კომისიას აქვს დიდი დრო მუშაობისთვის, თუ ამ ეტაპზე დაიწყო მსჯელობა, დისკუსია, არ ნიშნავს, რომ ამავე ეტაპზე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, კომისიას აქვს მსჯელობისთვის გარკვეული დრო“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
როგორც ცნობილია, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებამ შსს-ს და უშიროების სამინსიტრო ერთ უწყებად გააერთიანა, მიზეზად კი ქვეყნის წინაშე არსებული მდგომარეობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მეორე მსოფლიო ომის დროს მიიღო საბჭოთა კავშირმაც. შსს და უშიშროების სამინისტრო გააერთიანა და მას ერთი კაცი მართავდა.
ექსპერტების განცხადებით, კარგია რომ შსს-ს რიგი კომპეტენციების სხვა უწყებებზე გადანაწილება დღის წესრიგში დადგა. ერთ უწყებაში თავმოყრილი ამდენი და ამავე დროს დემოკრატიულ კონტროლს მოკლებული ძალაუფლება, ყოველთვის წარმოადგენდა ერთ-ერთ უმთავარეს ხელისშემშლელ ფაქტორს საქართველოს სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისა და მდგრადი განვითარების საქმეში. ექსპეტრები თვლიან, რომ შსს-ს არა მარტო უშიშროების სამსახური, არამედ სხვა სამსახურებიც უნდა გამოეყოს.
უშიშროების ყოფილ მინისტრს ანზორ მაისურაძეს მიაჩნია, რომ უშიშროების სამინისტრო ცალკე უნდა იყოს, რადგანაც მას სხვა ფუნქცია აქვს, ვიდრე შსს-ს. მისივე თქმით, უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები ფსიქოლოგიურადაც განსხვავდებიან შსს-ს თანამშრომლებისგან.
„უშიროების სამსახურს და თანამშრომლებს, სულ სხვა სამსახური და ფუნქცია აქვთ. ეს არის გარე და ქვეყნის შიგნიდან მომდინარე საფრთხეების აღკვეთა. თუ მოხდება გამოყოფა, ეს ქვეყნისთვის იქნება კარგი, მაგრამ ამისათვის საჭირო იქნება კადრების მომზადება. თავის დროზე იყო უშიშროების სასწავლებელი, რომელიც გააუქმეს, ახლა სად მოამზადებენ უშიშროების კადრებს, არ ვიცი. მოუმაზდებელი კადარები ამ სტუქტურაში არ უნდა იყოს, ამ უწყებაში აუცილებელია საკამოდ მაღალი განათლების მქონე ადამიანები, ისეთი განათლების, რომელიც ამ საქმეს წაესადაგება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანზორ მაისურაძე.
შსს-ს და უშიშროების სამინსიტროს ერთ უწყებად გაერთიანების წინააღმდეგი იყო შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი. როგორც ნარჩემაშვილიმა for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა თავის დროზე გაერთიანება მოხდა მექანიკურად, ორგანული გაერთიანება არ მომხდარა.
„უშიშროების სამინისტრო აბსოლუტურად განსხვავებული ფუნქციის უწყებაა. მარტო მექანიკური გაყოფა არ მიმაჩნია სწორად. უფრო მომხრე ვარ არსებითი და ღრმა რეფორმირების, ვიდრე ფორმალური გაყოფის. დღევანდელი შსს-ს არა მარტო უშიშროების სამინისტრო, არამედ 3-4 უწყებაც უნდა გამოეყოს. შსს-ს უშიშროების სამინისტროსა და საზღვრისდაცვის დეპარტამენტის გარდა, შეთავსებული აქვს სხვა ისეთი ფუნქციები, რომელიც შეიძლება სხვა უწყებაში იყოს. ასე რომ, ფორმალური გაყოფა საკმარისი არაა“, - აცხადებს კობა ნარჩემაშვილი.
იურისტი ლევან ალაფიშვილი მისალმება უწყების გაყოფას, თუმცა ფიქრობს, რომ ეს არ უნდა მიებას საკონსტიტუციო პროცესს, რადგან მმართველი კოალიცია არ ფლობს კონსტიტუციურ უმრავლესობას, მას სჭირდება უმცირესობის მხარდაჭერა, რაც უახლოეს პერიოდში, ამ პარლამენტის პირობებში, არარეალურად ეჩვენება.
„გამოდის, რომ მინიმუმ, 2016 წლამდე საკონსტიტუციო ცვლილებებიც და მის ფარგლებში მიღებული ეს გადაწყვეტილებაც ვერ იქნება მიღებული. შესაბამისად უმჯობესი იქნება თუკი გადაწყვეტილებები, შსს-ს სისტემური რეფორმის დაწყება არ გადაიდება 2016 წლის შემდგომი, გაურკვეველი პერიოდისთვის. მთავრობა დღეს ფლობს საკმარის საკანონმდებლო და მმართველობის ძალაუფლებას იმისათვის, რომ რეფორმა დაიწყოს, ამისთვის კონსტიტუციაში რაიმე ცვლილების შეტანა სულაც არ არის სავალდებულო“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
მისივე განცხადებით, საპოლიციო და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციების მკაფიო გამიჯვნა, ასევე ზედამხედველობის ეფექტიანი სისტემისა და მექანიზმების შემუშავება არის ის, რითაც უნდა დაიწყოს საქართველოს უსაფრთხოების სისტემის რეფორმა.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ მომზადებული უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვაში საკმაოდ საინტერესო რეკომენდაციები ჩამოვაყალიბეთ და კარგი იქნება თუკი ხელისუფლება გააგრძელებს ამ საკითხებზე საზოგადოებასთან ერთად მსჯელობას. მნიშვნელოვანი იყო, პრეზიდენტის გამოხმაურება, ასევე მნიშვნელოვანია პარლამენტართა მხარდაჭერა.
ახლა ეს ყველაფერი მთავრობისა თუ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენელთა გადაწყვეტილებებითა და მხარდაჭერით უნდა გამყარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფრი დარჩება მხოლოდ განცხადებებად. სამინისტროს სისტემური რეფორმა, განახლება და განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას საკონსტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება, ეს საკანონმდებლო ცვლილებებითა და სამთავრობო გადაწყვეტილებებითაც მიღწევადია, მთავარია პოლიტიკური ნების არსებობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.
სამართლის ექსპეტრის კახი კახიშვილის განცხადებით, თავიდანვე არასწორი იყო ორი განსახვავებული ამოცანების სამინისტრო ერთ სისტემაში გაერთიანება, ვინაიდან, წლების განმავლობაში შსს და უშიშროების სამინისტრო ერთმანეთს აბალანსებდნენ და აკონტროლდბდნენ.
„ძალიან კარგი იქნება თუ უშიშროების კომპონენტი ცალკე სამინისტროდ გადაიქცევა. შსს-ს ფუნქცია არის ქვეყნის შიგნით დანაშაულის პრევენცია, აღკვეთა და თავიდან აცილება, უშიშროების სამინისტროს ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, ერთ უწყებაში მათი ყოფნა არ აჩენდა უშიშროების სამინისტროს ეფექტურობას.
ვერ ხდებოდა უშიშროების კომპონენტის სათანადო განვითარება იმ ამოცანების შესასრულებლად, რომელიც მას კანონით აკისრია. ამიტომ, ჩემი აზრით, უშიშროების სამინისტროს ცალკე გამოყოფის შემთხვევაში, მას ექნება განვითარების საშუალება, რომელიც მის წინაშე კანონით არის დასახული და მეორე, ეს იქნება კარგი საშუალება ამ ორმა მნიშვნელოვანმა უწყებამ ერთმანეთი ანვითარონ და აბალანსონ“, - აცხადებს for.ge-სთანა საუბრისას კახი კახიშვილმა.