საშეშო ლიმიტის დაწესებამ მთიანი რეგიონების მოსახლეობას ბოლო წლებში დიდი პრობლემები შეუქმნა. შეოდგომასა და ზამთარში ხშირად იმართებოდა საპროტესტო აქციებიც. ამის მიზეზი, ის იყო, რომ გლეხები უგზოობის გამო ვერ შედიოდნენ ტყეში და თუკი როგორმე შეაღწედნენ, საკმარისი რაოდენობის შეშის დამზადებას მათ კანონი უკრძალავდა.
ეს პრობლემები მაღალმთიანი რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ასე თუ ისე მოგვარდა. მათთვის გამოყოფილი შეშის მოცულობა 7 კბ/მ-დან 15 კბ/მ-მდე იზრდება. გარდა ამისა, გარემოსდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა რეგიონში, მიუდგომელ ადგილებში სატყეო სამეურნეო გზების გაყვანა დაიწყო. სამუშაოები ამინდის გაუარესებამდე უნდა დასრულდეს, რათა ხალხმა შეშის მომარაგება მოასწროს.
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N242 დადგენილებაში ცვლილება შედის. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი სომხიშვილი და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ლევან ტაბუცაძე ადასტურებენ, რომ ცვლილების მიზანი ტყის ფონდის მართვის მდგომარეობის ხარისხისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ზამთრის სეზონის სტატისტიკამ აჩვენა, რომ მაღალმთიანი რეგიონების დასახლებულ პუნქტებში მოსახლე ერთ კომლზე 7 კბ/მ-ის ოდენობით საშეშე მერქნული რესურსი არასაკმარისია. აქ რამდენიმე ფაქტორია მნიშნველოვანი. პირველ რიგში, წელიწადის ცივი პერიოდი (ზამთრის სეზონი), ბარისგან განსხვავებით, მთაში გაცილებით ხანგრძლივია. გარდა ამისა, გაზის უქონლობის გამო, ამ რეგიონებში მოსახლეობა შეშას საყოფაცხოვრებო მიზნით ზაფხულის პერიოდშიც აქტიურად იყენებს.
მთავრობის ახალი ინიციტიავით საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების 1500-ზე მეტი სოფლის მკვიდრი ისარგებლებს.
გარდა ამისა, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სოფლების მოსახლეობას 7 კბ/მ საშეშე მერქნის მოპოვების საშუალება ეძლევა, რაც აქამდე კანონმდებლობით არ იყო განსაზღვრული.
იმავდროულად ეროვნულ სატყეო სააგენტოს მთავრობის 242-ე დადგენილებით, მიენიჭა უფლება თავად დაამზადოს ხე-ტყე და უზრუნველყოს მისი რეალიზაცია. ამ მიმართულებით, იწყება საპილოტე პროექტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სააგენტო ეტაპობრივად, მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს განახორციელოს მასშტაბური სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები. სამინისტროში იმედოვნებენ, რომ გაუმჯობესდება ტყის სანიტარული მდგომარეობა, სატყეო ინფრასტრუქტურა, მიღებული შემოსავლებით მოხდება ტყის მოვლა-აღდგენისა და დაცვის ღონისძიებები.
არასამთავრობო ორგანიზაციის „მსოფლიო გამოცდილება -საქართველოს“ ინფორმაციით, ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავისი ენერგეტიკული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ინტენსიურად იყენებდა შეშას, რომელსაც კანონიერი თუ არაკანონიერი გზით მოიპოვებდა ტყეებში.
ბოლო წლებში ხე-ტყის მოპოვებამ რამდენჯერმე გადააჭარბა ჭრის დასაშვებ ნორმებს და დღეისათვის საქართველოს ტყეებში მდგომარეობა უმძიემსია. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოში ოჯახების 57% შეშას გათბობის, წყლის გაცხელებისა თუ საკვების მომზადებისთვის იყენებს. სოფლად მცხოვრები ოჯახებისთვის კი ეს მაჩვენებელი 97%-ს აღწევს.
მიუხედავად შეშის მოხმარების ასეთი მაღალი ინტენსივობისა, მისი ენერგეტიკული ღირებულება დაბალია, რადგან ოჯახების 60%-ზე მეტი ნედლ შეშას მოიხმარს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეშის რესურსი არაეფექტურად გამოიყენება.