აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს პრეზიდენტთან (ვიდეო)

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს პრეზიდენტთან (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეგელს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, ამერიკის დელეგაციის წევრები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

გიორგი მარგველაშვილმა ჩაკ ჰეგელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ყურადღება თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე გაამახვილეს და თავდაცვის სფეროში ურთიერთობის განვითარების შესახებ იმსჯელეს. პრეზიდენტთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოს უელსის სამიტის შედეგები იყო.  საუბარი შეეხო სასწავლო ცენტრს, რომელიც არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოში უნდა გაიხსნას.

პრეზიდენტთან საუბრისას ჩაკ ჰეგელმა ქართველი სამხედროების მიერ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილი და ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლი განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა.