აკაკი ბობოხიძის მეორე იდეა - ქუთაისი საქართველოს დედაქალაქი უნდა გახდეს

აკაკი ბობოხიძის მეორე იდეა - ქუთაისი საქართველოს დედაქალაქი უნდა გახდეს

თუ აკაკი ბობოხიძის იდეით, პარლამენტმა ადგილსამყოფელი შეიცვალა და 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, ბინა ქუთაისში დაიდო, ამჟამად, ოპოზიციონერის რანგში, ბობოხიძე მეორე იდეით გამოდის და ითხოვს, ქუთაისი საპარლამენტო ქალაქის პარალელურად, ქვეყნის დედაქალაქი გახდეს.

კანონმდებელის მოსაზრებით, ქუთაისი საქართველოს პოლიტიკური ცენტრი უნდა იყოს, რადგან მისი თქმით, ამით, ქუთაისი შენარჩუნდება როგორც 200-300 ათასიანი ქალაქი.

პარლამენტის ადგილსამყოფელის თაობაზე, for.ge აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:

საპარლამენტო კომიტეტებმა მუშაობა თბილისში დაიწყეს. თქვენ მარწმუნებდით, რომ უწყება ნაწილობრივ დედაქალაქში ვერ დაბრუნდებოდა. ახლა, რას იტყვით?

- პარლამენტის ადგილსამყოფელი კვლავ ქუთაისია. უწყების თბილისში დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ვერც იქნება. იმედი მაქვს, დრო მოვა და ხელისუფლება ამ ახირებაზე უარს იტყვის. მმართველ ძალას ვურჩევ, კომიტეტების მუშაობა ლეგიტიმური გახადოს და ამისთვის რეგლამენტში ელემენტარული ცვლილებები შეიტანოს. სჯობს, უმრავლეოსობამ ყველაფერს იურიდიული სახე მისცეს. ნათქვამია - „ძალა აღმართს ხნავს“, მაგრამ მათი ქმედება კანონიერი არ არის.

რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობაში პლენარული სხდომის დარბაზი უკვე გარემონტებულია. მართალია, კონსტიტუციიდან 48- მუხლის თანახმად, პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისია, მაგრამ თუ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე ზრუნვას დაიწყებს, რისთვისაც მათ 113 ხმა სჭირდებათ, გამორიცხავთ, რომ ხმები უმცირესობაშიც მოიპოვონ?

- არაფერს არ გამოვრიცხავ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მიიღებენ.

პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მომხრე ხართ, მაგრამ შეგიძლიათ, ის შედეგი მითხრათ, რაც უწყების გადატანას მოჰყვა?

- ამ ეტაპზე, ვერანაირი შედეგი ვერ მოჰყვა, რადგან ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, რომ პარლამენტი თბილისში დაბრუნდებოდა, ქუთაისის როგორც საპარლამენტო განვითარების იდეა მკვდრადშობილად აქცია. უფრო სწორედ, თუ არ მოკლა საბოლოოდ. არანაირი ინფრასტრუქტურა და არანაირი პროექტი, რომელიც ქალაქის განვითარებასთან იყო დაკავშირებული, არ განხორციელდა. ინვესტორებს ესმით, რომ პარლამენტი დედაქალაქში უნდა დაბრუნდეს და ფულს ქუთაისში ვინ ჩადებს?! ხშირად ისმის, ქუთაისს უწყებამ პარლამენტმა რა შედეგი მისცა? - ბუნებრივია არაფერი, მაგრამ აქ ხელი უნდა გავიშვიროთ არა პარლამენტის მიმართ, არამედ ივანიშვილის მისამართით. ქალაქს განვითარების შანსი მან წაართვა, არადა, დასავლეთ საქართველოში ერთი ქალაქი მაინც უნდა იყოს არა სტატუსით, არამედ რეალური ფუნქციით. თუ სხვაგან მუშაობა ცარიელ მინდორზე უნდა დაგვეყწო, ქუთაისს განვითარების წინასწარი საფუძვლები ჰქონდა. ქვეყანას მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსი აქვს იმისა, რომ დასავლეთ საქართველოში ქუთაისი შენარჩუნებული იქნეს როგორც ქალაქი. თუ ქუთაისი პოლიტიკური ცენტრი არ გახდა, ქალაქი უახლოეს ათწლეულში დაცარიელებისთვის არის განწირული, რაც ავტომატურად დასავლეთ საქართველოს დაცარიელებას გამოიწვევს. თბილისი ქალაქი იმის მიუხედავად იქნება, ექნება თუ არა დედაქალაქის სტატუსი და იქ იფუნქციონირებს თუ არა პარლამენტი. პარლამენტის გარეშე კი, ქუთაისის განვითარება წარმოდუგენელია.

იდეით გამოდიხართ, რომ დედაქალაქის სტატუსი ქუთაისს მიენიჭოს?

- ქუთაისი საქართველოს პოლიტიკური ცენტრი უნდა იყოს. მის განვითარებას და შენარჩუნებას მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობა თავს თბილისში მოიყრის. მართალი გითხრათ, ანკარა ვერასდროს გახდებოდა დედაქალაქი, რომ არა ათათურქის სუბიექტური გადაწყვეტილება, რომელმაც მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია დაარღვია და სტამბულიდან დედაქალაქი გადაიტანა. ანკარა ობიექტური მონაცემებით სტამბულს ვერასდროს გაასწრებს, ისევე როგორც ვაშინგტონი ნიუ-იორკს. დეტროიტი ქალაქი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მანქანათმშნებელობამ ფიასკო განიცადა, დეტროიდის მოსახლეობა გამეოთხედდა. ის, რომ თურმე, ქუთაისი საიუნივერსიტეტო და ინდუსტიული ქალაქი უნდა იყოს, აბსურდია. ქართული ინდუსტრია არ არსებობს და არც იმის პერსპექტივაა, რომ ქუთაისში იმ მასშტაბის წარმოება იყოს, რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო.

როცა ქუთაისის განვითარებაზე საუბრობთ, დავით უსუფაშვილი მახსენდება, რომელმაც for.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ 200 მლნ დოლარის ნახევარი მაინც, ქუთაისში წყლისა და გზების პრობლემაზე რომ დაგეხარჯათ, ქალაქს ეს განავითარებდა...

- ეს უსინდისო ტყუილია. ქუთაისში ათეულობით მილიონია დახარჯული და მომავალშიც ასობით მილიონი იქნება საჭირო. ქუთაისის დედაქალაქობა გარანტია იქნებოდა იმისა, რომ ის ხარჯები რაც დედაქალაქს აქვს, ქუთაისისკენ მუდმივად ყოფილიყო მიმართული. თუ ქუთაისის გადარჩენას ერთი 300 მლნ შველიდა, მათ ცხრა მილიარდიანი ბიუჯეტი აქვთ, ხელისუფლებაში ორი წელია არიან და შეუძლიათ ერთჯერადი ხარჯი გასწიონ. უსუფაშვილს ვარწმუნებ, რომ თუნდაც 300 მლნ დოლარი რომ დახარჯონ, ამით ქუთაისს როგორც ქალაქს ვერ შეინარჩუენებენ. ვისაც ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ქუთაისიდან გარბის, ასევე ვინც შიმშილისთვის განწირულია ისიც თბილისში გარბის. ქალაქში მხოლოდ ის ადამიანები რჩებიან, რომელთაც მთლად არ შიათ, მაგრამ არც დიდი ეკონომიკური პერსპექტივა აქვთ. ყველა წარმატებული ქუთაისელი ცდილობს, რომ თბილისში წავიდეს და თავის მომავალ თაობას რაღაც საფუძველი გაუჩინოს. ბედნიერებაა, როდესაც ქუთაისელი თბილისში თუნდაც ნაქირავებ სოროში ცხოვრობს და საჭმლის ფულს შოულობს, ხოლო უბედურებად მიაჩნიათ, როდესაც თბილისელი ბრწყინვალე სამუშაო პირობებში ქუთაისში ჩამოდის.

გამჭირვალე შენობას მთლადბრწყინვალესნუ უწოდებთ. 340 მლნ ლარიან შენობაში ჰაერი არ მოძრაობს...

- დიახ, ბრწყინვალეა!

თქვენ ამბობთ, რომ ქუთაისში პოლიტიკური ცენტრი უნდა შეიქმნას. თუ ასეთი საჭიროა ქუთაისში პარლამენტი, უმცირესობა რატომ არ დადის სხდომებზე და საკითხებს პრიორიტეტულობის მიხედვით, რატომ ირჩევს?

- პოლიტიკური თვალსაზრისით, ოპოზიციაში როცა ხარ, ხუთი-ათი კაცის აქტივობა სრულიად კმარა. მართალი გითხრათ, ზუსტად ისეთივე დისკომფორტი გვაქვს ჩვენ, როგორც უმრავლესობას, მაგრამ ადამიანები, სადაც საქმიანობენ იქ უნდა ცხოვრობდნენ. მმართველი გუნდი აპელირებს, რომ თბილისში პარლამენტის არსებობით ხარჯი ნაკლები იქნება, რადგან დეპუტატთა ნაწილს ბინებით უზრუნველყოფა არ სჭირდება. რატომ ამბობენ წინასწარ, რომ პოლიტიკა თბილისელებით იქნება დაკომპლექტებული?! თბილისში გადმოსვლა კი არ უნდა ავკრძალოთ, არამედ ისე უნდა მოვახერხოთ, რომ სხვა მიზიდულების ცენტრები გაჩნდეს. როგორც კი იტყვიან, რომ დედაქალაქია ქუთაისი პარლამენის შემადგენლობაც შესაბამისად შეიცვლება და არც დეპუტატების შენახვისთვის არ იქნება საჭირო დამატებითი ხარჯები.

ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ თბილისში პარლამენტი ბრუნდება უმრავლესობის კომფორტისთვის?

- დიახ, კომფორტი რომ მოიწყონ. თურმე, აპარატის წევრების სტრესულ მდგომარეობაში არიან, რომლებიც გზებზე არიან გაბმულნი. არავის არასდროს არ შეუსწავლია, თუ რა ტიპის სტერსს გაიცდის ქუთაისელი თბილისში ყოფნის დროს. მათთვის არც ბინა უქირავებია ვინმეს. უნდა შევეგუოთ იმას, რომ თბილისელს ზუგდიდში მოუწევს მუშაობა და ქუთაისელს ბათუმში. თუ მამა-პაპისეული ადგილის მოწყვეტა უჭირთ, მაშინ ყველა კუთხეში სამუშაო ადგილებს ვერ გავაჩენთ. მათ სამუშაო მიგრაციაში ჩართვა მოუწევთ.

თბილისში მდებარე პარლამენტში ნაციონალები არ დადიხართ. ანუ, შენობას ბოიკოტს უცხადებთ?

- მართალი გითხრათ, არც იმ ბიუროს სხდომებს ვესწრებოდი, რომელიც იუსტიციის სახლში ტარდებოდა. პარლამენტი არის ქუთასიში, მაგრამ რატომღაც უსუფაშვილი დელეგაციებს თბილისში ხვდებოდა.

უმრავლესობა ამბობს, რომ დელეგაციის წევრები ქუთაისში არ ჩადიან და შეხვედრების გამართვას თბილისში ამჯობინებენ...

- ეს ტყუილია. დელეგაციის წევრებს თუ ეტყვიან, პირდაპირ ქუთაისში ჩამოფრინდებიან. თუ ადამიანი პარლამენტის თავმჯდომარესთან შესახვედრად საქართველოში ამერიკიდან გადმოფრინდა, ის 200 კილომეტრს ვეღარ გაივლის? მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თბილისში ფუნქციონირება არის დარღვევა, მაგრამ თუ დადგინდება, რომ კონსტიტუციას ეს არ ეწინააღმდეგება, მაშინ ბუნებრივია, იძულებულნი გავხდებით მუშაობაში მონაწილეობა მივიღოთ, მაგრამ ამას პრინციპების და კანონის დარღვევის ხარჯზე არ გავაკეთებთ.

ანუ, სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავთ?

- დიახ, მივმართავთ თუ ამის საშუალება იქნება.

რაც შეეხება თქვენი ხელისუფლების პირობებში ისტორიული შენობის დემონტაჟს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ შესაძლოა, ამ საკითხით საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ. ვინ გასცა შენობის დემონტაჟის ბრძანება?

- სჯობს, ბესელიამ კარგად დაადგინოს, მისი შვილი რამდენიმე დღის წინ, სად იმყოფებოდა. დეიდა სხვას ამბობს და თავად ბესელია სხვას. დროა, ბესელიამ სხვის დარღვევებზე საუბარს თავი დაანებოს და ოჯახური პრობლემებით დაკავდეს.

მაშინ მე გკითხავთ, ვისი ბრძანებით მოხდა შენობის დემონტაჟი?

- საქმის კურსში არ ვარ. შენობა სახელმწიფო მმართველობაში გადავიდა და ალბათ, გადაწყვეტილება შესაბამისმა სტრუქტურებმა მიიღეს. რაც ვიცი, შენობა პრივატიზებისთვის მზადდებოდა. აქედან გამომდინარე, მყიდველისთვის არ იქნებოდა საინტერესო ჯართად ქცეული ადამის დროინდელი ავეჯი.

პრივატიზების გამო, აუცილებელი იყო შენობაში იატაკი აგეყარათ და პლენარული სხდომის დარბაზში კედლები დაგენგრიათ?

- იქნებ, იატაკი არ აყარეს და სადმე დაასაწყობეს?

ბატონო აკაკი, ჩემი თვალით ვხედავდი, თუ როგორ პირობებში მიმდინარეობდა დარბაზების დემონტაჟი... დამერწმუნეთ, იატაკის დასაწყობება ვერ მოხდებოდა, რადგან მუშებმა ყველაფერი მიწასთან გაასწორეს. ის ტრიბუნაც კი გაჩეხეს, საიდანაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა...

- გავიგე, მაგრამ იქნებ სადმე დაასაწყობეს. ჩემი მონგრეული სკამი და პარლამენტის საზიზღარი ავეჯი არავის უნდოდა. ის რასაც ჩვენ ვაკეთებდით, სახლემწიფოსთვის არ იყო ზარალი. თბილისში შენობა და ფული გვქონდა. ფული ქუთაისში შენობად ვაქციეთ, მაგრამ შენობის ფულად ქცევას ვაპირებდით.

თუმცა, გამჭირვალე შენობა არ იყო სახელმწიფოს ბალანსზე და ამავდროულად, როგორც გაირკვა, შენობა აშენებული იყო გრანტებიდან მიღებული თანხებით...

- გვეუბნებიან, ფული გაფლანგეთო, მაგრამ არაფერი გაგვიფლანგავს. ესენი ტირიან, 300 მლნ ქუთაისს რატომ არ მოახმარეთო. ორი წელი გავიდა და ტირილს თავი დაანებონ. ფული თუ რაიმე სფეროს სჭირდება მოახმარონ! მათგან განსხვავებით, ჩვენ 750 მლნ არ „გაგვირღვევია“. ჩვენ შენობა მაინც ავაშენეთ და ამათმა ფული სულ დაკარგეს. დაკარგული ფული კი ქვეყნისთვის გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე აშენებულ შენობაში ჩადებული თანხა. დღეს ერთი და იმავე საქმისთვის ორი შენობა და ორმაგი ხარჯი გვაქვს. სახლემწიფოსთვის ზარალი ეს არის, თორე, რაც ჩვენ გავაკეთეთ ის არ იყო. ორი შენობა გვაქვს და ორივეს მომავალი ჰაერში კიდია.

და ბოლოს... პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეაზე საუბრისას, თქვენ დეცენტრალიზაციაზე აპელირებთ, თქვენი ოპონენტები კი ამბობენ, რომ შენობას პრივატიზებისთვის იმიტომ ამზადებდით, რომ გეშინოდათ ალტერნატიული პარლამენტი არ შეკრებილიყო. რას უპასუხებთ მათ?

- მაგ ლოგიკით ამჟამად დაინტერესებული უნდა ვიყოთ, რომ ყველაფერი თბილისში დაბრუნდეს. ტყუილია ეგ ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ანკარაშია მთავარი პოლიტიკური პროცესები სტამბულში მიდის. თბილისი არის თვითკმარი ქალაქი, სადაც პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებას ვერაფერი ვერ შეაფერხებს. თუ ხელისუფლების ქმედებებს ორი მლნ ადამიანი აპროტესტებს, დამერწმუნეთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანები თბილისში იქნებიან თუ ქუთაისში, რადგან ასეთ ხელისუფლებას მომავალი მაინც არ აქვს. ჩვენ ქალაქის გადარჩენის გეგმა მოვიფიქრეთ, მათ უკეთესი დადონ. ფაქტია, რომ საზოგადოებას ალტერნატიულს ვერაფერს სთავაზობენ. საუნივერსიტეტო ქალაქი ბლეფია. კარგად ჰკითხონ პროფესორ-მასწველებლებს უნდათ კი, ქუთაისში წასვლა?! შეუძლებელია, დიდი ქალაქი მხოლოდ უნივერსიტეტებით არსებობდეს. თუ პოლიტიკური ცენტრი იქნება, ქუთაისი შენარჩუნდება როგორც 200-300 ათასიანი ქალაქი.