ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ახალი რეალობისთვის“ ფართომასშტაბიანი შეკრება გამართა. შეკრებაზე მიწვეული იყო ყველა, „ვინც თვლის, რომ აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ვისთვისაც მიუღებელია ანტიდისკრიმინაციული კანონი, ვინც სიტყვით და საქმით მხარს უჭერს სამართლიანობის დამკვიდრებას ქვეყანაში და, ვინც პატივს სცემს ქართულ ტრადიციულ ღირებულებებს“.
„ნუ შეგვეშინდება ქართველობის!- აცხადებენ მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“ საინიციატივო ჯგიფის წევრები.
For.ge მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მწერალ მერაბ შათირიშვილს ესაუბრა.
თქვენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვთ, რის შესახებაც თავის დროზე პრემიერმა განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში გამორიცხულია.
- ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობის შექნის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ის არის, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაა. მარტო იქიდანაც შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ადგილობრივი არჩევნების დროს ამომრჩევლის აქტიობა იყო ძალიან დაბალი. როცა ხალხის უმეტესი ნაწილი არ იღებს ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობას, აუცილებელია პოლიტიკური ვითარების შეცვლა ქვეყანაში. ეს პარლამენტი დაემსგავსა აბსურდების თეატრს. თვითონ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ბატონი კალაძე ამბობს, რომ სამწლიანი კოაბიტაცია იყო დიდი შეცდომა ჩვენს მიერ თავსმოხვეული ქართულ საზოგადოებაზეო და იქვე აცხადებს, ნაცმოძრაობა საშიში რევანშისტული ძალააო. ამიტომ ყველაფრისგან თავი რომ დავიზღვიოთ და კოაბიტაციასაც ბოლო მოვუღოთ, ჩვენ თვითონ - ხალხი ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვაპირებთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. რამენაირად დესტრუქციული ძალები უნდა განეიტრალდეს და პარლამენტში შევიდეს სხვადასხვა პოლიტიკური ძალა. უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა, ქვეყანა წინ წავიდეს და არ იცხოვროს ქვეყანამ რევანშისტულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში.
ცოტა ხნის წინ თქვენ, როგორც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კოალიცია დატოვეთ. დღეს თქვენ აქცენტი გაქვთ გადატანილი ნაციონალების პარლამენტიდან გაყრაზე, თუ არიან „ქართულ ოცნებაშიც“ ისეთი ადამიანები, რომლებისთვისაცპრობლემას არ წარმოადგენს კოაბიტაცია?
- „ქართულ ოცნებაში“ როცა ვიყავი, მე ვიყავი ჩემს ხალხთან და ეს „ქართული ოცნების“ აქტივმაც იცის და ხელმძღვანელობამაც. ახლაც ჩემს ხალხთან ვარ, არავინ არ დამიტოვებია და ჩემს ხალხთან ერთად ვაგრძელებ იმ საქმეს, რაც უნდა გაეკეთებინა „ქართულ ოცნებას“. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საფუძველი ძალზე ბევრია. თუნდაც ის, რომ როცა 200 პოლიტპატიმარი ჰყავს ქვეყანას, ე.ი. სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე და ყოფილი ხელისუფლება უნდა გასამართლდეს. მეორე, ამ პარლამენტარებს ანტიდისკრიმინაციული, ანტიქართული კანონი არ უნდა მოეხვიათ ქართველი ხალხისთვის. ეს იყო კეკლუცობა დასავლეთის წინაშე, რასაც არავინ ითხოვდა ჩვენგან. საზოგადოებასთან შეუთანხმებლად, ასე ფაცი-ფუცით, ტაშისკვრით ნაციონალებთან ერთად მიიღეს ეს კანონი, მიიღეს იმ პარტიასთან ერთად, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, შეახსენებენ ხოლმე, თქვენ კლავდით, იპარავდით, ცოცხებით უსწორდებოდით პატიმრებსო. არ მესმის, ასეთ კრიმინალ პარტიასთან, რომლის ლიდერებიც სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან, როგორ იღებენ ერთობლივ კანონებს?
რაც კი უვარგისი, ქვეყნისთვის დამანგრეველი კანონი მიუღიათ ნაციონალებს, ახალ პარლამენტარებს არცერთი მათგანისთვის არ გადაუხედავთ. ამიტომ, მარტო ზოგიერთი დეპუტატი კი არაა დასათხოვნი, არამედ საერთოდ უნდა გადახალისდეს ჩვენი პარლამენტი. არ ვამბობ, რომ „ქართული ოცნება“ ჩადის ისეთ რამეს, რომ ისინი კრიმინალები არიან და როდესმე გასამართლდებიან, მაგრამ, თუ ისევ უნდათ, ხელისუფლებაში იყვნენ, ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და ისინი არ უნდა შეეცადონ, ხელისუფლებას ჩაეჭიდონ.
როცა მთავრობა იწყებს ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას, რისი კონტურებიც უკვე იკვეთება, ეს დამღუპველია. ხალხი გაძლევს ხელისუფლებას და არ არის საჭირო ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა. როცა იწყებ ძალაუფლების შენარჩუნებას, ხალხი იმ ძალაუფლებას გართმევს. რაც ახლახანს მოხდა - შეიქმნა პარტია „საქართველოს ახალი დემოკრატები“. მათი ხელმძღვანელი ვინმე დავით ხიზანიშვილია და ის ქმნის ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრს. მისი ახსნით, თითქოს, ისინი შიდა პარტიული საწევროებით ფინანსდებიან, საქართველოს მთელ რაიონებში ხსნიან ოფისებს, ხიზანიშვილი აცხადებს, რომ ორჯერ მიმართა ირაკლი ღარიბაშვილს და ის საქმის კურსშია. ასეთ აბსურდულ ნაბიჯებს დგამენ. თუკი ღარიბაშვილი ამ საქმის კურსია, თქვენი საშუალებით მინდა ვუთხრა, რომ ირაკლისადმი სიმპათიები ჯერჯერობით გააჩნია ჩვენს საზოგადოებას და ნუ გააკეთებს, რომ ეს სიმპათიებიც დაკარგოს. თორემ მოხდება მარგინალიზაცია.
ორი თვის წინაც იყო ამაზე მსჯელობა და, როცა ხიზანიშვილის შესახებ შეეკითხნენ ღარიბაშვილს ჟურნალისტები, მან თქვა, რომ არ იცის ამის შესახებ და არავის დაცვა არ სჭირდება. ეს დაცვა მისთვის სრულიად ზედმეტია.
- ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა და „ოცნებას“ ყველა რაიონში აქვს პოლიტიკური ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციებს ყველა რაიონში აქვთ საზოგადოებრივი დარბაზები. არ მესმის, რაღად უნდა ირაკლი ღარიბაშვილს დამატებითი ფუნქცია? თუ ეს ასეა, ნუთუ ხელისუფლების შენარჩუნების გამო იქმნება კონტროლი საზოგადოებაზე? ამით მოხდება ადამიანების მარგინალიზაცია, ვიღაც ფულს დახარბდება და გვახსოვს 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში როგორი მარგინალიზებული საზოგადოება გვყავდა - ზვიადისტები, შევარდნაძისტები, მიშისტები და ახლა მივიღებთ ირაკლისტებს.
ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს პროცესი ზუსტად ნაციონალებისგან იმართება?
- არ ვიცი, პრესკონფერენციას ატარებს ის ოჯახაშენებული, ამიტომ ღარიბაშვილი გამოვიდეს და ეს ფაქტი პირდაპირ დაგმოს. ჩვენს საზოგადოებრივ გაერთიანებას აქვს ღარიბაშვილის მიმართ სიმპათიები, მაგრამ, თუ სამომავლოდაც ის არ დაიმსახურებს უარყოფით განწყობას საზოგადოებისგან, ეს ქართველი ხალხის ინტერესშია, რადგან ქაოსში არავის სურს ცხოვრება. ამიტომ, თუ ხალხის ხმა მშვიდობიანად აზვირთდება და ხელისუფლებაც შეისმენს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ, კარგი იქნება. ხალხის გამარჯვება ხელისუფლების გამარჯვებაა.
დღეს მნიშვნელოვანია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, დესტრუქციული მდგომარეობა გასამუხტია, არ უნდა იყოს ქვეყანაში ორი დაპირისპირებული ძალა. არ უნდა იყოს ორღობეში დაპირისპირებული ძაღლების მდგომარეობა. კრიმინალური ვითარებაც რომ არის, ამას რომელიმე მინისტრს ვერ დააბრალებ, რადგან ვინც არ უნდა იყოს შს სამინისტროში ამ წუთში, სიტუაცია იგივე იქნება. ამის მიზეზი ისაა, რომ ნაცმოძრაობა წესრიგისა და დანაშაულის აღმოფხვრას სისატიკით ცდილობდა. ეს სისასტიკე ამ მთავრობამ უარყო და სურს, კანონით და დემოკრატიული გზით წარმართოს ცხოვრება ყველა სფეროში. ასეთ გზას როცა ადგახარ, შს სამინისტროში სისასტიკის ჩამდენი არ უნდა დატოვო. არადა, შს სამინისტროს მთელი სპექტრი შეჩვეულია სისასტიკით წესრიგის დაცვას, ის პოლიციელები ამას შეჩვეულნი არიან და, როცა შენ მას სისასტიკეს უკრძალავ, ის ხელფეხშეკრულია, აღარ იცის, როგორ მართოს დანაშაული. ამიტომ ახალი კადრებია შესაშვები, სულ სხვა მოტივაციით. დანაშაულს უნდა ებრძოლონ სულ სხვა მეთოდით.
კომუნისტური მმართველობის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში სისტემა არ შეცვლილა. არ არის აქცენტები გადატანილი ეროვნულ ღირებულებებზე. რატომღაც სურთ, სახელმწიფო წელს ზემოთ ააშენონ და არა - ფესვებზე. ძირითადად, ევროპის კარნახით იადვილებენ მმართველობას, ასე ქვეყანა არ აშენდება. ცხადია, ნაციონალები დანაშაულს ჩადიოდნენ, აბა, ცხრა წელი რას ვუყურებდით? მაგრამ პროკურატურაში ესეც ისეთი ფორმებით და ისე დროულად უნდა მომხდარიყო, რომ არ მისცემოდა პოლიტიკური დევნის შეფერილობა. ესეც, გარკვეულად, ქართული საზოგადების ლოიალურობის და თავმსმოხვეული კოაბიტაციის ბრალია.
არ დამთავრდა კოაბიტაცია?
- არ დამთავრდა. კალაძემაც ეს სიტყვები თქვა. სამი არჩევნები გაიხსენეთ, ახლა ვამთავრებთ კოაბიტაციასო. მაგრამ რომელ დასრულებაზეა საუბარი? „ქართული ოცნება“ არ არის რევანშისტული, ამას ხალხი გრძნობს, მაგრამ რადგან რევანშისტულ ნაციონალებს ვერ იშორებს, ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ მწვანე უნდა აუნთოს ხალხს, რომ ჩვენ კანონიერად და არჩევნების გზით დავასრულოთ კოაბიტაცია.
ცოტა ხნის წინ თქვენ ერისკაცთა სათათბიროც დააარსეთ.
- ერისკაცთა სათათბირო შედგა და გადაწყდა, ახალი რეალობისთვის შექმნილიყო საზოგადოებრივი მოძრაობა. ერისკაცობა მარტო ილია ჭავჭავაძეობას არ ნიშნავს, ერისკაცი იყო ლელთ ღუნია, ერისკაცია ნებისმიერი, მათ შორის, ჟურნალისტიც, თუკი იგი სამშობლოზე ფიქრობს. ასევე, ერისკაცია ტაქსის მძღოლიც, რომელიც მთელი დღე მუშაობს, მაგრამ სახლში რომ მიდის, ქვეყანაში რაც ხდება, ინტერესდება და თავის სამშობლოზე წუხს. ჩემთვის არ არსებობს ცნობადი სახე, გაცვეთილი სახეები, ხან ერთ ნავში რომ ისხდნენ და ხან - მეორეში. ჩემთვის საინტერესოა ნებისმიერი სახე, ვინც ქვეყნისთვის იბრძვის.
გია აბესაძეს სულაც არ ვიცნობდით, მაგრამ ის თანამედროვე გმირი იყო, არც ანწუხელიძეს ვიცნობდით, მაგრამ მან თავი შესწირა სამშობლოს. ჩვენთან გაერთიანებულნი არიან პოეტი თემურ ჩალაბაშვილი, მომღერალი ციური მჭედლიძე, საქწიგნის დირექტორის მოადგილე ია მეტრეველი, რომელთაც დადებითი ავტორიტეტი აქვთ.
მაღალჩინოსანთა მიმართ ცალკეულ საქმეებს იძიებენ, თუმცა ზოგჯერ ამას არ მოჰყვება ხალხისთვის სასურველ შედეგი. დასავლეთი წინააღმდეგია რევანშიზმის, ეს ფაქტი თქვენთვის არ არის ანგარიშგასაწევი?
- ხელისუფლება გაბედულად უნდა მოიქცეს. შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ, ხომ არ უნდა ვიქცეთ გლეხის მიერ საბალახოდ წაყვანილ ძროხად, რომელსაც გლეხი ისე დააბამს, როგორც უნდა, თუ სურს, ათმეტრიან თოკს გაუკეთებს, თუ სურს, თოკს შეუმოკლებს. საინტერესოა, ამ ძროხის მდგომარეობაში ვართ, რომელსაც როგორც უნდათ, ისე ატრიალებენ, თუ - შვლის მდგომარეობაში, ნაკრძალშიც რომ თავისუფალია?! ახლანდელ ხელისუფლებას შეუძლია, იყოს შვლის მდგომარეობაში. ვიღაცებს ჰგონიათ, თუ ნაციონალებზე მეტ „ევროპელებად“ წარმოჩნდებიან, ამით ხელისუფლებას შეინარჩუნებენ - ვერცერთ შემთხვევაში. ხალხის ნდობას დაკარგავენ და გადაყვებიან ნაციონალებს.
თუ გახსოვთ, შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა- „გადაარჩინე სიცოცხლე“, იური ვაზაგაშვილის ხელმძღვანელობით. იური ვაზაგაშვილს ეს ორგანიზაცია თავისი შვილის გასაცოცხლებლად ხომ არ შეუქმნია? მას სურდა, სხვისი სიცოცხლე დაეცვა. თუმცა საზოგადოება ინერტული აღმოჩნდა და ცალკე დადგა, თითქოს „გადაარჩინე სიცოცხლე“ ეკუთვნის მხოლოდ იმ მამებს, ვისაც შვილები დაუხოცეს. სულ ახლახანს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების მფლობელი ბიზნესმენებიც გაერთიანდნენ, მაგრამ, თუ ხალხთან არ მივლენ, ისინიც ლოკალიზებულნი აღმოჩნდებიან. „გადაარჩინე სიცოცხლე“ ნამდვილად ტკივილსა და წუხილზეა შექმნილი და ქართველ ხალხს ეს იდეა უნდა აგვეტაცებინა და გვერდში დავდგომოდით.
თავის დროზე თქვენ ლუკა კურტანიძესა და სოსო ჯაჭვლიანთან ერთად გელათიდან სამებამდე ფეხით მსვლელობა მოაწყეთ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღსადგენად. მაშინ ჯაჭვები გქონდათ ყელზე ჩამოკიდული. ახლა როგორ ფიქრობთ, დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა და ლუკა კურტანიძემ, ვისთან ერთადაც მონაწილეობდით ამ აქციაში, გაამართლეს თქვენი მოლოდინი?
- ოპტიმისტი ვარ და ახლაც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ლუკას აზრი ნამდვილად არ ვიცი, ჩვენ მეგობრები ვართ, მაგრამ ამ კუთხით დუმილია. თუმცა ვიცი სოსო ჯაჭვლიანის პოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები აუცილებელია. როცა პარლამენტში მიმდინარეობდა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, მაშინ ვისაუბრეთ და სოსოს, როგორც მეგობარს, ვუთხარი ჩემი აზრი. მან ეს რამდენად გაითვალისწინა თუ არ გაითვალისწინა, ამაზე ლაპარაკი არ ღირს. ისე, სოსო ჯაჭვლიანი ერთადერთი დეპუტატია მთელ დეპუტატებს შორის, ვინც ბარამიძე „მიაჩმორა“, თუ გინდათ, ასე პირდაპირ ვთქვათ. მაგრამ რა ქნას ერთმა სოსო ჯაჭვლიანმა? სხვათა შორის, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისას იმ დღესვე დაარღვიეს სოსო ჯაჭვლიანის უფლებები და დისკრიმინაცია სწორედ სოსო ჯაჭვლიანის წინაშე მოახდინა უმრავლესობამ. თქვენ იცით, რომ სოსო ჯაჭვლიანმა, სინამდვილეში, ხმა არ მისცა ანტიდისკრიმინაციულ კანონს?! იქ გამოცხადდა კიდეც - 120 ხმა ერთის წინააღმდეგ და სოსო ჯაჭვლიანია წინააღმდეგიო - უსუფაშვილმა ხმამაღლა გამოაცხადა. რატომ გამოაცხადა ეს ხმამაღლა? ეს არ არის დეპუტატის უფლებების დისკრედიტაცია? მერე, ჯაჭვლიანმა გუნდურობას გაუწია ანგარიში და იფიქრა, ნაცმოძრაობის წისქვილზე არ დავასხა წყალიო და მოგვიანებით თქვა, გაჭედა აპარატმაო. თუმცა მე ვიცი, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მაინც არ აპატია ეს სოსოს. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, ოქმში დაფიქსირებულია, რომ სოსომ ანტიდისკრიმინაციულ კანონს ხმა არ მისცა. ოღონდ მერე თქვა, ხმა მივეციო. პრინციპში, ეს თქვა გუნდის იძულებით.
თქვენი უარყოფითი დამოკიდებულება ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა განაპირობა?
- საერთოდ, ლიბერალიზმი ქართველი კაცის ბუნებაშია და ამას გამოგონება არ სჭირდება. რასაც „რესპუბლიკური პარტია“ ქართველ ხალხს სთავაზობს, ე.წ. „სლიშკომ ლიბერალიზმს“, ეს არ ჩაჯდება ქართველი კაცის ბუნებრივ კონიუნქტურაში. ღმერთს მადლობა უნდა შესწირონ, რომ ბიძინა ივანიშვილი არსებობს და დღესდღეობით ისინი პოლიტიკურ „ვერხუშკაში“ არიან. მათ მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული უსაფუძვლო კანონი არღვევს არა მარტო ქართველის, არამედ აზერბაიჯანელების, სომხების და სხვების თავმოყვარეობას. ამის შემდეგი ნაშენი იყო კაზანტიპი. ეს კანონი რომ არ ყოფილიყო მიღებული, მანამდე გაბედავდა სიგუა, კაზანტიპი აქ ჩამოეყვანა? საბოლოოდ რა მივიღეთ? - რომ ვიღაც ცინიკურად დაქორწინდა გოჭზე. ამით საქართველოში არსებული წმინდა რიტუალი - ქორწინება დაგმეს. ამის შემდეგ კიდევ ორი ლესბოსელი დაქორწინდა. ეს მოხდა ჩვენს ტერიტორიაზე. რა მნიშვნელობა აქვს, ეს ვინ ჩაიდინა?! იცით, ეს რას ნიშნავს? რომ საერთაშორისო დონის „გეებს“ ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ჩამოვიდნენ საქართველოში და პარადი ჩაგვიტარონ.