საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრა. საპატიო სტუმარსა და ამერიკულ დელეგაციას „კრწანისში“ მასპინძლობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა გაუწიეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკელი კოლეგა ქართველ სამხედროებს წარუდგინა და ჩაკ ჰეგელს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენთვის განსაკუთრებული სიამაყეა ის, რომ ამერიკის თავდაცვის მდივანი თავად იყო ჯარისკაცი და მან საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლაში ჭრილობებიც მიიღო. ის სამაგალითო ლიდერია. კიდევ ერთხელ მივესალმები საქართველოში თავდაცვის მდივანს. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, მან ამ ქვეყანაში, როგორც საკუთარ ოჯახში, საკუთარ სახლში, ისე უნდა იგრძნოს თავი. დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის“.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითებს სიტყვით მიმართა. მან განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ქართველი სამხედროების მიერ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილი და ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლი. სიტყვით მიმართვისას ჩაკ ჰეგელმა ამერიკის შეერებული შტატების, როგორც სახელმწიფოს, სამ პრიორიტეტზე გაამახვილა ყურადღება: „დიდი მადლობა ბატონო მინისტრო. მივმართავ ქართველ მასპინძლებს, ქართველ ჯარისკაცებ - დიდი მადლობა თქვენი პარტნიორობისა და მეგობრობისთვის.მივმართავ ამერიკელ საზღავაო ქვეითებს - ნამდვილად ვამაყობ იმით რასაც აკეთებთ, ვამაყობ იმით, რასაც წარმოადგენთ და როგორ აკეთებთ. თქვენ უცხოეთში ჩვენი ქვეყნის ელჩებს წარმოადგენთ. თქვენ ხართ ის ხიდი, რომელიც ჩვენ ქვეყანას სხვა ხალხებთან, სხვა ქვეყნებთან გვაკავშირებს. გადმოგცემთ პრეზიდენტ ობამას მოკითხვას და მის მადლიერებას იმ საქმის გამო, რასაც აკეთებთ.
განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩემს მეგობარს - საქართველოს თავდაცვის მინისტრს ვსტუმრობ. მას პირველად წლების წინ შევხვდი, მაშინ ჯერ კიდევ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ვიყავი და საქართველოს ვსტუმობდი. ვიცი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთგულების შესახებ, რომელიც მას საქართველოსა და ქარველი ხალხის წინაშე აქვს. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ის ამერიკის ასეთი დიდი მეგობარია.
თქვენმა უმრავლესობამ იცის, რომ მინისტრი და მე ახლახანს დავბრუნდით უელსში გამართული ნატოს სამიტიდან. მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი რამ მიღწეულია, რათა ნატოს წევრ ქვეყნებსა და საქარველოს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაფართოვდეს.
მინდა აღვნიშნო ის სამი ძირითადი პრიორიტეტი, რომელიც პრეზიდენტ ობამას ჩვენი ქვეყნის წინაშე და მე, როგორც თავდაცვის მდივანს, მაქვს ჩვენი თავდაცვის დეპარტამენტის მიმართ გაგვაჩნია. ეს გახლავთ: 1. ხალხი, ნებისმიერი დაწესებულება და ინსტიტუტი არის იმდენად კარგი, რამდენადაც კარგად ზრუნავს იგი თავის ხალხზე; 2.შესაძლებლობები - შეუძლებელია მოვთხოვოთ, იქნებიან ეს ამერიკელი თუ ქართველი სამხედროები, შევიდნენ ბრძოლაში, თუ მათ სათანადო აღჭურვა და შესაძლებლობები არ აქვთ; 3. ზრდა და გაღრმავება - ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გაუმჯობესება.
ვიცი, რომ ჩვენი ქართველი მეგობრები იმავე პრიორიტეტებს იზიარებენ, პრიორიტეტებს, რომელიც უკავშირდება ხალხს, შესაძლებლობასა და პარტნიორებს. მჯერა, რომ პარტნიორობა მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვანია მთელს მსოფლიოში არა მარტო იმისთვის, რომ მხოლოდ დღევანდელი საფრთხეების გამკლავება მოვახერხოთ, არამედ ხვალინდელი საფრთხეებისთვისაც, რომლებიც ჯერ კიდევ უცნობია. სწორედ ამისთვის არის მნიშვნელოვანი დღევანდელი პარტნიორობა.
მსურდა საქართველოში სწორედ ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ ჩამოვსულიყავი. ამისთვის რამდენიმე მიზეზი მქონდა. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მსურდა საქართველოს ჩვენი პარტნიორებისთვის ქართველი ხალხისთვის გამეზიარებინა, თუ რამდენად ვაფასებთ არსებულ პარტნიორობას.
ვაფასებ იმ შესაძლებლობას, რომელიც დღეს მომეცა. დღეს დილას თავდაცვის მინისტრთან მქონდა შეხვედრა. მოგვიანებით შევხვდები პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ამ შესაძლებლობას ვიყენებ იმისთვის, რომ გავაჟღერო პრეზიდენტ ობამას სიტყვები დარწმუნებასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ვიზიარებთ ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს, ასევე ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას და ერთგულებას ჩვენი პარტნიორების მიმართ. ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს, როდესაც ამერიკელი საზღვაო ქვეითების გვერდით ვარ“.
სიტყვით მიმართვის შემდეგ, ჩაკ ჰეგელმა ქართველი სამხედროსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითის შეკითხვებსაც უპასუხა.
ღონისძიების დასასრულს, საპატიო სტუმარმა ქარველ და ამერიკელ სამხედროებს საჩუქრად აშშ-ის თავდაცვის მდივნის მედალიონები გადასცა.