მზადება ყაზახურ-ქართული მორიგებისთვის

მზადება ყაზახურ-ქართული მორიგებისთვის

„ყაზტრანგაზ-თბილისის“ მიმართულებით ცალკე ცენტრალური ხელისუფლება მუშაობს და ცელკე დედაქალაქის მერია. პირველი საკითხი კომპანიაში ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნებას ეხება, მეორე კი თბილისის ზამთრისათვის მზადებას. ამ მხრივ დედაქალაქის ახალ მთავრობას პრეტენზიები აქვს.

„ყაზტრანსგაზში“ ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნდების შესაძლებლობაზე განცხადება, მთავრობის დასრულების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გააკეთა.

„კიდევ ერთხელ ავუხსენით ჩვენი პოზიცია და მიდგომა, რომ ჩვენ კომპანიას ვუბრუნებთ. ის პრობლემები, რომლებიც ფინანსურ მხარეს ეხებოდა, ფინანსთა სამინისტროსთან მოგვარებულია, როდესაც სამუშაო ჯგუფის მუშაობა დასრულდება, კომპანია ყაზახური მენეჯმენტს გადაეცემა მართვაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორივე სამინისტრო ყაზახური მხარისგან პასუხს ელოდება.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა მმართველის ირაკლი გაბუნიას თქმით, ხელისუფლების გადასაწყვეტია, კომპანიისთვის სპეციალური მართვის რეჟიმია უკეთესი თუ ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნება. მან ჟურნალისტებს კომპანიის ფინანსური ვალდებულებაც გააცნო და აღნიშნა, რომ „ყაზტრანსგაზს“ წლების წინათ ფინანსთა სამინისტროს მიმართ 69 მილიონი ლარის ვალი დაუგროვდა, ასევე კომპანიას 17 000 000 ლარი ბანკების ვალი ჰქონდა, სხვადასხვა ვალდებულებების - 10 მილიონი ლარი და დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ვალი დამფუძნებლისა და ყაზახური კომპანიის.

გაბუნიას თქმით, კომპანიამ 5 წლის განმავლობაში სპეციალური მართვის რეჟიმში განახორციელა აღნიშნული ვალების პროცენტული დაფარვა და კომპანია ამ პროცენტებს ყოველთვიურად იხდის. დღეისთვის ფინანსთა სამინისტროს მიმართ კომპანიის ძირითადი ვალი14 მილიონი ლარით შემცირდა. სხვა ფინანსური ვალდებულებები (10 მილიონი ლარი) გადახდილია.

„ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. ყაზახური მხარის დაბრუნების შემთხვევაში კომპანია გააგრძელებს იგივე სამუშაოებს, ანუ ვალების მომსახურებას. ჩემთვის ძნელია გიპასუხოთ, რა იქნება უკეთესი, სპეციალური მართვის რეჟიმი თუ ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნება. ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია“, - აღნიშნა გაბუნიამ.

პარალელურად „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ხელმძღვანელები თბილისის მერიაში დაიბარეს და ათასგვარი კითხვები თუ დავალებების ნუსხა წარუდგინეს. დავით ნარმანიას დავალებით, კომპანიას ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირის შესაძლო გაჟონვის და უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, გაზგამანაწილებელი სისტემის შემოწმება მოუწევს. კომპანიამ ასევე უნდა გაატაროს ყველა ის საჭირო ზომები და მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ნორმების შესახებ.

მომდევნო კვირისთვის „ყაზტრანსგაზმა“ მერიას უნდა მიაწოდოს დეტალური გრაფიკი დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, რაც, ასევე, აუცილებელია 2015 წლის ბიუჯეტის დასაგეგმად. მიწისზედა გაზგამანაწილებელი ქსელის გაყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, უკვე არსებულ ქსელებსა და სისტემებზე კი ინფორმაცია მიეწოდოს მერიას.

რაც შეეხება ახლადაშენებული საცხოვრებელი კორპუსების გაზიფიცირებას, უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს გაზის უსაფრთხო შეყვანის სტანდარტს, სადაც გათვალისწინებული იქნება, ასევე, ვიზუალური მხარე.

დავით ნარმანიას დავალებით, თბილისის მთავრობასა და კომპანიას შორის კოორდინაციის მიზნით, კომპანიამ უნდა გამოყოს სპეციალური წარმომადგენელი. მთავრობის მხრიდან კომპანიასთან ურთიერთობა თბილისის ვიცე-მერს, გიორგი სოლომონიას დაევალა.

„ვერ ვთანხმდებით იმაზე, რომ გლდანის რაიონში დასაჩქარებელია 43 ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი პროექტი. დაჩქარებული ექსპერტიზის შემთხვევაში, გაურკვეველია ვინ უნდა გადაიხადოს ექსპერტიზის საფასური - გლდანის რაიონის გამგეობამ, რომელსაც ეს ბიუჯეტში გათვალისწინებული არ აქვს თუ „ყაზტრანსგაზმა“. ეს ინდივიდუალური შემთხვევააა, რაც მოქმედი წესებით და ნორმებით არ რეგულირდება. ამიტომ დავავალე გამგეობას, დაიანგარიშოს გადასახდელი თანხის მოცულობა და თუ დიდი არ არის, მას თბილისის მერია დაფარავს“, - განაცხადა ნარმანიამ.

„ყაზტრანსგაზისადმი“ პრეეტენზია აქვს ნაძალადევის რაიონის გამგებელს ზაზა გაბუნიას, რადგან კომპანიამ 27 შემთხვევაში ვალდებულება არ შეასრულა. ყველა ამ შემთხვევაზე გამგეობას საგარანტიო წერილი აქვს გაკეთებული.

„27 შემთხვევიდან ნაწილი გაზიფიცირების ქსელის გაკეთების აუცილებლობაზე მოსახლეობის კოლექტიური განცხადებაა, ნაწილი ინდივიდუალურად გაზის მილებთან მიერთებაზეა განაცხადი. გარდა ამისა, რაიონში ცხრა კომპაქტურ ჩასახლებაში 1079 ოჯახს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. მოდის ზამთარი და ეს პრობლემები აუცილებლად უნდა მოგვარდეს“, - აღნიშნა გაბუნიამ.

ნაძალადევის რაიონში ასევე პრობლემად რჩება ამორტიზებული გაზიფიცირების ქსელები და უნდა შედგეს მათი სარეაბილიტაციო გრაფიკი. ნაძალადევის გამგებელის თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობისგან მიიღო დაპირება, რომ არსებული პრობლემები გადაიჭრება.