„სამსახურებიდან ის ადამიანები გაყარეს, ვინც „ინფორმატორების“ მოძიებაზე მუშაობდა“

„სამსახურებიდან ის ადამიანები გაყარეს, ვინც „ინფორმატორების“ მოძიებაზე მუშაობდა“

ტრადიციისამებრ, ნაციონალი გივი თარგამაძე ხელისუფლებას აკრიტიკებს. განსაკუთრებულ აქცენტს კი, ალექსანდრე ჭიკაიძეზე აკეთებს. ამას გარდა, თარგამაძე ღარიბაშვილის ხარჯებით ინტერესდება და ითხოვს პასუხს კითხვაზე - თუ რა თანხით შეიძინა პრემიერმა „ჰერმესის“ ქამარი.

ძალოვან უწყებაში მიმდინარე პროცესების თაობაზე, for.ge გივი თარგამაძეს ესაუბრა:

ნაციონალური მოძრაობაშს მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებას რა მოტივით ითხოვს?

- მაისში სიტუაცია საგანგაშოდ ჩავთვალეთ და ვამბობდით, რომ სახეზე იყო სისტემის ჩამონგრევის ნიშანი, მაგრამ სამწუხაროდ, ყურიც არავინ შეიბერტყა და სისტემა მართლაც ჩამოინგრა. პრაქტიკულად, აღარ არსებობს არც ცოდნა და არც ხელმძღვანელობა, რომელიც დანაშაულის პრევენციას მოახდენს. ყველაფერს თავისი წინაპირობა აქვს. ძალოვანი უწყებიდან ის ადამიანები გამოყარეს, რომლებიც მართლაც პროფესიონალები იყვნენ. პრევენციის სისტემა მოიშალა, რადგან ამ ხალხს წინასწარი მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. სეზონურ დანაშაულზე ცალკე მუშაობა მიმდინარეობდა და ასევე ხდებოდა „ინფორმატორების“ მოპოვება. სამსახურებიდან პირველ რიგში ის ადამიანები გაყარეს, ვინც „ინფორმატორების“ მოძიებაზე მუშაობდა. მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ თბილისში სამუშაო პროცესი გაჩერდა, კადრების ნაწილობრივ დააბრუნება მოახდინეს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ხელმძღვანელობა სრულიად უნიათოა, ამ სისტემის აღდგენა ვერ მოხერხდა. კომიკური სიტუაციები დაიწყო, როცა „ინფორმატორების“ სამსახურებში აყვანა დაიწყეს.

ანუ, თქვენ აპროტესტებთ ძალოვანი უწყების საკადრო პოლიტიკას?

- უწყებაში პირველ ეტაპზე კადრების დაკომპლექტება თამაზაშვილის ახლობლობით მოხდა, რომლის საუკეთესო მაგალითია ალექსანდრე ჭიკაიძე. მისი მინისტრობა მხოლოდ იმან განაპირობა, რომ მამამისი თამაზაშვილის მეგობარი იყო. ამ ადამიანში შეუძლებელია მინისტრობის განმსაზღვრელი სხვა თვისება აღმოაჩინო. ის კარგი პოლიციელი იყო იმ დონეზე, სადაც მუშაობდა, მაგრამ ეს ადამიანი მინისტრობასთან არაფერ შუაში არ არის. ის პოსტზე კლანთან ახლობლობით და მორჩილებით შეარჩიეს. ეს ადამიანი პოსტიდან უნდა გათავისუფლდეს და და შედარებით ადეკვატური პირი მოძებნონ, რომელმაც წერა-კითხვა იცის. მინისტრის პოსტი პოლიტიკური თანამდებობაა და არ შეიძლება, ის უბრალო პოლიციელი იყოს. ამას გარდა, უნდა ითქვას, რომ მთელ სისტემაში კადრები ნაცნობობით არის შერჩეული და უწყებაში დაბრუნებულია შევარდნაძის დროინდელი პოლიციელები, რომელთაც მუშაობა საერთოდ არ იციან.

თქვენ ჭიკაიძეს აკრიტიკებთ, ოპონენტები კი, მერაბიშვილის წარსულს გახსენებენ და ამბობენ, რომთქვენნაირი მინისტრიარ ეყოლებათ...

ვანოსნაირი მინისტრი ვერასოდეს ეყოლებათ. მასთან ახლოსაც კი ვერ მივლენ. მათ მინისტრს იოტისოდენა ტვინი და გამოცდილებაც არ აქვს. იმაზე ლაპარაკი, რომ კრიმინალი ჩვენს დროსაც ხდებოდა, ფუჭია, რადგან საზოგადოებამ იცის, ჩვენს დროს თუ რა პროცესი იყო. სისტემა მხოლოდ პოლიტიკურ დაკვეთებზე მუშაობს. როდესაც მკვლელობები ხდება, პოლიციას რეაგირება არ აქვს, სამაგიეროდ, ხიდებზე იმ ადამიანს აკავებენ, ვინც უკრაინის დროშას ხატავს. კარგით, ცხრა წლის მანძილზე სისხლის მსმელები ვიყავით, მაგრამ ეს რა შუაშია მათ უნიათობასთან? ბიჭებს ხოცავენ. გულზე მჯიღს იცემდნენ, ნაციონალების დროს ბიჭებს ხოცავდნენო და ესენი ადამიანები არ არიან, პანტაპუნტით რომ კვდებიან?!

ფაქტია, რომ ოპოზიციაში თვალთმაქცობდნენ და ხელისუფლებაში შევარდნაძის სისტემის დაბრუნება უნდოდათ, სადაც ჭაობში კარგად სუნთქავდნენ. იმ ბიჭების ოჯახებმა რა გააკეთონ, რომელთაც სუნთქვა შეწყვიტეს?

თქვენ მხედველობაში გყავთ ის ბიჭები, რომლებიც თქვენი ხელისუფლების პირობებში დაიღუპნენ. ბატონო გივი, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის უკან თანანმდებობის პირები იდგნენ და რეაგირებას ამაზე არ ახდენდით. დასანანია, რომ ახალგაზრდები ახლაც იღუპებიან და ამაზე მმართველ ძალას ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს, მაგრამ როგორც შსს აცხადებს, დაღუპულები პირადგარჩევებსეწირებიან...

- ხელისუფლებაში არიან და გახმაურებულ საქმეებს რატომ არ იძიებენ? გირგვლიანის საქმე რა ეტაპზეც იყო, ისევ ისეა. ვაზაგაშვილისა და რობაქიძის საქმეებზე, რატომ არ ტარდება სასამართლო? ინსინუაციები დადასტურდა? ვაზაგაშვილი ჩვეულებრივი ბანდის წევრი იყო. მას როგორც მინიმუმ ორი მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი. საბჭოთა კავშირის დროს კი, მამამისს შრომის გმირი გაუთავებული ჰყავდა და ახლა, მორალს გვიკითხავს?! თავზარდამცემი ფაქტია, რომ წულიკიანმა კრიმინალებს მემორიალი გაუხსნა.

რობაქიძეს მოკლული არავინ ჰყავდა, მაგრამ ის წერეთელზე მოკლეს, შემდეგ კი, როგორც გამოძიება ამბობს, ავტომანქანაში იარაღი ჩადეს...

- ამ საქმეზე გამოძიება, რატომ არ ტარდება? სინამდვილეში „ოცნებას“ ამ ბიჭების სიკვდილი ისე ედარდებდა, როგორც ივანიშვილის ზვიგენს უკრაინის ომი. მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა თვალთმაქცობას. კერძო გარჩევები რადგან არის, იგივე დონის აღშფოთება არ უნდა გამოხატონ? თავს რომ ქვიშაში ჩაყოფ, ერთი ადგილი დაუცველი გრჩება და საფრთხე ადრე თუ გვიან დაგემუქრება.

რა თქმა უნდა, საზოგადოებამ შეშფოთება უნდა გამოხატოს და არცერთი დანაშაული არ უნდა დაიფაროს. თქვენ კრიმინოგენური ვითარების გაუარესებაზე აპელირებთ, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობების სტატისტიკას აქვეყნებს და აცხადებს, რომ მონაცემები გასულ წლებთან შედარებით უცვლელია. უწყების სტატისტიკას არ ენდობით?

- სტატისტიკის ტოტალური გაყალბება ხდება, მაგრამ ამის აზრი არ მესმის. საზოგადოება ამ რეალობაში ცხოვრობს და როცა ადამიანებს გარეთ გამოსვლის ეშინიათ, ამ დროს, ბედნიერ ცხოვრებაზე მხოლოდ ჭიკაიძისნაირი ადამიანი თუ ისაუბრებს. შიგნით სისიტემას ურტყამენ და ვერ ხვდებიან? ლილოში „სუს“-ის სპეცდანიშნულების რაზმის ხუთი წევრი დაჭრეს და შეიძლება, ვინმეს ერთი ადამიანი დაეჭრა, მაგრამ ხუთი? ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ის სპეცნაზი აღარ არის. ამავე დროს, მესტიაში პოლიციელები ხელმძღვანელებმა გალახეს. სისიტემა შევარდნაძის ნიშნულამდე დავიდა. საკითხს გაშლილად რომ შევხედო, პრობლემა ივანიშვილშია. ამ ადამიანმა პირდაპირ კრიმინალებთან კონტრაქტი დადო და ხელისუფლებაში „ოცნება“ მათ ხარჯზე მოვიდა.

რას გულისხმობთ, მხედველობაში რა კონტრაქტი გაქვთ?

- ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლა კლასიკური ოლიგარქიული გზით მოახდნა, რაც რაიმენაირ ფოკუზს ეფუძნება. კერძოდ, „ტრიუკს“, რომელსაც საზოგადოებას აჭმევენ და შემდეგ დარდი არ აქვთ, მომავალი როდესმე გახდება თუ არა ნათელი. ეს ძალა ხელისუფლებაში მოვიდა დაწყებული ცოცხებიდან და ვითომ მკვდრის გაცოცხლებით. ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მალე ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოაცხადეს და ხალხი გარეთ გამოუშვეს, მაგრამ ამნისტირებულების მიმართაც დღემდე ვალის გრძნობა აქვთ. კონტრაქტით გათვალისწინებული იყო ქურდული მენტალიტეტის ადამიანების მხრიდან მხარდაჭერა, ხოლო აღსრულება ბესელიას მიმართ გაცემული ბრძანება იყო, რომ სრულიად აღვირახსნილი და უპრეცედენტო ამნისტია გამოცხადებულიყო. ასიდან ერთადერთი დაპირება, რაც ივანიშვილმა შეასრულა, ეს იყო. ანუ, რამაც ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა.

გისმენთ და მაკვირვებთ. თქვენ შეცდომები არ დაუშვით, რაც ადამიანების ზეწოლასა და ტერორში გამოიხატებოდა? ივანიშვილმა ხელისუფლება ხელში ჰაერზე ჩაიგდო?

- ბუნებრივია, ამაზე საუბარი არ არის და ბევრჯერ გვისაუბრია, რომ შეცდომები დავუშვით. ჩვენი შეცდომები რომ არ ყოფილიყო, ის ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა. ცოცხები იყო ასაფეთქებელი და ააფეთქეს, მაგრამ ცოცხების ძირითადი ნაწილი ორკესტრირებული იყო. ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მალე, ივანიშვილმა პასუხისმგებლობა სასწრაფოდ ჩაიხსნა, სახლში წავიდა და ახლა, ზვიგენთან ზის.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საერთაშორისო ძებნის პროცედურები მიმდინარეობს. მას საბერძნეთში გემით გადააგილებისას, პრობლემები შეექმნა. მას შემდეგ, რაც მას საძიებო სისტემაში ჩასვამენ, გამორიცხავთ, რომ გადაადგილების პრობლემა შეექმნას?

- თვითონ რაც მოყვნენ, რა გამოვიდა, შეუმოწმეს საბუთები და იმის მიუხედავად გაუშვეს, რომ საქართველოს საბერძნეთთან ორმხრივი შეთანხმება აქვს გაფორმებული. საბერძნეთის მხარემ მათი მოთხოვნა არგუმენტად არ მიიღო და სააკაშვილი ჩვეულებრივად გაატარეს. ანუ, რა უხაროდათ, ვერ გავიგე. რაც შეეხება საერთაშორისო ძებნას, მარტივ რაღაცას გეტყვით. ერთადერთი დეპუტატი ვარ, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა. როცა სააკაშვილმა ინტერპოლს წერილი მისწერა და საქმის კურსში ჩააყენა, მათ ხუთ დღეში, ძებნილის სიიდან ამომიღეს და თქვეს, რომ პროცესი არასწორად იყო წარმართული. როგორ ფიქრობთ, სიიდან მე ამომიღეს და სააკაშვილს ჩასვამენ? - ეს გამორიცხულია. ამ შემთხვევამ დაადასტურა, რომ სააკაშვილს არათუ გადმოსცემენ, არამედ ორმხირივი ხელშეკრულების ფარგლებშიც კი არ დააკავებენ. რუსეთს არც მე გადამცემენ, მაგრამ არ მინდა, ყველა ქვეყანაში სამი-ოთხი თვე დამაყოვნონ.

თქვენ რომელ ქვეყნებში ვერ ჩადიხართ?

- სამწუხაროდ, ქვეყნის გარეთ გასვლისგან თავს ვიკავებ. ლიტვას ექსტრადირებაზე უარი აქვს ნათქვამი და არ მაქვს შიში, რომ რუსეთს გადამცემენ, მაგრამ ექსტრადირებისთვის პროცედურა რამდენიმეთვიანია და ამას თავს ვარიდებ.

და ბოლოს... გიორგი ცაგარეიშვილი ითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილმაძონძების ნაცვლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაყიდი საათები დააბრუნოს“. დააბრუნებს?

- ქინძისთავები არ უნდათ?! თავს ვიკავებდი და ასეთ წვრილმანებში არ ჩავდიოდი და საპნის და ჯაგრისების თვლას არ ვიწყებდი, მაგრამ საინტერესოა, ისინი საიდან იძენენ ნივთებს?! ჩემი მეზობელი „ჰაკიმი“ პათოლოგიურად დაცვის რაოდენობას ზრდის და ფუფუნების საგნებს იმატებს. უბანში მისი გასვლა-შემოსვლის დროს, ქალაქის პროკურორი დგას. ღარიბაშვილს ჰგონია, ვინმე დასდევს?!

დაცვის რაოდენობას არც სააკაშვილი უჩიოდა. მისი დაცვის შემადგენლობა შთამბეჭდავი იყო...

- მსგავსი რამ არასოდეს ყოფილა. თუ ასეთი პათოლოგია ღარიბაშვილი, მაშინ მჭიდროდ დასახლებულ ქუჩაზე ნუ იცხოვრებს. კეთილი ინებოს და ან დედოფლის წყაროდან იაროს სამსახურში, ან რეზიდენცია აიღოს. მთელ ქუჩას, ძირითადად მათი მომხრეებით დასახლებულს, ისეთ საფუძველს ნუ უქმნის, რომ ყოველ ღამე გამოდიოდნენ და აგინებდნენ. თუ ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ყურადღების მიღმა იქნება, ძალიან ცდებიან.

ჩემს მეზობელ ღარიბაშვილს ქამარი ამშვენებდა, სადაც „H“ ეწერა. არ ვიცი, „H“ „ჰაკიმს“ ნიშნავდა თუ ჰერმესს, მაგრამ მისი ხარჯების შესწავლას „ჰერმესის“ ქამრიდან დავიწყებ და საათებით და მანქანებით გავაგრძელებ.

თუ ეჭვობთ, რომ მთავრობის წევრები საბიუჯეტო თანხებს ხარჯავენ, ამ საკითხს რატომ არ არკვევთ?

- იმიტომ, რომ გაცილებით დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ. დაწყებული კრიმინალით, დამთავრებული ბიუჯეტის გარღვევით. ამის დროც მოვა.