ანდერს ფოგ რასმუსენი: „საქართველო ნატოს წევრობისთვის მოემზადოს“

ანდერს ფოგ რასმუსენი: „საქართველო ნატოს წევრობისთვის მოემზადოს“

დღეიდან საქართველო ალიანსთან თანამშრომლობის ახალ პაკეტს აამოქმედებს. ამ გზავნილის ავტორი ნატოს გენერალური მდივანია. ნატო-ს სამიტის ფარგლებში პირველი ორმხრივი შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართა საქართველოს პრეზიდენტმა. შეხვედრაზე მხარეებმა სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის კრიზისის ფონზე სამიტს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობის თვალსაზრისით.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება იმ პაკეტზე გაამახვილეს, რომელსაც საქართველოს ამ სამიტის შედეგად მიიღებს. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ქვეყნისთვის ეს იქნება უმნიშვნელოვანესი იმპულსი ნატო-ში ინტეგრაციისთვის მოსამზადებლად და პროცესის უკეთესად წარმართვისთვის.

„ნატო-ს უელსის სამიტზე ჩვენ გავაძლიერებთ ურთიერთობას ნატო-ს პარტნიორებთან, საქართველოს ჩათვლით. ჩვენი თანამშრომლობა ხანგრძლივად გაგრძელდება. ხვალ კი ჩვენ თანამშრომლობის ახალ პაკეტს ავამოქმედებთ, საქართველოს თავდაცვის გაძლიერების დასახმარებლად და საქართველოს ნატო-ს წევრობის მოსამზადებლად“, - აცხადებს ანდერს ფოგ რასმუსენი.

გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტის საბოლოო შედეგი გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებასა და დაცულობას.
„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის და არა მარტო საქართველოსთვის, არამედ იმ პრობლემებისთვის, რაც დგას ალიანსის წინაშე. ჩვენ გვქონდა საშუალება როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური შეხვედრების დროს კიდევ ერთხელ გვესაუბრა ჩვენს მოკავშირეებთან ჩვენი ჩართულობისა და მომავალი გეგმების შესახებ. ყველა ქვეყანა ძალიან აფასებს საქართველოს როლს და იმ პროგრესს, რაც საქართველომ განიცადა, რომელსაც მიაღწია და იმ წინგადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენ გვაახლოებს ალიანსის წევრობასთან“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიაგანცხადებით კი, ნატო-საქართველოს პაკეტი პრაქტიკულად შეთანხმებულია ალიანსის წევრებთან: „ნატო-საქართველოს პაკეტი, რომელიც შემუშავებულია, გვითხრეს, რომ პრაქტიკულად შეთანხმებულია ალიანსის წევრებთან. იგი ითვალისწინებს შემდეგს - საქართველოში გაიხსნას ნატო-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, სადაც მოემზადებიან ნატოელი და პარტნიორი სამხედრო ქვედანაყოფები.

თავდაცვის სამინისტროში და შეიარაღებულ ძალებში წარმოგზავნილი იქნება ნატო-ს სამხედრო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად გაუწევს შემუშავებული პაკეტის განხორციელებას, ცხოვრებაში გატარების კონტროლს. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნატო თანხმდება თავდაცვითი შეიარაღების გაძლიერების, მოწოდების, შესყიდვის კუთხით მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს, რათა საქართველოს ჰქონდეს ის საშუალებები, თავი დაიცვას აგრესიის შემთხვევაში. ასევე გვითხრეს, რომ საქართველო გადადის ახალ ლიგაში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს თავსებადობის ამაღლებისათვის. მინისტრის განცხადებით, საქართველო არის ერთერთი ყველაზე თავსებადი პარტნიორი და ამ გადაწყვეტილებით - საქართველოსთვის პაკეტის მინიჭების შესახებ, - კიდევ უფრო სწრაფად განხორციელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების და ნატო-ს წევრი ქვეყნების თავსებადობის ამაღლება, რაც საბოლოო ჯამში მიმართულია ნატო-ში გაწევრიანებისკენ.

„ამისთვის იქმნება თავდაცვითი შესაძლებლობების საწრთვნელი ცენტრი და ამ ცენტრში იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, რეგიონის წევრი ქვეყნებისთვისაც ასეთი ტიპის შესაძლებლობები. პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური გზავნილებიც, ასევე, ძალიან სერიოზული იქნება საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესის ნატო-ში გაწევრიანების კონტექსტში ასახვის თვალსაზრისით.

დარწმუნებული ვარ, რომ კომუნიკეში კიდევ იქნება დამატებითი, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ჩვენი მეზობელი პარტნიორებისთვის“, - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

მაშ ასე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი უელსში ოფიციალურად გაიხსნა. არსებული და მომავალი უსაფრთხოების გამოწვევების განსახილველად, ნიუპორტში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურები და მთავრობის ხელმძღვანელი პირები უკვე შეიკრიბნენ. სამიტში მონაწილეობას იღებს საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით.

სამიტი ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა გახსნეს. მათ შეხვედრის მნიშვნელობასა და სამიტის მთავარ თემებზე ისაუბრეს. განხილვის ძირითადი საკითხები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია, ასევე, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მზარდი ექსტრემიზმია. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურები ახალ საფრთხეებზეც იმსჯელებენ.