საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, შესაძლოა, ჯერ არ იცის, თუმცა დამფუძნებლები ირწმუნებიან, რომ ამბავი ორჯერ წერილობით აცნობეს. „ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრი“, - ასე ეწოდება „საქართველოს ახალი დემოკრატების“ მიერ შექმნილ ორგანიზაციას, რომლის მთავარი და ერთადერთი მიზანი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ღარიბაშვილის მხარდამჭერების შეგროვება და გაერთიანებაა.
ორგანიზაციის დამფუძნებელი - დავით ხიზანიშვილი; საორგანიზაციო სამსახურის ხელმძღვანელი - ვიტალი მამასახლისი; საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - მარინა მალაზონია; პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი - ედუარდ ფეიქრიშვილი; დაკომპლექტებულია პოლიტსაბჭოც - 20 წევრის შემადგენლობით. თანამდებობები გადანაწილებულია, ორგანიზაციის დამფუძნებლები, ამჯერად, ღარიბაშვილის მხარდაჭერის სამსახურში ჩასარიცხ „რიგით ჯარისკაცებს“ ელიან.
„საქართველომ თავისი ისტორიის მანძილზე უაღრესად რთული და ძნელი გზა განვლო. სამწუხაროდ, ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდებოდა, როგორც ჩვენ გვინდოდა. არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო, საქართველოში ახალი ძალა შექმნილიყო. რადგან ამის მოთხოვნა და აუცილებლობა შექმნილმა ვითარებამ და საზოგადოების მხრიდან წამოსულმა დიდმა სურვილმა გამოიწვია. ამიტომაც 19 მაისს დაარსდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალი დემოკრატები - ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრი“, - განაცხადა „პირველის პრესკლუბში“ გამართულ პრეზენტაციაზე ორგანიზაციის დამფუძნებელმა დავით ხიზანიშვილმა და განმარტა, რომ ახალი ძალა არის ქართული, ეროვნული, სამართლიანი, თავისუფალი, დემოკრატიული და მისაღები იქნება როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ასევე, ცივილიზებული მსოფლიოსთვის.
„დღევანდელი ქართული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ნათელია, რომ ბატონი ირაკლი დიდი გამოწვავების წინაშეა და თუ არ იქნება ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრი და თუ საქართველოს მოსახლეობამ არ დაიცვა თავისი ლიდერი, შესაძლებელია სხვა შედეგები მივიღოთ“, - აცხადებენ „ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრის“ ხელმძღვანელი პირები. ისინი ღარიბაშვილს საკადრო პოლიტიკას უწონებენ და ქვეყანაში სისტემური რეფორმების და ყველაფრის ძირეულად შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ.
„ჩვენს ხელისუფლებას ყველა საკითხზე ჩამოყალიბებული და მტკიცე პოზიცია უნდა ჰქონდეს. ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე რომ ქართველი ხალხის მიერ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მოპოვებული გამარჯვება წყალში ჩაიყაროს და ხელისუფლებაში ისევ სახეშეცვლილი ძველი ძალა დაბრუნდეს“, - აცხადებს დავით ხიზანიშვილი.
For.ge-ს კითხვაზე, იცის თუ არა თავად ირაკლი ღარიბაშვილმა მათ მიერ შექმნილი ორგანიზაციის შესახებ და თუ აქვთ უშუალო კავშირი მასთან,- ხიზანიშვილი განმარტავს, რომ დღემდე ორი ოფიციალური წერილი შეიტანეს სახელმწიფო კანცელარიაში და პრემიერის თანამშრომლებთანაც ჰქონდათ საუბარი. თავად ირაკლი ღარიბაშვილს კი ჯერ არ შეხვედრაიან და მასთან აუდიენციას ყოველდღე ელოდებიან.
ჩვენ მორიგ კითხვაზე, თუ რატომ სურთ მაინცდამაინც ღარიბაშვილის და არა, ვთქვთ, ჭიკაიძის, ან, საერთოდ, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა? - მხარდამჭერთა ცენტრის ხელმძღვანელის არგუმენტი ასეთია: „ეგ ადამიანი არის ერთადერთი ნათელი წერტილი და ლიდერი საზოგადოებისთვის“. ხიზანიშვილი განმარტავს, რომ ხელისუფლებაში მყოფ გუნდს ასევე მხარს უჭერს, მაგრამ ამ ეტაპზე განსაკუთრებული დაცვა, სწორედ, ირაკლი ღარიბაშვილს სჭირდება, რადგან ყველაზე ბევრი პოლიტიკური მტერი მას ჰყავს.
დავით ხიზანიშვილი ჟურნალისტებთან საკუთარ ბიოგრაფიულ მონაცემებზეც საუბრობს. ამ თვალსაზრისით, მის „ანგარიშზე“ ირიცხება საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალ „კრისტალის“ რედაქტორის გამოცდილება, ასევე იყო გასართობი გაზეთების „სიყვარულის სამყაროსა“ და „პაემანის“ გამომცემელი. დაფუძნებული აქვს სოციალურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, სამი წლის წინ კი „საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდი“ შექმნა. ხიზანიშვილი განმარტავს, რომ ლევან ვასაძესთან და მის „დემოგრაფიული აღორძინების ფონდთან“ კავშირი არ აქვს.
ახლად შექმნილი ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ფინანსური დონორები არ ჰყავთ და საჭირო ხარჯებს საწევრო შენატანებით ფარავენ.
„ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრის“ საორგანიზაციო საქმის ხელმძღვანელი ვიტალი მამასახლისი კი იმ პროცედურებსაც განმარტავს, თუ როგორ უნდა გახდნენ მოქალაქეები ღარიბაშვილის ორგანიზებული მხარდამჭერები.
„ახალი დემოკრატების წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი. უნდა წარმოადგინოს პირადი განცხადება და ორი ფოტოსურათი“, აცხადებს მამასახლისი და აღნიშნავს, რომ მათი ორგანიზაციით უკვე ბევრი ადამიანია დაინტერესებული.
„თბილისსა და მთელ საქართველოში უკვე დაწყებული გვაქვს მხარდამჭერებისა და თანამოაზრეების გაერთიანება. ამ ეტაპზე გვყავს 500-ზე მეტი აქტივისტი და 3 ათასამდე მხარდამჭერი სოციალურ ქსელში. რეგიონებიდან და რაიონებიდან გვირეკავენ ადამიანები. უნდათ რომ რაიონული სტრუქტურები ჩამოყალიბდეს. მალე დავიწყებთ რეგიონული ოფისების გახსნას და მსურველების გაწევრიანებას“, - აღნიშნავს „ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრის“ საორგანიზაციო საქმეების ხელმძღვანელი.
პრემიერის ორგანიზებული მხარდაჭერისა და დაცვის ინიციატორებს პოლიტიკური მიზნები აქვთ. არჩევნებში მონაწილეობა ჯერ არ გადაუწყვეტიათ, თუმცა სარჩევნო ბრძოლებში ჩართვას არ გამორიცხავენ. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პოლიტიკურ ველზე „ქართულ ოცნებასთან“ ერთად იბრძოლებენ.
მანამდე კი უკვე გადაწყვეტილი აქვთ მასშტაბური კონფერენციის გამართვა. ამ მიზნით, დაახლოებით ერთ თვეში, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შეიკრიბებიან და საზოგადოებას საკუთარ გეგმებს დაწვრილებით მოუყვებიან.