საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი ესტუმრა. ამერიკელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მასპინძლობს.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა საქართველოსა და ამერიკის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა.
ოფიციალური მიღების დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, აშშ-ს თავდაცვის უწყების დელეგაციის წევრები, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
მოგვიანებით, ირაკლი ალასანია და ჩაკ ჰეგელი მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
დღესვე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან.
აშშ-ს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ამერიკელ საზღვაო ქვეითებსა და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდება და მათ სიტყვით მიმართავს.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.